top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

პასუხი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს


 

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი


დოკუმენტები მეტყველებენ


ამა წლის 6 იანვარს ტელევიზია “ტვ პირველის“ გადაცემაში მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ისაუბრა უკრაინის საეკლესიო საკითხთან, დაკავშირებით სადაც გარკვეული სახის ისტორიული რეალობიდან აცდენა გამოიკვეთა. ჩვენ როგორც უწმინდესი კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და თეოლოგიის ბაკალავრი, თავს ვალდებულად ვთვლით ეს უზუსტობები გამოვასწოროთ და ჩვენი თავმდაბლური აზრი რამოდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ, რაც იქნება მისი მეუფებისა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მიმართ უდიდესი შვილობრივი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება, რადგან წმინდა წერილი გვასწავლის: „არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალ. 1, 8).

მისი ღვთისმოყვარე მეუფება ბრძანებს: „ჩვენი ეკლესია ეს არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, კრებითს და ერთია ეკლესია, ოღონდ ადმინისტრაციული მართვა ყველა ქვეყანაში არის დამოუკიდებელი“. ამ წინადადების ეკლესიოლოგიური აცდენა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი ეკლესია ვერ იქნება დამოუკიდებელი, არამედ თვითმმართველი. ამ ორ ტერმინში უდიდესი განსხვავებაა და მათი ერთმანეთში აღრევა ქმნის დიდ ეკლესიოლოგიურ ერესს, რადგან შედეგად წარმოიქმნება პროტესტანტული ეკლესიიის სტილის „ეკლესიათა გაერთიანება“, რაც სრულიად უცხოა მართლმადიდებლობისათვის. ჩვენი წმინდა ეკლესია ერთია და განუყოფელი, რომელიც მდებარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, რომელთა მმართველი ორგანო საერთომართლმადიდებლური (ან კიდევ მსოფლიო საეკლესიო) კრებაა. ეკლესიის დამოუკიდებლობის სისტემა გამოიყენება პროტესტანტულ სივრცეში, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიაში არცერთი ადგილობრივი საყდარი არ არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში იმყოფებიან. მაგალითისთვის შეგვიძლია გადავხედოთ საქართველოს უძველეს ეკლესიაზე გადაცემული ავტოკეფალიის აღიარების ტომოსს, სადაც ვკითხულობთ: „სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებული ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით[1] (Ὅθεν καί συνοδικῶς ἐν Ἁγίῳ Πνεύματι ποφαινόμενοι ανακηρύττομεν τήν Ἁγιωτάτην Ἐκκλησίαν τῆς Γεωργίας, ὑπό τήν παλαιόθεν αὐτοδίοικητον σύστασιν καί ὀργάνωσιν[2])“. მართლმადიდებლური კანონიკური წყობის მიხედვით ტერმინი „დამოუკიდებელი“ სრულიად უცხოა.

