მსოფლიო საპატრიარქო 05.01.2020
ყოვლადუწმინდესო მთავარეპისკოპოსო კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო ბართლომეოს,
კურთხეულ არს სახელი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა!
კურთხეულ არს სახელი კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისა!
კურთხეულ არს თქვენი წმიდა პიროვნება!
მრავალი საუკუნის განმავლობაში ველოდებოდით შარშანდელ თარიღს, 2019 წლის 5 იანვარს! ღმერთმა დააგვიანა ჩვენი ლოცვის, ცრემლის, თხოვნის, ტკივილისა და ტანჯვის შესმენა, მაგრამ მან ეს საუკეთესო გზით გააკეთა! ისტორია 1686 წლიდან ელოდებოდა ერთ დიდ და ბრძენ პატრიარქ ბართლომეოსს, რათა მოესმინა თუ რას ამბობდა ჩვენი სული, გაეგო ჩვენი პრობლემები და ყველაფერი ეს გადაეჭრა ერთი კურთხეული გზით - ავტოკეფალიით.
დღეს თქვენს შორის მყოფი ვდგავარ როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ეპიფანეს წარმომადგენელი, რომელიც არის დაუღლელი მწყემსმთავარი და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დადის, რათა ემსახუროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას.
ჭეშმარიტად ასეთი მწყემსმთავარი სჭირდებოდა უკრაინას - განათლებული, დინჯი, ლიდერობის უნარით, სიყვარულით, უფლის შიშითა და ეკლესიის სიყვარულით აღსავსე. მე კი მიხარია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგაზრდაა, იქცევა იმგვარად, თითქოს დიდი ასაკი ჰქონდეს. იყავით დარწმუნებული, რომ მე ის მიყვარს და მხარს ვუჭერ იმ რთულ საქმეში, რაც მან საკუთარ მხრებზე აიღო.
2019 წელი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ჩვენ ეკლესიაზე ბევრი ტყუილი გავიგონეთ. ისმოდა ხმები, რომ კონსტანტინეპოლი გვაკონტროლებს, მაშინ, როცა ავტოკეფალიის ტომოსი გადმოგვცა, მაგრამ პირიქით, ისინი, ვინც თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად წარმოაჩენენ, სწორედ ესენი იღებენ დაკვეთებსა და ბრძანებებს გარედან.
ბრალს გვდებდნენ ცრუ ხელდასხმებში, თვითხელდასხმებსა და კიდევ მრავალ საშინელ რამეში, მაგრამ ჩვენ ამ ცილისწამებებს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ძალით ვუპასუხეთ. უკვე დიდი ხანია ჩვენი ხელდასხმის დოკუმენტები აქ, მსოფლიო საპატრიარქოში არის. ნეტარხსენებული კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმერი გვღებულობდა, როგორც მღვდელმთავრებს, არასდროს უსაუბრია ხელახლა ხელდასხმის შესახებ, საჩუქრად პანაღიებსაც გვაძლევდა. მან არ იცოდა?! მხოლოდ დღეს იციან?! არასდროს საუბრობდნენ ხელახლა ხელდასხმის შესახებ! მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდნენ - თავი დაგვენებებინა კონსტანტინეპოლისთვის! მათ არ სურდათ, რომ ჩვენ თქვენთან გვქონოდა კავშირი, მაგრამ რომელ ბავშვს არ აქვს საკუთარ დედასთან კავშირი?!
და თუ როდესმე ჩვენ სქიზმაში აღმოვჩნდით, ეს იმიტომ მოხდა, რომ კურთხეულ უკრაინელ ერს არ სურდა გამხდარიყო უცხო ძალების სათამაშო. ჩვენ გვსურდა ჩვენი უკრაინის დედაეკლესიის ტრადიციების თანახმად მართულიყო, სწორედ იმით, რაც მივიღეთ წმიდა ვლადიმერის ნათლობიდან. ჩვენ გვსურდა ჩვენს ეკლესიას ქრისტეს სურნელება ჰქონოდა და არა ოქროსი. ჩვენი უკრაინული ენა გვსურდა, ჩვენი ტრადიცია! სწორედ ამის გამო აღმოვჩნდით სქიზმაში, რა დროსაც თქვენ გადაგვარჩინეთ და დაგვიხსენით ამისგან!
თქვენი მადლობლები ვართ. მთელი ჩვენი ძალით მადლობას გიხდით! სანამ პირში სული გვიდგას, მუდამ ამაზე ვისაუბრებთ, რამოდენა სიკეთე გაგვიკეთა კონსტანტინეპოლის დედაეკლესიამ. ამას ვასწავლით ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობებს. უკრაინის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი დარჩება წმიდა ასოებით ჩაწერილი: ერთი - მთავარ ვლადიმერის მონათვლა და მეორე - ავტოკეფალიის ტომოსი. ეს ყველაფერი, ეს სიკეთე თქვენ გააკეთეთ! თქვენ ხელი გამოგვიწოდეთ და სიბნელიდან ნათელში გაგვიძეხით ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ!
გვიყვარხართ, თქვენო ყოვლადუწმიდესობავ! გადმოგცემთ უნეტარესის ძმურ მოკითხვასა და ჩვენი ეკლესიის მადლიერებას! პირველად ვემთხვევი თქვენს ხელს მას შემდეგ, რაც აპელაციით, მეც და ჩემს მიერ ხელდასხმულები აღგვადგინეთ. ჩვენი მხრიდან უფალს პატიებას ვთხოვთ!
დღეს უკრაინის ეკლესია უკვე ავტოკეფალურია, რის გამოც ყოველდღიურად მადლობას გწირავთ და თქვენთვის ლოცულობს, რათა უფალმა მოგმადლოთ მრავალი წელი!
Comments