top of page
Post: Blog2_Post

აღდგომის, იგივე პასქალიის თარიღის გამოთვლა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად

ნიკოლოზ გურგენიძე

თეოლოგიის ბაკალავრი


მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი შესწორებული კალენდრის შემოტანამ მრავალი კითხვა გაუჩინა მათ, ვინც არ იცნობენ კანონიკურ სამართალს და ამ საკითხით დაინტერესებულნი დაპირისპირებამდეც კი მიიყვანა. ასეთი საკითხი აღმოჩნდა აღდგომის, ესეიგი პასქალიის ზუსტი თარიღის გამოთვლა. წინამდებარე სტატიის მიზანია მკითხველს გააცნოს ის დეტალები, რის მიხედვითაც ხდება აღდგომის ზუსტი თარიღის დადგენა.

ყოველი ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ აღდგომის ყოვლადწმინდა და საუფლო დღესასწაული მოძრავია, მიზეზი კი ბევრისთვის უცნობია. ამ ნეტარი დღის მოძრაობას განსაზღვრავს ებრაული (ჰურიათა) პასექის მოძრაობა, ხოლო ებრაული პასექის მოძრაობას კი ძველი აღთქმა, კერძოდ კი ლევიტელთა და რიცხვთა წიგნები: „პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა, და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა“ (ლევ. 23, 5-6), „თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა, და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ“ (რიცხვ. 28, 16-17). მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მამები დაახლოებით ადგენენ უფლის აღდგომის დღეს, ეკლესიამ ის მაინც მოძრავად აქცია, რადგან გარკვეული მიზეზების გამო არ შეიძლება ებრაელთა პასექამდე ან პასექის დროს აღინიშნოს ეს დღე, თუ რატომ ამას ქვემოთ მიმოვიხილავთ. მოციქულთა მეშვიდე კანონმა დაადგინა, რომ ის, ვინც აღდგომას - ა) საგაზაფხულო ბუნიობის წინ და ბ) ებრაელებთან ერთად იდღესასწაულებს განიკვეთოს[1]. ანტიოქიის კრების პირველი კანონი კი მკაცრად კრძალავს ებრაელების პარალელურად ქრისტიანული აღდგომის აღნიშვნას. მთავარი მიზეზი კი ღრმა თეოლიგიურია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ებრაელთა პასექის დღესასწაული უკავშირდება მესიის მოლოდინს, ქრისტიანთა პასექის (აღდგომის) დღეს კი უკვე მოსული მესიის აღდგომას დღესასწაულობს.

325 წელს ნიკეაში მოწვეულმა პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ განსაზღვრა აღდგომის თარიღის გამოთვლის კონკრეტული მეთოდი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის[2]. თუ გადავხედავთ კესარიის ეპისკოპოს ევსევის მიერ დაწერილ კონსტანტინე დიდის ცხოვრებას, შევხვდებით ერთ ვრცელ ეპისტოლეს, რომელიც იმპერატორმა ადგილბრივ ეკლესიებს დაუგზავნა და გააცნო ნიკეის წმინდა და მსოფლიო კრების განჩინება. ის აღნიშნავს, რომ დიდი უღირსება იქნება თუ ეს უწმინდესი დღე ებრაული ჩვეული ტრადიციით აღინიშნება, ამიტომ აუცილებელია მისგან განსხვავებული იყოს. ის მოუწოდებს ეკლესიებს, ერთ დღეს აღნიშნონ ეს უდიდესი დღე მომდევნო საუკუნეების განმავლობაშიც. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გამოგვაქვს დასკვნა, რომ ამგვარი განჩინების მიღება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ხშირად აღგდგომის დღე წელიწადში ორჯერაც კი აღინიშნებოდა: „Δεὐτερον γὰρ τὸ Πάσχα ἐν ἑνὶ ἐνιαυτῷ οὐκ ἄν ποτε ποιεῖν ἀνεξόμεθα“. წმინდა კონსტანტინე აღნიშნავს, რომ მესიას სურს მისი კათოლიკე ეკლესია იყოს ერთი, რომელიც მრავალ ადგილას არის გაშლილი, მაგრამ დაუშვებელია ერთ დღეს ზოგი მარხულობდეს და ზოგი იხსნილებდეს და დღესასწაულობდეს[3]. კონკრეტული ეპისტოლე არ გვაწვდის სხვა სახის ინფორმაციას ან მითითებას, თუ როგორ უნდა იქნეს გამოთვლილი აღდგომის დღესასწაული. წმინდა კათოლიკე მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მამათა მიერ ოთხი ძირითადი კრიტერიუმი დაადგინა, რომელთა მიხედვითაც უნდა გამოითვალოს აღდგომის დღე. ესენია: ა) საგაზაფხულო ბუნიობა (ისე, როგორც ეს პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა), ბ) საგაზაფხულო ბუნიობის პირველი სავსემთვარეობა, გ) ქრისტიანთა აღდგომა აუცილებლად ებრაელების პასექის შემდეგ უნდა აღინიშნებოდეს, და დ) აღდგომის დღე იქნება პირველი კვირა საგაზაფხულო ბუნიობის პირველი სავსემთვარეობის შემდეგ[4]. ეს ოთხი უმთავრესი მითითება გახლავთ თუ როგორ არის შესაძლებელი აღდგომის თარიღის პოვნა.