მისი ყოვლადსამღვდელო მეუფება საუბრობს, თითქოს უკრაინის დედა ეკლესია რუსეთის ეკლესია იყოს, რაც ისტორიის უგულვებელყოფაა. კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ იქნა დაარსებული 988, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქიათა დიპტიქში მეცამოცე ადგილს იკავებდა. 1654 წელს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მცირე (დღევანდელი უკრაინა) და თეთრი (დღევანდელი ბელორუსია) რუსეთი დაიპყრო, მოსკოვის ეკლესიამ პრეტენზია წამოაყენა ამ ეპარქიებზე და მათი მითვისებაც კი სცადა. ყოველგვარი ანტიკანონიკური და ანტისაეკლესიო ქმედებებით შეიჭრა მსოფლიო საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციაში და მოახდინა კიევის მიტროპოლიტის თვითნებური დადგინება და ხელდასხმა, რაც ადგილობრივმა სინოდმა (კრებამ) დაგმო და ვოლინის ეპისკოპოს გედეონის ხელდასხმა ბათილად სცნო. ამაზე საპასუხოდ იერუსალიმის პატრიარქმა, წმინდა მამა დოსითეოს იერუსალიმელმა რუსეთის პატრიარქ იოაკიმეს წერილიც გაუგზავნა, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა მას ამ არაკანონიკური საქციელის გამო: „იერუსალიმიც თქვენს საეპისკოპოსოდ ხომ არ გსურთ და ბარემ ფეხებიც დაგბანოთ? იქნებ ცოტაა, რომ მოსკოვის სამიტროპოლიტო საპატრიარქო რანგში ამაღლდა, რომ თქვენივე სინოდით ხართ გამორჩეული და ჩვენ ყველას მიერ პატრიარქად მიიჩნევით? მაგრამ თქვენ გსურთ უცხო ეპარქია! უკეთესი იქნებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებაში დარჩენილიყავით... ამბობთ, რომ კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის საჭიროება არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ იყო, მაგრამ ეს სიხარბე და ვერცხლისმოყვარეობა იყო. საჭიროების გარეშე რატომ იჭრებით მამათა საზღვრებში? რას შეუძლია ამის პატიება? ეს ჩაიდინეთ ყოველგვარი საჭიროების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას გვიკეთებთ ჩვენც და ეკლესიასაც. მამათა დადგენილებებით არცერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება უცხო ეპარქიაში ეძიოს ძალაუფლება, მაგრამ თქვენ ამას ეძიებთ და სხვა ეპარქიას ითვისებთ. ვერანაირად ვერ გაამართლებთ თქვენს ამ საქციელს...[3]“. ამის მიუხედავად მოსკოვის პატრიარქი არ წყვეტდა მსოფლიო საყდრის იურისდიქციაში შეჭრას და არაკანონიკური მოქმედებების განხორციელებას, რის დროსაც პოლიტიკური ძალაც ჩარია, რათა კიევის სამიტროპოლიტო დაექვემდებარებინა, რადგან კონსტანტინოპოლის საყდრის ნებართვის გარეშე მოსკოველის ქმედებებს შედეგი არ ჰქონდათ, ამიტომაც რუსეთის მეფემ მსოფლიო პატრიარქ დიონისე მეოთხესთან ელჩი ნიკიტა ალექსიევი ადრიანუპოლში გააგზავნა, რათა საკითხი მოეგვარებინა. მრავალი ზეწოლისა და მუქარის შემდეგ მსოფლიო პატრიარქი იძულებული გახადეს შეედგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მოსკოვს გადასცემდა კიევის სამიტროპოლიტოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მსოფლიო პატრიარქმა 1686 წელს შეადგინა დოკუმენტი შემდეგი ტექსტით: „სულიწმინდისმიერ საყვარელ ძმას და ჩვენი უბრალოების თანამწირველს (მოსკოვის პატრიარქს) აქვს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის უფლება საეკლესიო წესის თანახმად... ერთი პირობით, რომ კიევის მიტროპოლიტი მსახურებისას საღმრთო მისტაგოგიაში პირველად[4] მოიხსენიებს ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის პატიოსან სახელს როგორც მისი წყარო და საწყისი და ყველა ამ ეპარქიათა მმართველის და შემდეგ მოსკოვის პატრიარქს...[5]“. ეს კი არანაირად არ ნიშნავდა მოსკოვის საყდარზე კიევის სამიტროპოლიტოს გადაცემას, პირიქით ის უცვლელად რჩებოდა მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, არამედ მოსკოვის პატრაირქს იკონომიით ეძლეოდა კიევის ადგილობრივი კრების მიერ არჩეული მიტროპოლიტის ხედასხმის უფლება, ეს რა თქმა უნდა ხდებოდა კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში. მოგვიანებით კი რუსების მხრიდან საეკლესიო გადატრიალების გზით კიევის მიტროპოლიტი აიძულეს შეეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, რამაც ნელ-ნელა ჩამოაშორა კიევი კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიას. კონკრეტული დოკუმენტი კი უკვე ავტომატურად წყვეტდა ის ძალა რაც მანამდე გააჩნდა, რადგან პირობების დარღვევის შემთხვევაში ეს უკანასკნელი (ხელდასხმის უფლების მინიჭება) ავტომატურ გაუქმებას ნიშნავდა. 2018 წლის 11 ოქტომბრის მსოფლიო საყდრის გადაწყვეტილებით, მათ მიერ ადრე გაცემული ეს დოკუმენტი გაუქმდა და მოსკოვის პატრიარქს ოფიციალურად ჩამოერთვა სამ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ საეკლესიო იკონომიით მინიჭებული უფლება ეკურთხებინა კიევის მიტროპოლიტი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კიევის სამიტროპოლიტო არასდროს ყოფილა მოსკოვის ეკლესიის კანონიკურ დაქვემდებარებაში, შესაბამისად ის ვერ იქნება დედა ეკლესია. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ისევე როგორც მოსკოვის საპატრაირქოსთვის, ასევე კიევის სამიტროპოლიტოსთვის დამფუძნებელი დედა ეკლესია კონსტანტინოპოლის საყდარია.

