top of page
Post: Blog2_Post

პასუხად ბატონ გოჩა ბარნოვს


 

ალექსანდრე ბიძინაშვილი

11.03.2020


2020 წლის 1 მარტს, გადაცემაში „საუბრები მსმენელი სულისთვის,“ რომლის ავტორი და წამყვანი გახლავთ მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) მიწვეული იყო პროფესორი გოჩა ბარნოვი. გადაცემის თემა გახლდათ „მოსაყდრის ფენომენი საქართველოს ეკლესიაში“, მამა ანდრიასთან საუბრისას, ბატონი გოჩა შეეხო ჩვენს პუბლიკაციას „მოსაყდრის ინსტიტუტი აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში და მისი ქართული პრაქტიკა“ და განაცხადა: „მე ერთი შემთხვევა მინდა აუცილებლად დავაფიქსირო, ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე სასულიერო სემინარიის სტუდენტის, ბატონ ალექსანდრე ბიძინაშვილის მოხსენება, რომელიც მან შარშან წაიკითხა ბიბლიოთეკაში, სადაც ის ასეთ რამეს წერს მოსაყდრის შესახებ, ნუ ეს უბრალოდ მისი მოხსენება მთლიანად არის ისტორიული ნარატივი და დიდს არაფერს წარმოადგენს კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, უბრალოდ აღწერს საქართველოში ეს როგორ დამკვიდრდა და როგორ არის დღეს, მაგრამ ერთ ადგილას ის ამბობს, რომ მოსაყდრის ინსტიტუტს თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიამაც კი პატივი სცა და უკან დაიხია უკრაინის ავტოკეფალიის, ტომოსის გამოცხადების შემთხვევაში. ეს არის ინფორმაციის დამახინჯება, ეს არის მსმენელთა და მკითხველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმ გაგებით, რომ ტომოსში არ წერია მოსაყდრის შესახებ არაფერი, ტომოსში წერია ადგილის შემთავსებლის შესახებ, რაც არის ბერძნულად „Τοποτηρητής“ და რუსულად - „местоблюсти́тель“ უპირველეს ყოვლისა, მსურს პირადი პატივისცემა გამოვხატო ბატონი გოჩა ბარნოვისადმი, როგორც ქართულ სამეცნიერო სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური პირისადმი საეკლესიო სამართლის კუთხით. ამასთან ერთად, მინდა მადლობა გადავუხადო პატივცემულ პროფესორს იმისთვის, რომ დაინტერესდა, გაეცნო ჩვენს სტატიას და საჯარო მსჯელობა დაიწყო მასზე, რადგან მჯერა ღია და საჯარო განხილვა ყოველთვის გარანტიაა ობიექტურობისა.

