ისტორიულ მოვლენათა მოკლე მიმოხილვა
ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე
დღეს დღეისობით მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს გარკვეული სახის ეკლესიოლოგიური პრობლემები, რომლებიც უფრო მეტად გამწვავდა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადებისთანავე. ეს პრობლემები კი ძირითადად რუსეთის ეკლესიისგან წარმოიშვა, სადაც ადგილი ჰქონდა ერთგვარ
„დაუმორჩილებლობას“ და ისტორიული ფაქტების გაყალბებას. რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწვიტა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდართან და ბრალი დასდო მას ე.წ. „პაპიზმის“ ერესში. მათი პოზიციის გასამყარებლად კი მიზეზად დაასახელეს, უკრაინის ეკლესიაზე ავტოკეფალიის გადაცემის ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადავხედავთ ეკლესიის
ისტორიას, შევხვდებით ფაქტებს, რომელებიც არ საჭიროებენ რაიმე სახის განმარტებას, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა კონკრეტულ პატრიარქთა თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება - გადაეცა, თუ ეღიარებინა, ესა თუ ის ავტოკეფალია და საპატრიარქო პატივი, ყველა სხვა ეკლესიისგან დაუკითხავად. ეს კი ხდებოდა მასზე მსოფლიო კრებების მიერ მინიჭებული უფლებების თანახმად. რუსეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის უარყოფა, ავტომატურად საკუთარი ისტორიის უარყოფაც გამოდის, რადგან თითქმის იგივე გზით მიიღო მანაც ავტოკეფალია და საპატრიარქო პატივი.
პარალელურად გაჩნდა იდეა, რომ თითქოს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდარმა დაკარგა მისი პირველობა და უფლებები დიდი ქალაქის დაცემის შემდეგ (1453 წელი), რის შემდეგაც ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, თითქოს ისინი უკიდურეს დამოუკიდებლობაში იყვნენ ერთმანეთისგან, მხოლოდ ევქარისტიული ერთობა გააჩნდათ და ერთმანეთის შიდა საქმიანობაში არ ერეოდნენ, რაც სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება. გაისმის აზრები, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ დაკარგა ის როლი, რაც მას გააჩნდა მანამდე და შეუძლებელია ახლა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, როგორც ამას ადრე აკეთებდა (მაგალითად ავტოკეფალიების გაცემა და კრებების მოწვევა). ამ პოზიციის გასამყარებლად კი საუბრობენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ხუთი საუკუნის განმავლობაში არ მოუწვევია არანაირი სახის საერთომართლმადიდებლური კრება და კონსტანტინოპოლმა დაკარგა ერთგვარი გავლენა სხვა ეკლესიებზე, რაც ისტორიის გაყალბებაა. სინამდვილეში კი რუსეთის ეკლესია ცდილობს ეკლესიაში დანერგოს არამაერთლმადიდებლური ეკლესიოლოგია, რომელიც უარყოფს და გმობს მთელი ოცი საუკუნის საეკლესიო ტრადიციას. იდეა უკიდურესი ავტოკეფალიისა, სრულ წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასთან, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არ არის რაიმე სახის ეკლესიათა საბჭო, რომელსაც არ გააჩნია პროტოსი (პირველი) და რაიმე სახის უმაღლესი მმართველი ორგანო, როგორიცაა კრება. მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, როგორც ამას მრწამსში ვაღიარებთ, ხოლო ადგილობრივი ეკლესიები არ არიან ერთმანეთისგან სრულიად მოწყვეტილნი და დაშორებულნი, არამედ ერთნი არიან, შესაბამისად კონკრეტულ ეკლესიაში არსებული პრობლემა სრულიად მართლმადიდებლობას ეხება და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.
პირველი ათასწლეული იყო პრიმატისა და სინოდალურობის ეპოქა, როცა რომის ეპისკოპოსის პრიმატი და ადგილობრივ ეკლესიათა სინოდალურობა ერთმანეთში იყო შერწყმული, რაც წარმოადგენდა ეკლესიის ადმინისტრაციული მმართველობის საუკეთესო მოდელს. რომის ეპისკოპოსის პრიმატი კი განისაზღვრა სარდიკიის კრების კანონებით, რომელიც მოგვიანებით ტრულის კრებამ დაამტკიცა, რის მიხედვითაც პაპი იყო პირველი ეპისკოპოსი თანასწორთა შორის, რომელსაც გააჩნდა გარკვეული სახის უფლებები სხვა ეკლესიებისგან განსხვავებით, მაგალითად ასეთი იყო აპელაციის უფლება, კრებების მოწვევა, თავმჯდომარეობა და დამტკიცება და ა.შ. მეორე ათასწლეულში არსებულმა პრობლემებმა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის წარმოშვა სქიზმა და ერთ დროს ჰარმონიაში მყოფი ორი ქრისტიანული სამყარო (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) ერთმანეთისგან უცხო აღმოჩნდნენ. ერთ მხარეს დარჩა რომის ეკლესია, ხოლო მეორე მხარეს აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ინარჩუნებს სინოდალურობას და პრიმატის გარკვეულ სახესაც, პირველი ეკლესია კი ავტომატურად ხდება ახალი რომის-კონსტანტინოპოლის საყდარი, რომელსაც ასევე გააჩნდა რომის ეკლესიის თანასწორი უფლებები, როგორიც იყო აპელაციის მიღების უფლება, კრებების მოწვევა, ვრცელი იურისდიქცია და ა.შ. 1453 წელს კონსტანტინოპოლი აიღეს ოსმალებმა და უკანასკნელი იმპერატორი მოკლეს, მართლმადიდებელი ეკლესია კი მოექცა მუსულმანურ საყაროში, რამაც შეასუსტა გარკვეული სახით ეკლესიის როლი მსოფლიოში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად კონსტანტინოპოლი აგრძელებდა მოეწვია საერთომართლმადიდებლური კრებები და მიეღო გადაწყვეტილებები თუნდაც სხვა ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევით, სხვა ეკლესიათა ნებართვით.
მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიები იმ ეპოქაში უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს და სინოდალურ სისტემას ამყარებენ, მაგრამ ასევე მსოფლიო პატრიარქის პრიმატს აღიარებენ, რომ ის არის პირველი მეტი უფლებებით და პასუხისმგებლობით, რომ მას შეეძლო მოეწვია გაფართოებული წმინდა და დიდი კრებები და მიეღო გადაწყვეტილებები, რომელიც სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხებოდა. შეუძლებელი არის პრიმატის სინოდალურობისგან გამოყოფა, რადგან თუ კრებას არ ჰყავს თავმჯდომარე და მომწვევი, მაშინ კრება ვერ იარსებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სრული ანარქია იქნება გაბატონებული. ეს იყო პერიოდი, როდესაც კრება წარმოადგენდა წმინდა კათოლიკე ეკლესიის უმაღლეს მმართველ ორგანოს, რომელსაც იწვევდა და თავმჯდომარეობდა მსოფლიო პატრიარქი, სადაც ესწრებოდნენ სხვა ეკლესიების (ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, კვიპროსი) წარმომადგენლებიც, რომელიმე ეკლესიაში არსებული პრობლემის შემთხვევაში კრებას გააჩნდა უფლება გადაეყენებინა, ან კიდევ აერჩია რომელიმე ეკლესიის მწყემსმთავარიც კი. ეკლესიაში პრიმატის უარყოფას და ადგილობრივ ეკლესიათა უკიდურეს დამოუკიდებლობას (იზოლაციას) მივყავართ პროტესტანტული ეკლესიების მოდელთან, რაც მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისთვის უცხო და მიუღებელია.
ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ იმ ისტორიულ მოვლენებს, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს როლი მკვეთრად იკვეთება, სადაც გამოვიყენებთ მსოფლიო საპატრიარქოს ცნობილი არქიმანდრიტ ევდოკიმე კარაკულაკისის წიგნს, სადაც სრული სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული დოკუმენტები 1575 წლიდან 1923 წლამდე არსებულ ვითარებაზე, თუ რა როლი გააჩნდა მსოფლიო საყდარს მაშინ, ეს კი დაგვეხმარება გავაანალიზოთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს პირველობა და ურთულესი როლი, რაც ეკლესიამ და ღმერთმა დააკისრა, პირნათლად ასრულებდა და ასრულებს. შევეცდებით გადმოვცეთ არსებული დოკუმენტის შინაარსი და კრებების განჩინებები, ხოლო უშუალოდ ორიგინალი ტექსტების სანახავად იხილეთ: Μητροπολίτου Γερμανού, «Το Οικουμενικόν Πατριαρχείον και η αρμοδιότης αυτού προς σύγκλησιν Πανορθοδόξων Συνόδων», Εκ. Κοινωφελούς Ιδρύματος της Ιεράς Μητροπόλεως Ιεραπύτνης και Σητείας «Παναγία η Ακρωτηριάνη» (Εισαγωγή – Επιμέλεια – Προσθήκαι, Αρχιμανδρίτης Ευδόκιμος Καρακουλάκης), Αθήνα 2014, გვ. 32 – 194. ასევე საუბარი იქნება ადგილობრივ ეკლესიებზე მინიჭებული ავტოკეფალიებისა და საპატრიარქო პატივზე, საპატრიარქო და სინოდალური ტომოსების ორიგინალი ტექსტები კი იხილეთ: Βαβούσκος Α., Λιάντας Γ., Οι θεσμοί του Αυτοκεφάλου και του Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, Εκ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 117 – 230.
· 1575 წლის ივლისის თვეში მსოფლიო პატრიარქმა იერემია მეორე კონსტანტინოპოლში მოიწვია გაფართოებული კრება რომელსაც უნდა განესაზღვრა სინას მონასტრის პრეროგატივები. კრებაზე მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის პატრიარქმა იოაკიმემ, იერუსალიმის პატრიარქმა გერმანემ, კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ტიმოთემ, 24 სხვადასხვა მღვდელმთავარმა და მსოფლიო საყდრის სასულიერო და საერო დასმა.