მისი მეუფება ბრძანებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ არის საყოველთაო დონეზე გაზიარებული, მაგრამ რატომღაც მის ღვთისმოყვარეობას ავიწყდება, რომ 1589 წელს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ მოსკოვის სამიტროპოლიტო საპატრიარქო რანგში აღამაღლა, მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოხდა ყველა ეკლესიის მიერ მისი აღიარება. შესაბამისად ეს არ წარმოადგენს რაიმე სიახლეს ეკლესიის ისტორიაში, რადგან აუცილებელია გავითვალისწინოთ მოსკოვის მხრიდან სხვადასხვა სახის შანტაჟები და მუქარები ადგილობრივ ეკლესიების მისამართით, რაც რეალურად აყოვნებს უკრაინის უწმინდესი ეკლესიის აღიარების პროცესს. ასევე საქართველოს ეკლესიის მიერ 1917 წელს აღდგენილი ავტოკეფალიის ყველა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან აღიარებას 70 წელზე მეტი დასჭირდა.

შემდეგ მეუფე ნიკოლოზი კითხვას სვამს, თუ ვის მიანიჭა ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქომ, რაზეც მარტივად შეიძლება პასუხის გაცემა. მართლაც მნიშვნელოვანია გასაგები გახდეს ეს საკითხი და ამ საკითხის წამოყენებისათვის მადლობას ვუცხადებთ მის მეუფებას. როდესაც ახალი რომის ეკლესიამ უკრაინაში არსებული სქიზმა განკურნა და სქიზმაში ხელდასხმულები ეკლესიის წიაღში მიიღო და აღადგინა, რასაც 1686 წლის დოკუმენტის გაუქმება მოჰყვა, ამითი ოფიციალურად კვლავ გამოაცხადა მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ორი ყოფილი სქიზმატური ეკლესია (ფილარეტისა და მაკარის) გააუქმა და 2018 წლის 15 დეკემბერს მოწვეული კრებით უკვე სამი საეკლესიო შტო (ონუფრის, ფილარეტისა და მაკარის) ერთმანეთთან გააერთიანა. კრებაზე ყველა ეპისკოპოსი და სასულიერო პირი წარსდგა როგორც მსოფლიო საპატრიარქოს კლირიკოსები. დღეს ონუფრიც და მისი სინოდიც დე-იურედ (ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად) ახალი რომის ეკლესიის კლირიკოსები არიან. შედარებისთვის: ისევე როგორც, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები და სამღვდელოება 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენის მომენტისთვის დე-ფაქტოდ და არაკანონიკურად ირიცხებოდნენ რუსეთის ეკლესიის კლირიკოსებად, მაგრამ კანონიკის მიხედვით ისინი იყვნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წევრნი. აქედან გამომდინარე 15 დეკემბერს დაარსებულ გაერთიანებულ ეკლესიას გადასცა ავტოკეფალია და არა უკრაინაში არსებულ რომელიმე კონკრეტულ საეკლესიო შტოს. მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხაზს უსვამს ონუფრის ეკლესიის ეპისკოპოსთა სიმრავლეს, მაგრამ ჭეშმარიტება სიმრავლეში არ არის!

ღვთისმოყვარე მიტროპოლიტი ბრძანებს: „ამ ტომოსში წერია, მოკლედ, რომ გითხრათ, უკრაინის ეკლესია არ არის ავტოკეფალური... რატომ? ამის სამი მიზეზია, უკრაინის ეკლესიას ჩამოერთვა უფლება იზრუნოს უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებზე, მეორე, მირონის ხარშვის უფლება ჩამოერთვა, კონსტანტინოპოლიდან უნდა წაიღონ მირონი და თუ კონსტანტინოპოლი მირონს არ შესცემს (?), ეკლესიის მოქმედება შეჩერდება და მესამე, როგორც კი უკრაინის ეკლესიაში მოხდება შფოთი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის საპატრაირქომ. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ეკლესია არ არის ავტოკეფალური და არ არის დამოუკიდებელი“.