თუმცა, დიდი პატივისცემის მიუხედავად, გვერდს ვერ ავუვლით რამდენიმე დეტალს ბატონ გოჩას განცხადებაში, მაგალითად ის ამბობს: „მისი მოხსენება არის ისტორიული ნარატივი და დიდს არაფერს წარმოადგენს კანონიკური სამართლის თვალსაზრისით.“ მიუხედავად ამ სიტყვების ვულგარულობისა სრულიად ვეთანხმები ბატონ გოჩას, რადგან საქმე იმაშია, რომ არც სტატიაში და არც სადმე სხვაგან ავტორს არ უთქვამს, რომ საკითხს გამოიკვლევდა კანონიკური სამართლის ჭრილში. პირიქით, სტატიაში ნათქვამია რომ „მისი მიზანია საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მოსაყდრის ინსტიტუტის შესახებ, აღმოსავლეთის ბერძნულ და სლავურენოვან ეკლესიათა ისტორიასა და ტრადიციაში, გამოიკვლიოს ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიულ-პოლიტიკური წინაპირობები, სამართლებრივი საფუძვლები ქართულ საეკლესიო სივრცეში და შეადაროს ის ზოგად საეკლესიო პრაქტიკას, წყაროებზე დაყრდნობით დაადგინოს რა სახით და როდიდან ჩნდება საპატრიარქო ან საკათალიკოსო ტახტის მოსაყდრის, ანუ პირველიერარქის ნაცვლის ინსტიტუტი საქართველოს უძველეს ეკლესიაში, მიმოიხილოს რა პირობებში ყალიბდებოდა ხსენებული ინსტიტუტი საქართველოს ეკლესიისათვის მნიშვნელოვან პერიოდში, 1917 წლიდან დღემდე. ნათელია, კვლევა ისტორიული ხასიათის იყო და კანონიკური სამართალი მასში შეიძლება მხოლოდ შესულიყო მცირე მასშტაბით, როგორც დამხმარე დისციპლინა, რაც მიღებულია თანამედროვე ევროპულ გამოცდილებაში, ინტერდისციპლინარული კვლევების სახით. ასევე, პატივცემულ თეოლოგიის დოქტორს მსურს მოწიწებით შევახსენო ის, რაც თავად ჩემზე ბევრად კარგად იცის, რომ ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში, რომელიმე ინსტიტუციის (თუნდაც საეკლესიო) გავლენის და მნიშვნელობის გამოკვლევა განსხვავდება თავად ამ ინსტიტუციის სამართლებრივი (მათ შორის, კანონიკური სამართლის კუთხით) კვლევა-ანალიზისგან. ივანე ჯავახიშვილი დიდი ძალისხმევით იკვლევდა ქართული სამართლის ძეგლებს, თუმცა არასდროს მის სამეცნიერო ნაშრომს იურისპრუდენციული ხასიათი არ ჰქონია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, როგორც ავტორმა, სტატიას არ ჰქონია პრეტენზია კანონიკური სამართლის კუთხით. ამის გაგებაში მკითხველს დაეხმარებოდა ასევე, სტატიის დასაწყისში მოთავსებული სტრიქონები, რომელშიც ნათქვამია, რომ ავტორი სასულიერო სემინარიის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტია. მაგრამ ეს რატომღაც ბატონ გოჩას გამორჩა, საერთოდ არ უხსენებია...

ამას გარდა, გადაცემის რესპოდენტი დასძენს, თითქოს სტატიაში ავტორი ამბობს, რომ კონსტანტინოპოლის საყდარმა „უკან დაიხია“ მოსაყდრის ინსტიტუტთან მიმართებაში უკრაინის ეკლესიისადმი ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემისას. თუმცა, მსგავსი შინაარსის პასაჟს ვერ ნახავთ სტატიაში, რომელშიც წერია: „მოსაყდრის, ან მისი იდენტური უფლება-მოსილებით აღჭურვილი ინსტიტუტი, აღმოსავლეთის თითქმის ყველა, როგორც ბერძნულ, ისე სლავურენოვან მართლმადიდებელ ეკლესიაში გვხვდება. ამ ინსტიტუტის საერთაშორისოდ მიღებული დასახელებაა "Locum Tenens", მისი სიცოცხლისუნარიანობის და მნიშვნელობის უახლესი დადასტურებაა უკრაინის ეკლესია, რომლის ტომოსშიც იხსენიება „კანონიკურად დადგენილი კიევის ტახტის მოსაყდრე“. „აშკარაა კონსტანტინოპოლის საყდარმა, როგორც დედა ეკლესიამ, ანგარიში გაუწია უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ათწლეულოვან ტრადიციას ამ ინსტიტუტის არსებობისა“. მოყვანილ ციტატაში საუბარია არა უკან დახევაზე, ან კანონიკური უფლების შეზღუდვაზე, ან რაიმე მსგავზსე, როგორც ამას პატივცემული გოჩა წარმოაჩენს, არამედ დედობრივ, მზრუნველობით დამოკიდებულებაზე შვილი ეკლესიის მიმართ, რომელიც იქცა დად. ამასთან ერთად, ჩვენს წარმოდგენაში ბატონი გოჩა დიდი ერუდიციის და გამოცდილების მქონე პიროვნებაა და ვფიქრობ არ უნდა გასჭირვებოდა იმის მიხვედრა, რომ სტატიის ძირითადი ნაწილის უკრაინის ეკლესიაზე საუბრით დაწყება, საკვლევ თემასა და უკრაინის საეკლესიო ვითარებას შორის პარალელის გამოძებნა შემთხვევითი არაა. რადგან ვის, თუ არა ბატონ გოჩას, მოეხსენება მავანთა შეურიგებლად უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინის საეკლესიო ვითარებისადმი და მათ მიერ ამ კანონიკურ აქტში მონაწილე ეკლესიების მუდმივი დემონიზირების მცდელობა. შესაბამისად ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს იყო საზოგადოებაში საკითხის პოზიტიური აღქმისკენ გადადგმული მოკრძალებული ნაბიჯი, თუმცა ბატონ გოჩას ეს არ აღუნიშნავს, ვიმედოვნებ მხედველობიდან არ გამორჩენია, როგორც სამართლიანობის მუდმივ გულშემატკივარს.