· 1593 წლის თებერვლის თვეში მსოფლიო პატრიარქმა იერემია მეორემ კონსტანტინოპოლის ქალწულ ღვთისმშობლის ტაძარში მოიწვია კრება მოსკოვის საპატრიარქოს დაარსების თაობაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა მელეტიოსმა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოაკიმემ, წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა სოფრონმა, რუსეთის მეფის ელჩმა გრიგოლ-ათანასემ და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიულმა მღვდელმთავრებმა. კრებამ მიიღო ასევე რვა კანონი1.
· 1600 წლის ივნისის თვეში მსოფლიო პატრიარქმა მათე მეორემ მოიწვია კრება, რომელმაც კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ათანასე განკვეთა და ტახტიდან გადააყენა.
· 1621 წლის ნოემბრის თვეში მსოფლიო პატრიარქმა კირილე ლუკარისმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოიწვია კრება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ოცდახუთმა მღვდელმთავარმა, რომელთაც ალექსანდრიის პატრიარქად გამოირჩიეს არქიმანდრიტი გერასიმე.
· 1630 წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიო პატრიარქმა კირილე ლუკარისმა მოიწვია გაფართოებული კრება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის პატრიარქმა ექვთიმემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ, ტირნოვის მაკარიმ და იმ დროს კონსტანტინოპოლში მყოფმა ყველა მღვდელმთავარმა, რათა დაემტკიცებინათ
უნგროვლახიის მთავრის ლეონტი ვოევოდას შეწირულობა მაცხოვრის წმინდა საფლავისადმი.
· 1633 წელს მსოფლიო პატრიარქმა გაბრიელ მესამემ მოიწვია გაფართოებული კრება, რომელმაც კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გერმანე განკვეთა და ანტიოქიის ყოფილი პატრიარქი ათანასე გამოირჩია კვიპროსისა და ახალი იუსტინიანეს მთავარეპისკოპოსად.
· 1643 წლის სექტემბერში, მსოფლიო პატრიარქმა პართენიოსმა მოიწვია რება რათა განხილულიყო და დამტკიცებულიყო მალოროსიის (ანუ უკრაინის) ეკლესიის მიერ გამოგზავნილი წიგნი „მართლმადიდებელი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოება“, რომლის ავტორიც კიევის მიტროპოლიტი პეტრე მოგილა გახლდათ. ამ წიგნის დამამტკიცებელ სინოდალურ განჩინებას ხელი მოეწერა კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქ პართენიოსმა, ალექსანდრიისა პაპმა და პატრიარქმა იოანიკიოსმა, დიდი ღვთისქალაქის ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა, წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა პაისიმ, ცხრა მღვდელმთვარმა და მსოფლიო საპატრიარქოს სასულიერო და საერო დასმა.
· 1646 წლის დეკემბერში მსოფლიო პატრიარქრ იოანიკიოსის მიერ მოწვეულმა კრებამ ეკლესიიდან გაკვეთა სინას მთავარეპისკოპოსი იოასაფი.
· 1661 წლის იანვარში, მსოფლიო პატრიარქმა პართენიოსმა მოიწვია დიდი კრება, რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობდა, ახლად გარდაცვლილი იერუსალიმის პატრიარქ პაისის ადგილას გამოირჩია ნექტარიოსი.
· 1663 წელს მსოფლიო პატრიარქმა დიონისემ, ღაზას ეპისკოპოს პაისის და რუსეთის ეკლესიის სინოდის თხოვნით მოიწვია დიდი კრება, სადაც უნდა ემსჯელათ რუსეთის მეფესა და პატრიარქს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე. კრებაში მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიის პატრიარქმა პაისიმ, ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიმ, იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა და იმ
დროს კონსტანტინოპოლში მყოფმა მღვდელმთვრებმა. კრებამ განჩინება საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის სახით გამოსცა, რომელიც რამდენიმე თავად იქნა დაყოფილი. ამ ტომოსის მეცხრე თავში საუბარი იყო მსოფლიო საყდრის როლსა და უფლებებზე მართლმადიდებელ ეკლესიაში. ერთ-ერთი კითხვა იყო, შეუძლია თუ არა კონსტანტინოპოლის პატრიარქს განსაჯოს მის საეკლესიო იურისდიქციის მიღმა არსებული კლირიკოსები, წმინდა და დიდმა კრებამ კი პასუხად გასცა: „ეს უფლება ასევე რომის პაპს გააჩნია, ეკლესიის სისავსის განყოფამდე მისი პატივმოყვარეობის გამო, ამის შემდეგ კი ყველა ეს უფლებები კონსტანტინოპოლის საყდარზე გადადის და ის იღებს ყველა ამგვარ გადაწყევტილებებს, რადგან წმინდა კანონების თანახმად ის სრულიად თანასწორია ძველ რომთან. რომის ეკლესიის როლი ეკლესიაში სარდიკის მეოთხე კრებამ განსაზღვრა: „თუ საჭიროდ მივიჩნევთ, დავუმატოთ ასეთი დადგენილებაც, როგორც დამადასტურებელი უზაკველი სიყვარულისა: თუ ვინმე ეპისკოპოსი მეზობელი ეპისკოპოსების საბჭოს დადგენილებით განიკვეთოს და დასჯილმა თქვას, რომ აქვს საბუთი თავის გასამართლებლად, მის საყდარზე მანამ ნუ დაინიშნება ნურავინ, სანამ რომის ეპისკოპოსს არ ეუწყება საქმე და ის არ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას“. რომის ეკლესიის გამოყოფის შემდეგ კი ეს უფლება კონსტანტინოპოლის საყდარზე გადადის.