პირველი ათასწლეულის ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი საინტერესო წიგნის „მოციქულთა განწესებანის - Διαταγαί Ἀποστόλων“ კვლევისას, რომელსაც წმინდა კლიმენტი რომაელს მიაწერენ და შედგენილია 380 წელს[5] ვხვდებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას აღდგომის დღის გამოთვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების სრული განჩინება არ შემოგვრჩა, არც კრების სრული ოქმები, არამედ მხოლოდ ეპისტოლეები და წმინდა მამათა მოწმობები. მოციქულთა განწესებანი კი გახლავთ თითქმის ნიკეის კრების დროინდელი ნაშრომი, სადაც აღნიშნულია, რომ სრული სიზუსტით გამოითვალოს საგაზაფხულო ბუნიობის თარიღი, რომელიც თვის 22 რიცხვში ხდება და ეს აუცილებლად კვირა დღეს მოხდეს[6].

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, გახლავთ, ებრაელების პასექის მომდევნო კვირას აღნიშვნა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ებრაელებისთვის ეს დღე გამოხსნასთან და მესიის მოსვლასთან არის დაკავშირებული. ქრისტიანებისთვის ეს უკვე მოსული მესიის მიერ ჩვენი გამოხსნის დღედ იწოდება. წმინდა წერილში ვკითხულობთ: „და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი (მათ. 26, 1-4)“. აქედან ვიგებთ, რომ ქრისტეს აღდგომა სწორედ ებრაული პასექის შემდეგ მოხდა. იმ შემთხვევაში კი თუ ებრაელებთან ერთად აღვნიშნავდით აღდგომას, წესით ეს ქრისტეს ჯვარცმის დღე იქნებოდა და არა აღდგომის. ამ კრიტერიუმის დაუცველად შეუძლებელია ვიპოვოთ აღდგომის თარიღი.

