The Divine Science

Aug 10, 20202 min

მართლმადიდებელ მწყემსმთავართა განჩინება და ხელმოწერები წმინდა და დიდი კრების მოწვევის შესახებ


მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა წმინდა სინაქსისი

შამბეზი, 21-28 იანვარი 2016 (ამონარიდი)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევით შეიკრიბნენ, უწმინდესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უნეტარესი მწყემსმთავარნი და ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქ იოანე X-ს, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე II-ისა და ვარშავისა და სრულაიდ პოლონეთის მიტროპოლიტ საბას წარმომადგენლები, სინაქსზე [კრებაზე], რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზში (ჟენევაში) 2016 წლის 21-დან 28 იანვრამდე ჩატარდა, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგი, რითაც დასრულდა წინამოსამზადებელი სამუშაოები. აქედან გამომდინარე მწყემსმთავრებმა განაჩინეს:

1. წმინდა და დიდი კრება ღვთის წყალობით შედგება კოლიმბარში, კისამოს (კრეტის) მართლმადიდებლურ აკადემიაში, 2016 წლის 18-დან 27 ივნისამდე. იგივე თვის 18 რიცხვში, სულის შაბათს აღესრულება საღმრთო ლიტურგია და წმინდა პანაშვიდი მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის მებრძოლთა და გარდაცვლილთა სულთა საოხად, ასევე წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელ სამუშაოში მონაწილე გარდაცვლილ ჩვენს მამათა და ძმათათვის. სულთმოფენობის დიდ დღესასწაულზე კი აღესრულება მართლმადიდებელ მწყემსმთავართა ერთობლივი საღმრთო ლიტურგია ირაკლიონის წმინდა მინას ტაძარში. კრების სამუშაოები დაიწყება ორშაბათს საღმრთო ლიტურგიის შემდეგ და დასრულდება კვლავ ყოველთა წმინდათა დღეს კვირის წირვით.

2. სპეციალური კომისია, შემდგარი ყოველი ადგილობრივი ეკლესიის ერთი წარმომადგენლისგან, რომლებიც თებერვლის ბოლომდე უნდა დასახელდნენ, 9-დან 16 ივნისამდე შეიკრიბებიან კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში, რათა შეადგინონ კრების გზავნილის ტექსტი, რომელიც მართლმადიდებელი მწყემსმთავრების მიერ იგივე თვის 17 რიცხვში იქნება გადახედილი და დამტკიცდება წმინდა და დიდ კრებაზე.

3. წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგი შედგება შემდეგი საკითხებით:

ა) მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

ბ) მართლმადიდებლური დიასპორა. წმინდა სინაქსმა აღნიშნა, რომ IV წინასაკრებო პანორთოდოქსული შეხვედრის (2009) მიერ შედგენილი დოკუმენრი საეპისკოპოსო ასამბლეათა ინსტიტუტის შესახებ, მართლმადიდებლურ დიასპორაში წარმატებით იმუშავა და გამოჩნდა, რომ პრობლემებიც გადაჭრა, რადგან ის პრაქტიკაში წარმოაჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას და ხელს უწყობს თანამშრობლობას დიასპორაში მართლმადიდებელ მორწმუნეთა სასარგებლოდ. ასევე აღინიშნა ეკლესიის კანონიკურ წყობაზე გადასვლის აუცილებლობაც. აქედან გამომდინარე გადაწყდა წმინდა და დიდ კრებაზე იქნეს გატანილი დოკუმენტი და მანამ შენარჩუნდეს ეს სისტემა, სანამ ვითარება კანონიკური აკრიბიის გამოყენების შესაძლებლობას არ მოგვცემს.

გ) ავტონომია მართლმადიდებელ ეკლესიაში და მისი გამოცხადების წესი.

დ) ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები.

ე) მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს.

ვ) მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობები დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემდეგი საკითხების შესახებ ვერ მოხდა შეთანხმება მრავალი წინამოსამზადებელი პანორთოდოქსული კომისიის შეხვედრების მიუხედავად, რის გამოც წინასაკრებო ასამბლეამ არ დაამტკიცა და არ გადასცა ეს თემები წმინდა და დიდ კრებას, ამიტომაც ეს საკითხები არ არის დღის წესრიგში: ა) ავოკეფალია მართლმადიდებელ ეკლესიაში და მისი გამოცხადების წესი და ბ) დიპტიქი. მათი განხილვა იგეგმება მომავალში. ამის გამო გადაწყდა, რომ ყოველი ეკლესია თავისუფალია მიჰყვეს მათ მიერ დადგენილ დიპტიქს.

რაც შეეხება კალენდრის საკითხს, გადაწყდა, რომ ყოველი ეკლესია თავისუფალია გამოიყენოს ის კალენდარი, რომელიც აქამდე გააჩნდა, მათი სამწყსოს სულიერი განვითარებისათვის, მაგრამ ისე, რომ ამან გავლენა არ იქონიოს მართლმადიდებელთა აღდგომის ერთობლივად აღნიშვნაზე.

4. იქმნება წმინდა და დიდი კრების პანორთოდოქსული სამდივნო, შემდგარი ყოველი ეკლესიიდან ერთი წარმომადგენლით, რომელიც თებერვლის ბოლომდე უნდა დასახელდეს.

ხელმოწერები:

- კონსტანტინოპოლელი ბართლომეოსი, თავმჯდომარე

- ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორე მეორეს წარმომადგენელი, ლეონდოპოლის მიტროპოლიტი გაბრიელი

- ანტიოქიის პატრიარქ იოანე მეათეს წარმომადგენელი მიტროპოლიტი ისააკი (არ აწერს ხელს)

- იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამეს წარმომადგენელი, კონსტანტინის მთავარეპისკოპოსი არისრატქოსი

- მოსკოვის პატრიარქ კირილეს წარმომადგენელი, კიევის მიტროპოლიტი ონუფრე

- სერბეთის პატრიარქი ირინეოსი

- რუმინეთის პატრიარქი დანიელი

- ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე

- საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

- ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი

- ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს წარმომადგენელი, ილიის მიტროპოლიტი გერმანე

- ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას წარმომადგენელი, სიემატიჩეს ეპისკოპოსი გიორგი

- ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი

- პრეშოვის მთავარეპისკოპოსი და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი რასტისლავი

ორიგინალი დოკუმენტი:

    430
    0