· 1665 წლის ნოემბრის თვეში მსოფლიო პატრიარქმა პართენიოს მეოთხემ მოიწვია კრება, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც, საპატრიარქო ტახტიდან გადაყენებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქი პაისი.
· 1669 წლის იანვარში მსოფლიო პატრიარქმა მეთოდე მესამემ მოიწვია კრება, რომელმაც იერუსალიმის პატრიარქად კესარიის (პალესტინა) მიტროპოლიტი დოსითეოსი გამოირჩია, რადგან იერუსალიმელი ნექტარიოსი საკუთრი ნებით გადადგა.
· 1670 წლის დეკემბერში მსოფლიო პატრიარქმა მეთოდე მესამემ მოიწვია დიდი კრება იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსთან ერთად და სინას მთავარეპისკოპოსი ანანია განკვეთეს.
· 1671 წლის იანვარში მსოფლიო პატრიარქმა მეთოდე მესამემ, მთავარ იოანე დუკა ვოევოდას თხოვნით მოიწვია დიდი კრება სადაც მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა და ოცმა მღვდელმთავარმა, რათა დაემტკიცებინათ ძოტაძუიას მოციქულთა მონასტრის სტრავროპიგიული სტატუსი და განესაზღვრათ მისი პრეროგატივები რომელიც დაექვემდებარებოდა იერუსალიმის საპატრიარქო საყდარს.
· 1672 წლის ნოემბერში მსოფლიო პატრიარქმა დიონისე მეოთხემ მოიწვია კრება, რომელმაც ეკლესიიდან განკვეთა ანტიოქიის არასრულწლოვანი პატრიარქი კირილე და გამოირჩია ახალი პატრიარქი ნეოფიტე.
· 1672 წლის დეკემბერში მსოფლიო პატრიარქმა დიონისე მეოთხემ წმინდა სინოდთან ერთად განსაჯა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ნიკოფორე და გაამართლა.
· 1689 წლის იანვარში მსოფლიო პატრიარქმა კალინიკე მეორემ მოიწვია დიდი კრება სადაც მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის პატრიარქმა ათანასემ და იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იმ დროს მყოფ მღვდელმთავრებთან ერთად, რათა განესაზღვრათ სინას მთავარეპისკოპოსის ადგილი და მეორეჯერ განკვეთა სინას მთავარეპისკოპოსი ანანია.
· 1707 წელს მსოფლიო საპატრიარქომ გამოსცა მემორანდუმი იერუსალიმის პატრიარქ ხრიზანთოსის გამორჩევის შესახებ.
· 1709 წელს მსოფლიო პატრიარქმა ათანასე მეხუთემ გამოაქვეყნა სინოდალური წერილი იერუსალიმის საყდრის პრეროგატივების გამყარების თაობაზე.
· 1718 წელს მსოფლიო პატრიარქმა იერემია მესამემ მოიწვია კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქნი ათანასე და კირილე, ასევე იერუსალიმის პატრიარქი ხრისანთოსი და იმ დროს იქ მყოფი ათი მღვდელმთავარი, რომელთაც განკვეთეს ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსი ექვთიმე.
· 1720 წელს მსოფლიო პატრიარქმა იერემია მესამემ წმინდა სინოდთან ერთად, ანტიოქიის საპატრიარქო ტახტზე კვლავ გამოირჩია ანტიოქიის ყოფილი პატრიარქი ათანასე.
· 1721 წლის 30 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი მიმართავს მსოფლიო პატრიარქს, როგორც მწყემსმთავარს და მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის პროტოსს (პირველი) და თხოვს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ მღვდელმთავარს, გააუქმოს საპატრიარქო სისტემა რუსეთის ეკლესიაში და დაამტკიცოს სინოდალური მმართველობა. მართლაც, მსოფლიო პატრიარქი დაამტკიცებს მოსკოვის საპატრიარქოს გაუქმებას და სინოდალურ სისტემაზე გადასვლას. 1723 წლის 23 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი იერემია მესამე გაუგზავნის ცნობას რუსეთის ეკლესიას საპატრიარქო სისტემის გაუქმების შესახებ2.
· 1723 წლის სექტემბერში პატრიარქმა იერემია მესამემ მოიწვია გაფართოებული კრება, რათა ემსჯელათ ანგლიკანური ეკლესიის წინადადებებზე და განემარტათ მათთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებები. კრებაზე მონაწილეობა მიიღეს ანტიოქიის პატრიარქმა ათანასემ, იერუსალიმის ხიზანთოსმა და იმ პერიოდში იქ მყოფმა სხვა მღვდელმთვრებმა.