ზუსტი თარიღის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ დაახლოებით როდის არის საგაზაფხულო ბუნიობა. ამის შესახებ ცნობას წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი „პიდალიონში“ გვაწვდის. ბერძნულ ენაზე ბუნიობას ეწოდება „ἰσημερία“, ეს არის დღეს, როდესაც დღე და ღამე ხანგრძლივობით აბსოლუტურად თანაბარია და ქმნიან ბუნიობას. წელიდადში სულ ორ ბუნიობას ვხვდებით, საგაზაფხულოსა და საშემოდგომოს. საშემოდგომო ბუნიობა ხდება სექტემბერში, როდესაც მზე სასწორის ზოდიაქოს პირველ რიგში გადაინაცვლებს. საგაზაფხულო ბუნიობა კი მარტის თვეში ხდება, როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოს პირველ რიგში მოხვდება. საგაზაფხულო ბუნიობის დროს მზის მოძრაობა არ არის ყოველთვის ერთნაირი. კვლავ წმინდა ნიკოდიმოსი გვაუწყებს, რომ მოციქულთა ეპოქაში ბუნიობა 22 მარტს დაემთხვა, ხოლო პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პერიოდში 21 მარტს[7]. „ახლა კი ჩვენ დროს ეს ხდება 11 ან 10 მარტს[8]“ აღნიშნავს წმინდა მამა. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთ წელიწადში დღის ხანრგძლივობის შემოკლების გამო თითო დღეს ვკარგავდით. როგორც ჩვენთვის ცნობილია მთაწმინდელმა კანონისტმა ცნობილი კანონთა კრებული „პიდალიონი“ 1793 წელს შეადგინა. ესეიგი 1414 წელი იყო განსხვავება მასსა და პირველ მსოფლიო კრებას შორის, სადაც მოხდა სრული 10 დღის დაკარგვა, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ აღდგომის თარიღის გამოთვლა, რომელიც ნიკეის პირველმა მსოფლიო კრებამ დაადგინა ირღვეოდა და შესაძლოა ებრაელთა პასექამდე მომხდარიყო ქრისტიანული აღდგომის აღნიშვნა. რადგან თუ 10 მარტს იქნებოდა საგაზაფხულო ბუნიობა, მაშინ სავსემთვარეობა დაახლოებით ოთხ კვირაში მოუწევდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საგაზაფხულო ბუნიობის სავსემთვარეობას ტრადიციული მეთოდით 20 დან 25 მარტამდე დავადგენდით და ამის შემდეგ ვიპოვიდით სავსემთვარეობის დღეს, მაშინ აღდგომა დაახლოებით 5 დან 8 დღეში მოუწევდა, აქედან გამომდინარე ებრაელთა პასექსაც გაუსწრებდა. თესალონიკელი დიდი კანონისტი მათე ვლასტარისიც (1290-1360) კი დღეების ნაკლებობაზე საუბრობს და საგაზაფხულო ბუნიობას 18 მარტს ადგენს, ხოლო მისი გამოთვლებით სამასი წლის შემდეგ კიდევ ერთი დღე გვექნებოდა დანაკარგი და 18-დან 17 დღეზე ჩამოვიდოდით. ვლასტარის გამოთვლებით ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი 23 მარტის შუაღამეს უნდა მომხდარიყო[9]. ბიზანტიელი ცნობილი კანონისტი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (1140(?)-1195(?)) კართაგენის კრების 73-ე კანონის განმარტებაში აღნიშნავს, რომ ებრაელთა პასექი იდღესასწაულება 21 მარტისა და 18 აპრილის შუალედში, ხოლო ქრისტიანთა აღდგომის დღესასწაულობა აუცილებლად 23 მარტსა და 25 აპრილს შორის უნდა მოხდეს[10]. სავსემთვარეობის დღისა და ებრაული პასექის პოვნის შემდეგ მაშინვე მომავალი კვირა დღეს უნდა ვიდღესასწაულოთ აღდგომა. იმ შემთხვევაში თუ ებრაული პასექი დაემთხვა კვირის ნებისმიერ დღეს, მაგალითად ხუთშაბათს, ან კიდევ უშუალოდ კვირას, პირველის შემთხვევაში შესაძლოა იგივე კვირის კვირა დღეს ვიდღესასწაულოთ აღდგომა, ხოლო თუ კვირა დღეს დაემთხვა, მაშინ მომავალ კვირა დღეს გადავა ქრისტიანული აღდგომა[11].

უკეთ გასაგებად შეგვიძლია აქვე გამოვთვალოთ წესით როდის იქნება 2021 წელს აღდგომა. მომავალ წელს 23 მარტის შემდეგ სავსემთვარეობა 28 მარტს ემთხვევა, ებრაული პასექი კი შაბათს, 27 მარტს უწევს. აქედან გამომდინარე ზემო აღნიშნული კანონიკური კრიტერიუმების თანახმად ქრისტიანთა აღდგომა უნდა აღინიშნოს 28 მარტს ან უგვიანეს შემთხვევაში 4 აპრილს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული სააღდგომო კალენდარი შეიცავს გარკვეული სახის უზუსტობებს.

2022 წელს აღდგომა მოუწევს 17 ან 24 აპრილს: ა) სავსემთვარეობა - 16 აპრილი, ბ) ებრაული პასექი - 15 აპრილი, გ) პირველი კვირა 17 ან 24 აპრილი.

