ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე
20-21 ნოემბერს მოულოდნელად იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მოსკოვში ჩადის, რის დროსაც იგი რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს ხვდება. ამ ვიზიტის ფარგლებში ერთიბლივი საღმრთო ლიტურგიაც აღასრულეს ორმა ეკლესიის მწყემსმთავარმა, მაგრამ მოსკოვის პატრიარქის მხრიდან იერუსლიმელის დამცირებას ჰქონდა ადგილი, რადგან მოსკოველმა მასზე საეკლესიო დიპტიქით უპირატესი თანამწირველად დაიყენა და წირვას თვითონ წარიძღვა, ეს არ იკმარა და ეპისკოპოსის იისფერი მანტიაც ჩააცვა (აქ ჩანს თუ ვის სურს მართლმადიდებელი ეკლესიის “პაპობა”). რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად იერუსალიმის პატრიარქი მოსკოვიდან აცხადებს, რომ ის საერთომართლმადიდებლური კრების მოწვევას აპირებს, რაც მის უფლებებს აღემატება და კანონიკური თვალსაზრისით უდიდესი დარღვევაცაა. ამის შემდეგ მწყემსმთავრებს მოსაწვევებიც დაუგზავნა რაზეც ზოგმა პასუხიც არ გასცა.
სინამდვილეში ამ კრების უკან რა თქმა უნდა რუსეთის ეკლესიის იმპერიალისტური და სრულიად არამართლმადიდებლური მიზნები იმალება, რომლებიც მიმართულია ეკლესიის იმ უძველესი ტრადიციებისა და სწავლებების დამხობისკენ, რომლებიც ამდენი საუკუნეების მანძილზე უცვლელად შემოინახა. “კრების” რეალური მიზეზი არ არის უკრაინის საკითხი, არამედ მოსკოვის ეკლესიას სჭირდება ერთი მოუმზადებელი კრება (ხაზს ვუსვამთ “მოუმზადებელ კრებას!!!), რათა ზეწოლა მოახდინოს მართლმადიდებელ მწყემსმთავრებზე და პირველსაყდრობა აიღოს ხელში. ამ მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა გზებით გამოიყენეს იერუსალიმის პატრიარქი, რათა მიაღწიონ იმას, რასაც ამდენი ხანია რუსები ოცნებობენ. რამოდენიმე ეკლესიამ უკვე ოფიციალურად უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობაზე, რადგან ასეთ კრებას მხოლოდ მსოფლიო პატრიარქი იწვევს, როგორც პირველი ეპისკოპოსი. შეუძლებელია და კანონიკურად ანომალიურია ეკლესია, რომელიც რიგით მეოთხეა კრებაზე მოიწვიოს ისეთი ეპისკოპოსები (მსოფლიო პატრიარქი, ალექსანდრიის და ანტიოქიის პატრიარქები), რომლებიც მასზე უპირატესობი არიან, ასეთი ანომალიური შემთხვევა ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. დღეს წავიკითხეთ, რომ რუმინეთის ეკლესია ამ “კრებას” არ აღიარებს საერთომართლმადიდებლურ კრებად არამედ, როგორც ჩვეულებრივ “ძმურ შეხვედრას”, რადგან ეს არ მოწვეულა მსოფლიო პატრიარქის მიერ, ამიტომაც ეკლესიის მწყემსმთავარს არ წარგზავნის იორდანიაში, არამედ უბრალოდ წარმომადგენლობას. ასევე ამ “კრების” ბუნებიდან გამომდინარე ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულო იქნება სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ან კიდევ ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს ეკლესიის ადმინისტრაციულ თუ საღვთისმეტყველო საკითხებში.
ფაქტები მეტყველებენ, რომ ეს “კრება” მალავს რუსულ ანტიქრისტიანულ მიზნებს, რომლებიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ვფიქრობ მათ ვინ ეკლესიის ისტორია წაუკითხავს (განსაკუთრებით საქართველოს ეკლესიის ისტორია) ეცოდინება, თუ რა შედეგები მოიტანა მსოფლიო მართლმადიდებლობაში რუსეთის ეკლესიის გამოჩენამ.
ბოლოს კი ჩნდება კითხვა, ანტიოქიის ეკლესიამ 2016 წელს აღნიშნა, რომ წმინდა და დიდ კრებაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან იერუსალიმის ეკლესიასთან გაწყვეტილი აქვს კავშირი (დღემდე). თუ ანტიოქია 2016 წელს ვერ დაესწრებოდა კრებას ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, ახლა როგორ შეძლებს ამას, მაშინ როცა ეს პრობლემა კიდევ გადაუჭრელია?
რუსეთის ეკლესია, რომელიც ასე “თავდადებით” იბრძვის ადგილობრივ ეკლესიათა ერთობის დასაცავად, რატომ არ გამოცხადდა 2016 წელს კრებაზე, რომელიც სწორედ ამ საკითხისთვის მუშაობდა?
საქართველოს ეკლესიამ, რომელმაც სინოდური დადგენილებით უარი განაცხადა 2016 წელს კრებაში მონაწილეობაზე და ერთ-ერთ მიზეზად ორ ეკლესიას (ანტიოქია-იერუსალიმი) შორის ევქარისტიული ერთობის არარსებობა დაასახელა. ასევე საქართველოს ეკლესიამ წმინდა და დიდ კრებაზე არდასწრების მიზეზად დაასახელა დოკუმენტებზე უთანხომება (ისევე, როგორც ბულგარეთის ეკლესიამ), მაშინ, როცა დოკუმენტების შინაარსი წინასწარ იცოდა მაინც უარი განაცხადა კრებაში მიეღო მონაწილეობა (რა თქმა უნდა უნდა წასულიყო წმინდა და დიდ კრებაზე და უთანხმოების შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა დოკუმენტებს). ბოლოს კი ისმის კითხვა: ახლა, როდესაც იორდანიის “კრების” დღის წესრიგიც კი ყველასთვის უცნობია, როგორ მიიღებს საქართველოს ეკლესია მონაწილეობას ასეთ კრებაში?
Comments