· 1724 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ იერემია მესამეს თავმჯდომარეობით ეკლესიიდან განკვეთა ანტიოქიის ცრუ პატრიარქი სერაფიმე და მისი მიმდევრები.
· 1731 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მოხდა იერუსალიმის პატრიარქ მელეტიოსის არჩევა, მაშინდელი იერუსალიმის პატრიარქ ხრისანთოსის გადადგომის შემდეგ.
· 1731 წელს მსოფლიო საპატრიარქომ განკვეთა კვიპროსის ეკლესიის ორი მღვდელმთავარი, კირინიის ნიკიფორე და პაფის იოაკიმე, რადგან მათი უნეტარესი მთავარეპისკოპოს სილვესტრის უსამართლო გადასახლების შემდეგ მიითვისეს კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო.
· 1732 წელს მსოფლიო პატრიარქმა იერემია მესამემ და კონსტანტინოპოლის გაფართოებულმა კრებამ გამოირჩია ანტიოქიის პატრიარქად დრამას ყოფილი მიტროპოლიტი იოაკიმე.
· 1745 წლის თებერვალში მსოფლიო პატრიარქმა პაისიმ და მისთანა წმინდა სინოდმა კვიპროსის გადასახლებაში მყოფი მთავარეპისკოპოს ფილოთეოსის ადგილას გამოირჩია მღვდელმონოზონი ნეოფიტე.
· 1745 წლის ივნისის თვეში მსოფლიო პატრიარქმა პაისიმ წმინდა სინოდთან ერთად განკვეთა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ნეოფიტე და მისი თანამშრომლები.
· 1759 წელს მსოფლიო პატრიარქმა სერაფიმ მეორემ და წმინდა სინოდმა გაკვეთა ანტიოქიის პატრიარქი კირილე.
· 1766 წელს მსოფლიო პატრიარქმა სამუელ პირველმა მოიწვია დიდი კრება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიის პატრიარქმა მათემ, იერუსალიმის პართენიოსმა და კონსტანტინოპოლში სხვა მღვდელმთვრებმა გამოირჩიეს ანტიოქიის პატრიარქი ფილიმონი.
· 1788 წელს მსოფლიო პატრიარქი პროკოპიმ სხვა დანარჩენ პატრიარქებთან შეთანხმებით (ალექსანდრიისა და ანტიოქიის) იერუსალიმის პატრიარქად გამოირჩია კესარიის მიტროპოლიტი ანთიმოზი.
· 1791 წელს ანტიოქიის პატრიარქმა დანიელმა მსოფლიო პატრიარქ ნეოფიტეს მიმართა თხოვნით საპატრიარქო ტახტიდან გადადგომის შესახებ, მის მემკვიდრედ კი არჩეულ იქნა ელენუპოლის ეპისკოპოსი ანთემიოსი.
· 1808 წელს იერუსალიმის პატრიარქ ანთიმოზის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა, პატრიარქ კალინიკე მეხუთის თავმჯდომარეობით პატრიარქად გამოირჩია ბეთლემის ეპისკოპოსი პოლიკარპე.
· 1813 წელს ანტიოქიის პატრიარქ ანთიმიოზის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ კირილეს თავმდჯომარეობით, ანტიოქიის პატრიარქად გამოირჩია არკადიუპოლის ეპისკოპოსი სერაფიმე.
· 1823 წელს ანტიოქიის პატრიარქ სერაფიმეს გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ანთიმოზმა კონსტანტინოპოლის კრებასთან ერთად ანტიოქიის პატრიარქად გამოირჩია ანკარას ეპისკოპოსი მეთოდე.
· 1826 წელს იერუსალიმის პატრიარქ პოლიკარპეს გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ხრიზანთოს პირელმა კონსტანტინოპოლის მღვდელმთავართა კრებაზე 1827 წელს იერუსალიმის პატრიარქად გამოირჩია კესარიის მიტროპოლიტი ათანასე.
· 1827 წელს მსოფლიო პატრიარქ აგათანგელოს პირველისა და იერუსალიმის პატრიარქ ათანასეს ერთობლივი საპატრიარქო და სინოდალური გადაწყვეტილებით დარეგულირებულ იქნა იერუსალიმის საყდრის ეკონომიკური მხარე.
· 1831 წლის 5 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ კონსტანტინეს თავმჯდომარეობით, სერბეთის ეკლესიას მიანიჭა ავტონომია, მაგრამ ის კვლავ მსოფლიო საყდრის იურისდიქციაში რჩება3.
· 1850 წელს სირიასა და ეგვიპტეში რომის ეკლესიიდან წამოსულმა ათასობით მრევლმა მიმართა მართლმადიდებელ ეკლესიას მიღებაზე, რის გამოც მსოფლიო პატრიარქმა იოაკიმემ კონსტანტინოპოლში მოიწვია გაფართოებული კრება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ასევე ალექსანდრიის პატრიარქმა კალინიკემ, ანტიოქიისამ იეროთეოსმა, იერუსალიმის კირილემ და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებმა, რათა მიეღოთ გადაწყვეტილება მათი მიღების შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში.