2023 წელს 9 აპრილს: ა) სავსემთვარეობა - 7 აპრილი, ბ) ებრაული პასექი - 5 აპრილი, გ) პირველი კვირა - 9 აპრილი.

2024 წელს 28 აპრილს: ა) სავსემთვარეობა - 25 აპრილი, ბ) ებრაული პასექი - 24 აპრილი, გ) პირველი კვირა - 28 აპრილი.

2025 წელს 13 აპრილს: ა) სავსემთვარეობა - 13 აპრილი, ბ) ებრაული პასექი - 12 აპრილი, გ) პირველი კვირა - 13 აპრილი.


______________________ [1] „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს“. [2] 325 წელს ნიკეის კრებამ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსს დაავალა პასქალიის გამოთვლა, ამის გამო ალექსანდრიელი მწყემსმთავრები სააღდგომო ეპისტოლეებს აქვეყნებდნენ, სადაც აღდგომის თარიღს იუწყებოდნენ. ეს ტრადიცია მეოთხე მსოფლიო კრებამდე (451) შენარჩუნდა - http://www.myriobiblos.gr/books/book1/eisagogika3.htm#70_bottom. [3] Βίος Κωνσταντίνου, Ευσεβίου Καισαρείας Δ΄ ΕΠΕ, გვ. 363-365. [4] Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων ΣΤ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, 1859 Αθήνησιν, გვ. 420. Νικοδήμου του Αγιορείτου, Πηδάλιον, εκ. της τυπογραφίας του εκδότου Κωνσταντινίου Γκραπόλα, εν Αθήναις 1841, გვ. 5-6. [5] Χρήστου Π., Χριστιανική Γραμματολογία Α’, εκδ. Κυρομάνος, Θεσσαλονίκη 2005, გვ. 32. [6] Διαταγαί Ἀποστόλων, Ε΄ 17, ΒΕΠΕΣ 2, გვ. 89. [7] Νικοδήμου του Αγιορείτου, Πηδάλιον, εκ της τυπογραφίας του εκδότου Κωνσταντινίου Γκραπόλα, εν Αθήναις 1841, გვ. 5-6. [8] იგივე. [9] Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων ΣΤ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, Αθήνησιν 1859, გვ. 405-406. ამის შესახებ მის მიერ შედგენილ კანონთა კრებულის მეშვიდე თავში საუბრობს. [10] Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων Γ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, Αθήνησιν 1853, გვ. 490. [11] «Καἰ οὕτω μὲν ἐν τῷ νομικῷ πάσχα ποστὴ τοῦ μηνὸς ἡμέρα εὑρίσκεται. Δεῖ δὲ σε εἰδεναι καὶ ποία ταύτῃ συνέρχεται τῆς ἐβδομάδος ἡμέρα, ὠς ἅν ἐκεῖθεν ἐπί τὴν κυριακὴν ἐρχόμενος, καὶ τὴν ἐν αὐτῇ τοῦ μηνὸς αὖθις καταλαμβάνων ποστὴν, ἐκεῖ τὀ Χριςτιανικὸν τελούμενοςν πάσχα γινώσκης» - Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων ΣΤ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, Αθήνησιν 1859, გვ. 418. ____________________

გამოყენებული ლიტერატურა


- Βίος Κωνσταντίνου, Ευσεβίου Καισαρείας Δ΄ ΕΠΕ.

- Διαταγαί Ἀποστόλων, Ε΄ 17, ΒΕΠΕΣ 2.

- Νικοδήμου του Αγιορείτου, Πηδάλιον, εκ της τυπογραφίας του εκδότου Κωνσταντινίου Γκραπόλα, εν Αθήναις 1841.

- Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων Γ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, Αθήνησιν 1853.

- Ράλλη Α.Γ., Ποτλή Μ., Σύνταγμα των Θείων και Ιερών Κανόνων ΣΤ’, εκ του τυπογραφείου της Αυγής, Αθήνησιν 1859.

- Χρήστου Π., Χριστιανική Γραμματολογία Α’, εκδ. Κυρομάνος, Θεσσαλονίκη 2005.

ინტერნეტ მასალა:

- http://www.myriobiblos.gr/books/book1/eisagogika3.htm#70_bottom.

bottom of page