ამასთან ერთად, ბატონი გოჩა, მისი სტატუსისა და კომპეტენციის შესაფერისად, რიგორისტული პათოსით უარყოფს ხსენებულ ტომოსში სიტყვა „მოსაყდრის“ არსებობას. „ტომოსში არ წერია მოსაყდრის შესახებ არაფერი, ტომოსში წერია ადგილის შემთავსებლის შესახებ, რაც არის ბერძნულად „Τοποτηρητής“ და რუსულად - „местоблюсти́тель““. ამიტომ, ვიდრე უშუალოდ ამ ტერმინებზე და სტატიაში მათ გამოყენებაზე ვიტყვი მცირეოდენს, მინდა ერთ დეტალზე გავამახვილო ყურადღება. კონსტანტინეპოლის მიერ, უკრაინის ეკლესიის მიმართ გადაცემული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის ორი თარგმანია ჩვენთვის ცნობილი. ისინი შესრულებულია ორი, საღვთისმეტყველო და კანონიკური სამართლის ცენტრის მიერ, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხიანი, მიუკერძოებელი და მაღალი დონის პუბლიკაციებით. ვგულისხმობთ „წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის საღვთისმეტყველო ცენტრს“[1] და „წმიდა ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტს.“[2] პირველ თარგმანში, რომელიც გრიგოლ პალამას ცენტრმა გამოაქვეყნა, მონაკვეთი, რომელსაც ბატონი გოჩა სადავოდ ხდის, შემდეგნაირადაა თარგმნილი: „უკრაინის ეკლესიას, მისი პირველი პირის ან კიევის საყდრის ადგილის კანონიკური შემთავსებლის“, ხოლო ექვთიმე ათონელის სახელობის ინსტიტუტისეულ თარგმანში, რომელიც სამართლის დოქტორის, თსუს საეკლესიო სამართლის მიწვეული პედაგოგის, ბატონი დავით ჩიკვაიძის მიერაა შესრულებული წერია: „თავისი პირველიერარქის ან კანონიკურად დადგენილი კიევის ტახტის მოსაყდრის მიერ.“ არანაირი უფლება მაქვს და მეტიც თავხედობა იქნებოდა ჩემი მხრიდან ბატონი დავითის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა, ვგონებ ამ საკითხში ბატონი გოჩაც თანამიგრძნობს. ამასთან ერთად, ჩემთვის არაა ცნობილი ბატონ გოჩას ან სხვის მიერ, უკანასკნელ თარგმანთან და მასში ჩვენს მიერ დამოწმებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეცენზიის ან სამეცნიერო კრიტიკის შესრულების შესახებ. შესაბამისად ვფიქრობ, სტატიის წერისას, ჩემს მიერ, წმ ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული თარგმანით სარგებლობა გადაცდომად ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება, ტერმინებს მოსაყდრე, ადგილის მცველი ან შემცვლელი, „местоблюсти́тель“, “ Τοποτηρητής“ ამის შესახებ, ბევრი შეიძლება ითქვას და დაიწეროს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი ჩვენი მიზანი აქამდე არ ყოფილა და არც ამ ეტაპზეა ამ ინსტიტუციის წმიდა საეკლესიო სამართლის კუთხით შესწავლა შესაბამისად, ჩვენ ამჟამად არ ვმსჯელობთ რომელიმე მართვა-გამგეობის დებულების სრულყოფილებაზე. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა ფილოლოგიური ანალიზის შედეგად დაგვედგინა რამდენად სრულყოფილია ხსენებულ ინსტიტუტის სახელი ფორმულირდებოდეს დებულებაში, როგორც „მოსაყდრე,“ მაგრამ ამ საკითხებზე მრავალი შეიძლება ითქვას, სხვადასხვა კუთხით, თუმცა ამჯერად არც ჩვენი ინტერესია და არც მკითხველს შევაწყენთ თავს. სტატიაში შეძლებისდაგვარად სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვაენოვან წყაროებზე დაყრდნობით განხილულია ხსენებული ინსტიტუტის არსებობა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, რუსეთის და საქართველოს ეკლესიების ისტორიასა და ტრადიციაში. დაწვრილებითაა განხილული საქართველოს ეკლესიაში ამ ინსტიტუცის ფორმაციის ეტაპები და შედარებულია ის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა საპატრიარქოებს. ყოველივე ამაზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკლესიის მოქმედ მართვა-გამგეობის დებულებაში არ არსებობს ადგილის მონაცვლის, ან ადგილის მცველის ტიტული, არამედ ფიქსირდება მხოლოდ მოსაყდრე, სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულის მართვა-გამგეობის დებულებით მოსაყდრე, ბერძნული „Τοποτηρητής“ და რუსული „местоблюсти́тель“ ექვივალენტური უფლების მქონე ინსტიტუციებია. თუმცა ავტორი ასევე მკაფიოდ აყალიბებს, რომ მოსაყდრის ძალაუფლება აქტიურდება, ის მოვალეობის შესრულებას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველიერარქი, ანუ ამ შემთხვევაში კათალიკოს-პატრიარქი გარდაცვლილია, ან გადამდგარი. ეს საკითხები უფრო დაწვრილებით განხილულია ჩვენს სტატიაში და უნდა ითქვას, რომ იმ ძირითად დასკვნებს, რომელიც სტატიაშია დაფიქსირებული გადაცემის მსვლელობისას ეთანხმება ბატონი გოჩა ბარნოვი.

უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შესახებაც შეიძლება ითქვას არის ბატონი გოჩას სიტყვები „ეს არის ინფორმაციის დამახინჯება, ეს არის მსმენელთა და მკითხველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა.“ მსურს შევახსენო დიდად პატივცემულ პროფესორს, რომ ინფორმაციის დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართული ქმედებაა, შედეგზე გათვლილი. მაშინ იქნებ ისიც დასძინოს ბატონმა გოჩამ რა მიზეზები და მიზნები გვქონდა, როდესაც განზრახ „შეცდომაში შეგვყავდა მკითხველი.“?! ესაა ბრალდება, რაც არ შეეფერება ბატონი გოჩას სტატუსს და როგორც თეოლოგის, პედაგოგის და უმაღლესის სასწავლებლის დეკანის კომპეტენციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრალდებას უპასუხოდ დავტოვებთ პირადი პატივისცემის, ასაკობრივი სხვაობის და იმ მრავალი სასიკეთო საქმის გამო, რომელიც მას ქართველი ახალგაზრდების განათლებისთვის აქვს გაწეული. მსგავსი ფორმის განცხადებები არ ჯდება სამეცნიერო ეთიკის ნორმებში, არ გვინდა ვიფიქროთ ბატონი გოჩა უკადრისობს ჩვენთან, როგორც უმცროს კოლეგებთან კონსტრუქციულ მუშაობას, რადგან პირადად აქამდეც, ახლაც და მომავალშიც სიამოვნებით გავითვალისწინებთ და მივიღებთ ბატონი გოჩას, როგორც თავის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურის სპეციალისტის და მრავალი ჩვენი მეგობრის მასწავლებლის შენიშვნასა თუ რჩევას. ბოლოს, ისევ მსურს პატივისცემა გამოვხატო ბატონი გოჩა ბარნოვისადმი, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით მოვისმენთ მის აზრს, თუმცა მსგავსი ფორმის განცხადებებზე იძულებული ვიქნებით გავცეთ პასუხი არა სხვათა მსგავსად ტელე-ეთერის საშუალებით, არამედ შესაბამისი შინაარსის, ოფიციალური წერილით. რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა პირადი ბრალდება (რომელიც ჩვენს მეხსიერებას დიდხანს არ გაყვება), ან პირადი დამოკიდებულება (რომელიც მხოლოდ ბ. გოჩასადმი პატივისცემაში გამოიხატება), არამედ ჩვენი მცირედი სამეცნიერო ძალისხმევის რაფინირება და აკადემიური ღირსება და ამასთან ერთად, როგორც ვთქვით, გვჯერა საჯაროობა გარანტიაა ობიექტურობისა.


______________________________

bottom of page