· 1850 წლის 29 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მსოფლიო პატრიარქი ანთიმოზი, მონაწილეობა მიიღეს ასევე კონსტანტინოპოლის ხუთმა ყოფილმა პატრიარქმა: კონსტანტინე პირველმა, კონსტანტინე მეორემ, გრიგოლმა, გერმანოსმა და ანთიმოზმა, ასევე იერუსალიმის პატრიარქი კირილემ, მსოფლიო საყდრის სხვადასხვა მღვდელმთვრებთან ერთად საბერძნეთის ეკლესია გამოაცხადეს ავტოკეფალურად და გადასცეს საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი4.
· 1859 წელს მსოფლიო პატრიარქმა კირილე მეშვიდემ კონსტანტინოპოლში მოიწვია გაფართოებული კრება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქებმა და კონსტანტინოპოლში მყოფმა სხვადასხვა ეკლესიის მღვდელმთავრება, რათა გადაეჭრათ იერუსალიმის პატრიარქსა და სინას მონასტრის ძმობას შორის არსებული პრობლემები, კრებამ სინას მთავარეპისკოპოსად გამოირჩია მონასტრის წინამძღვარი და არქიმანდრიტი
კირილე, მაგრამ იერუსალიმის პატრიარქს არ სურდა მისი ხელდასხმა. ამ დიდ კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო საყდარი შეასრულებდა მის ხელდასხმას.
· 1861 წლის 24 მაისს ალექსანდრიის პატრიარქმა კალინიკემ მიმართა განცხადებით მსოფლიო პატრიარქ იოაკიმ მეორეს მისი საპატრიარქო ტახტიდან გადადგომის შესახებ.
· 1870 წელს ალექსანდრიის ეკლესიის მრევლმა მიმართა თხოვნით მსოფლიო პატრიარქ გრიგოლს ახალ პატრიარქად გამორჩეულიყო კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქი სოფრონი.
· 1872 წლის აგვისტოს თვეში ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ანთიმოზის მიერ მოწვეულ იქნა წმინდა და დიდი კრება წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მონაწილეობა მიიღეს კონსტანტინოპოლის ყოფილმა პატრიარქებმა გრიგოლიმ, ანთიოზმა და იოაკიმემ, ასევე ალექსანდრიის უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა სოფრონიმ, ანტიოქიის უნეტარესმა პატრიარქმა იეროთეოსმა, იერუსალიმის უნეტარესმა პატრიარქმა კირილემ და კვიპროსის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონიმ, ასევე 24-მა მიტროპოლიტმა, 13-მა ეპისკოპოსმა, 15-მა არქიმანდრიტმა და სამმა დიაკონმა, რათა ემსჯელად ბულგარეთის სქიზმის შესახებ. 1872 წლის სექტემბრის თვეში წმინდა და დიდმა კრებამ ბულგარეთში გამოაცხადა სქიზმა.
· 1879 წლის 8 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ იოაკიმეს თავმჯდომარეობით სერბეთის ავტონომიურ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია5.
· 1885 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ იოაკიმე მეოთხეს თავმჯდომარეობით რუმინეთის ეკლესია გამოაცხადა ავტოკეფალურად და გადასცა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი6.
· რევოლუციის შემდეგ რუსეთის ეკლესიის დასუსტებამ გამოიწვია მასზე იძულებით მიერთებული ადგილობრივი ეკლესიების განთავისუფლება, ასეთი იყო ივერიის (საქართველოს) ეკლესია, რომელმაც მიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდასაჭერად ავტოკეფალიის აღიარების შესახებ. მსოფლიო საყდარმა კი თბილისში გააგზავნა საკუთარი წარმომადგენელი, ტრაპიზონის მიტროპოლიტი ხრიზანთოსი, რომელიც დააკვირდებოდა და შეისწავლიდა საქართველოს ეკლესიაში არსებულ ვითარებას და მოგვიანებით კი მოხსენებით წარსდგებოდა საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე. ამავე პერიოდში უკრაინელმა სამღვდელოებამ მიმართა ასევე დასახმარებლად მსოფლიო საპატრიარქოს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ეს კავშირები გაწყვიტა.
· 1922 წელის 19 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ მელეტიოსის თავმჯდომარეობით შექმნა სერბეთის, ხორვატიის და სლოვენიის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესია7.
· 1923 წლის მარტში მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქ მელეტიოსის თავმჯდომარეობით ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამთავარეპისკოპოსო გამოაცხადა ავტონომიურ ეკლესიად8.
· 1923 წლის 10 მაისიდან 8 ივნისამდე მსოფლიო პატრიარქმა მელეტიოს მეოთხემ კონსტანტინოპოლში მოიწვია საერთო მართლმადიდებლური კრება, რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, სერბეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, რუმინეთის ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებმა და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამდივნომ. კრებამ იმსჯელა საერთო მართლმადიდებლურ საეკლესიო საკითხებზე და მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ თემებზე: 1) იულიუსის კალენდრის შესწორება, 2) კრებაში მონაწილეობის პირობები, 3) მღვდელთა და დიაკონთა ქორწინება ხელდასხმის შემდეგ, 4) მეორე ქორწინების უფლება დაქვრივებულ მღვდელსა და დიაკონზე, 5) სხვადასხვა: ა) დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის ხელდასხმის ასაკი, ბ) თმების შეჭრა სასულიერო პირებზე და გარეგანი ჩაცმულობა, გ) სამონაზვნო ლოცვების შენარჩუნება, დ) ქორწინების დამაბრკოლებელი ფაქტორები, ე) განქორწინება, ვ) დღესასწაულები, ზ) მარხვა, 6) პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან 1600 წელის იუბილე, 7) პატიმრობაში მყოფი რუსეთის პატრიარქ ტიხონის მიმართ მხარდაჭერა.
· 1923 წლის ივლისში მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ მელეტიოსის თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება ფინეთის სამთავარეპისკოპოსოს დაარსებისა და მასზე ავტონომიის მინიჭებისა. ამავე სინოდმა ასევე გამოსცა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი ესტონეთის ეკლესიის ავტონომიურად აღიარების შესახებ9.
· 1924 წლის 13 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა პატრიარქ გრიგოლის თავმჯდომარეობით პოლონეთის ეკლესია გამოაცხადა ავტოკეფალურად და გადასცა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი, 1927 წლის 7 აპრილს პოლონეთის ეკლესიის მწყემსმთავარს კი ებოძა „უნეტარესის“ ტიტული10.
· 1925 წლის 30 ივლისს მსოფლიო პატრიარქი ბასილი უგზავნის სინოდალურ გადაწყვეტილებას რუმინეთის ეკლესიის მწყემსმთავარ მირონს, მის საპატრიარქო რანგში აყვანის თაობაზე. 1926 წლის 26 იანვარს კი რუმინეთის ეკლესიის მწყემსმთავარი აგზავნის სამადლობელ წერილს მსოფლიო პატრიარქის მისამართით11.
· 1930 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ ფოტიოს მეორის თავმჯდომარეობით დაამტკიცა საერთომართლმადიდებლური კომისიის შექმნა, რომელიც შეიკრიბებოდა სულთმოფენობის კვირას ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერში. სინოდის ეს გადაწყვეტილება საპატრიარქო წერილის სახით ეუწყა ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რათა შეექმნათ დელეგაცია ორ-ორი მღვდელმთავრით. კომისიის მთავარი მიზანი იყო შეექმნა დიაგრამა მომავალში წმინდა და დიდი კრებაზე განსახილველი საკითხებისა. კომისიაზე მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, პოლონეთის ეკლესიებმა. კვიპროსის ეკლესიამ გაუგზავნა ცნობა დროის უქონლობის გამო, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რუსეთის ეკლესიამ კი არსებული პრობლემების გამო ვერ შეძლო მონაწილეობა, მაგრამ შეხვედრაზე წაკითხულ იქნა რუსეთის ეკლესიის წმიდნა სინოდის მიერ გამოგზავნილი ტელეგრამა. კრების ერთ-ერთ განსახილველ საკითხად მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა წამოაყენა, აქვე აღინიშნა, რომ წმინდა და დიდი კრების მოწვევამდე აუცილებელი იქნებოდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობის დასწრება წინასაკრებო შეხვედრებზე. კომისიამ განსაზღვრა 17 განსახილველი საკითხი.
· 1931 წლის 24 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მორიგი წინასაკრებო შეხვედრა განსაზღვრა 1932 წლის სულთმოფენობის დღეს, რის
შემდეგაც ყველა ადგილობრივ ეკლესიას დაეგზავნა მოწვევა კრებაზე. ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუმინეთის, კვიპროსის და საბერძნეთის ეკლესიებმა უპასუხეს მოწვევას და გამოხატეს სრული მზადყოფნა კრებაზე მონაწილეობისთვის.
· 1931 წლის 3 სექტემბერს პატრიარქმა ფოტიოსმა გამოსცა კვლავ საპატრიარქო წერილი ნომრით 2026, სადაც ადგილობრივ ეკლესიებს აცნობებს, რომ წინასაკრებო შეხვედრა კვლავ ათონის წმინდა მთაზე, ვატოპერიდის მონასტერში ჩატარდებოდა. ასევე მათ აუწყა, რომ სულ მალე რუსეთის ეკლესიის დელეგაციაც მიიღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრებზე.
· გარკვეული პრობლემების გამო, მსოფლიო საპატრიარქომ კვლავ აუწყა ადგილობრივ ეკლესიებს, წინასაკრებო შეხვედრის გადადების შესახებ და საბოლოო თარიღად განსაზღვრა 1932 წლის 19 ივნისი.
· 1933 წელს ანტიოქიის საპატრიარქოში არსებული სერიოზული პრობლების გამო მიმართეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დასახმარებლად და მსოფლიო საყდარმაც გაუწია შესაბამისი დახმარება ამავე წელს. ასევე 1946 და 1947 წლებში კვიპროსის ეკლესიამ ასევე ითხოვა დახმარება მსოფლიო საყდრისგან, მათაც გაუწია შესაბამისი დახმარება12.
· 1937 წლის 12 აპრილს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქ ბენიამინის თავმჯდომარეობით ალბანეთის ეკლესია გამოაცხადა ავტოკეფალურად და გადასცა საპატრიარქო და სინოდური ტომოსი13.
· 1945 წლის 19 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კომისიამ, რომელშიც შედიოდა მსოფლიო საყდრის ოთხი და ბულგარეთის ეკლესიის სამი
წარმომადგენლები, გააუქმა ანათემა ბულგარელთა მიმართ და გამოაცხადა სქიზმის დასრულება ბულგარეთის ეკლესიაში. 22 თებერვალს მსოფლიო პატრიარქმა ბენიამინმა მოიწვია კრება და სინოდალურად დაამტკიცა სქიზმის და დასრულება ბულგარეთის ეკლესიას გადასცა ავტოკეფალიის ტომოსი14.
· 1961 წლის 27 ივლისს მსოფლიო საპატრიარქომ ბულგარეთის ეკლესიას გადასცა საპატრიარქო პატივი, რომელიც დე-ფაქტოდ აღდგენილი იყო 1953 წლიდან15.
· 1990 წლის 23 იანვარს, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ დიმიტრიოსის თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება აღიაროს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და კათოლიკოსს გადასცა საპატრიარქო პატივი16.
· 1996 წლის 20 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა, პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით კვლავ გააქტიურა და დაამტკიცა ესტონეთის ეკლესიის ავტონომიური სტატუსი17.
· 1998 წლის აგვისტოში მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტონომიური ეკლესია გამოაცხადა ავტოკეფალურად და გადასცა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი18.
· 2019 წლის 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესია გამოაცხადა ავტოკეფალურად და გადასცა საპატრიარქო და სინოდური ტომოსი.
_______________________________
1 იხილეთ 1590 წლის სინოდალური ტომოსი მოსკოვის მიტროპოლიტის საპატრიარქო რანგში ამაღლებისა და 1593 წლის სინოდალური დასტური დიპტიქში მისი ადგილის განსაზღვრისა - Βαβούσκος Α., Λιάντας Γ., Οι θεσμοί του Αυτοκεφάλου και του Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, Εκ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 117 – 125.
2 იხილეთ რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის მიერ მიწერილი ეპისტოლე მსოფლიო პატრიარქს და ასევე საპასუხო წერილი რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს - იგივე, გვ. 126 – 130.
3 იგივე, გვ. 131 – 135.
4 იგივე, გვ. 173 – 179.
5 იგივე, გვ. 136 – 141.
6 იგივე, გვ. 145 – 148.
7 იგივე, გვ. 142 – 144.
8 იგივე, გვ. 203 – 207.
9 იგივე, გვ. 217 – 220, 223 – 226.
10 იგივე, გვ. 193 – 198.
11 იგივე, გვ. 151 – 152.
12 Μητροπολίτου Σαρδέων Μαξίμου, Το Οικουμενικό Πατριαρχείο εν τη Ορθοδόξω Εκκλησία, Εκ. ΠΙΠΜ, Θεσσαλονίκη 1989, გვ. 334.
13 Βαβούσκος Α., Λιάντας Γ., Οι θεσμοί του Αυτοκεφάλου και του Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, Εκ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 199 – 202.
14 იგივე, გვ. 153 – 161.
15 იგივე, გვ. 162 – 164.
16 Βαβούσκος Α., Λιάντας Γ., Οι θεσμοί του Αυτοκεφάλου και του Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, Εκ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 165 – 171.
17 იგივე, გვ. 227 – 230.
18 იგივე, გვ. 208 – 214.
გამოყენებული ლიტერატურა
- Βαβούσκος Α., Λιάντας Γ., Οι θεσμοί του Αυτοκεφάλου και του Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, Εκ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014.
- Μητροπολίτου Σαρδέων Μαξίμου, Το Οικουμενικό Πατριαρχείο εν τη Ορθοδόξω Εκκλησία, Εκ. ΠΙΠΜ, Θεσσαλονίκη 1989.
- Μητροπολίτου Γερμανού, Το Οικουμενικόν Πατριαρχείον και η αρμοδιότης αυτού προς σύγκλησιν Πανορθοδόξων Συνόδων, Εκ. Κοινωφελούς Ιδρύματος της Ιεράς Μητροπόλεως Ιεραπύτνης και Σητείας «Παναγία η Ακρωτηριάνη» (Εισαγωγή – Επιμέλεια – Προσθήκαι, Αρχιμανδρίτης Ευδόκιμος Καρακουλάκης), Αθήνα 2014.
ჟურნალი:
- «Εκκλησιαστική Αλήθεια – Περιοδικόν του Οικουμενικού Πατριαρχείου», (Ιαν.
11 1920 – Δεκεμβ. 26).
Comments