პასუხის გასაცემად აუცილებელი გახდა დეტალურად შეგვესწავლა ყველა ადგილობრივ ეკლესიათა ავტოკეფალიის ტომოსები რათა ადეკვატური პასუხი გაგვეცა.

1. „უკრაინის ეკლესიას ჩამოერთვა უფლება იზრუნოს უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებზე“ - ეს პოზიცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებთან, ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების (691) მე-20-ე კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსს არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში არ შედის, ხოლო ვინც შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, განკანონებულ იქნეს ეპისკოპოსობიდან და მხოლოდ სამღვდელო საქმე აკეთოს“. მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის მიხედვით ყველა ადგილობრივ ეკლესიას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული კონკრეტული საეკლესიო იურისდიქციები. პრესვიგენული საპატრიარქოებისა (რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) და კვიპროსის ეკლესიის იურისდიქცია განსაზღვრეს მსოფლიო კრებებმა, ხოლო ადგილობრივ ეკლესიათა იურისდიქციები განსაზღვრა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადაცემულმა ავტოკეფალიის ტომოსებმა. მაგალითად, რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია ოფიციალიურად ვრცელდება ჩრდილოეთ ტერიტორიებზე[6]. ყველა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მათი ქვეყნის ფარგლებში და არა მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიო საპატრაირქო კი გახლავთ ერთადერთი ეკლესია ადგილობრივ საყდრებს შორის, რომლის იურისდიქცია მთელ მსოფლიოზე ვრცელდება, სადაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორიები არ არის, ამას კი მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე კანონი ადგენს. სწორედ ამ მიზეზით არის მსოფლიო საპატრიარქო ყველა (გარდა პრესვიგენული საპატრაირქოების, კვიპროსის და საქართველოს ეკლესიებისა) ადგილობრივი საყდრის დედა ეკლესია, რადგან ისინი დაარსდნენ უშუალოდ ახალი რომის ეკლესიის ფარგლებს შიგნით უშუალოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ, სწორედ ეს არის დედა ეკლესიის ინსტიტუტი. საკითხზე რაზეც მეუფე ნიკოლოზი საუბრობს, ეს წარმოადგენს ანტიკანონიკურ ქმედებას და წმინდა კანონების უხეშ დარღვევას, რადგან საზღვარგარეთ სამრევლოების, თუ ეპარქიების დაარსება მსოფლიო საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციაში შეჭრას ნიშნავს, როგორც ამას, ვიმეორებთ, მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი ადგენს.

2. „მირონის ხარშვის უფლება ჩამოერთვა“ - მირონის მოხარშვა არ არის ავტოკეფალურობის კრიტერიუმი და ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის არსებულ რეალობასა და ისტორიულ ფაქტებთან. დღეს მართლმადიდებელ სამყაროში 15 ადგილობრივი ეკლესიაა. ამათგან მხოლოდ (სავარაუდოდ) ახალი რომის, საქართველოს, რუსეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიები ამზადებენ წმინდა მირონს. ყველა დანარჩენი ეკლესიები, როგორც ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის[7], კვიპროსის, საბერძნეთის[8], პოლონეთის[9], ალბანეთის[10], ჩეხეთისა და სლოვაკეთის[11] და უკრაინის ეკლესიებს, წმინდა მირონს მსოფლიო საყდრიდან იღებენ, რაც სრულიად არ ნიშნავს ავტოკეფალურობის დაკარგვას. თუ გადავხედავთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალიის ტომოსებს, გარკვევით „შავით თეთრზე“ წერია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ეკლესია წმინდაა მირონს სწორედ მსოფლიო საპატრიარქოდან იღებს. მეუფე ნიკოლოზის მსჯელობის თანახმად კი, მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ ხუთი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს.

3. „როგორც კი უკრაინის ეკლესიაში მოხდება შფოთი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ“ - მისი მეუფების ეს არგუმენტი არ წარმოადგენს სინამდვილეს. გადავხედოთ თუ რა წერია რეალურად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსში: „ხოლო ეკლესიის, დოგმატური და კანონიკური შინაარსის უპირატესი საკითხების თაობაზე: კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტს თავისი ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით მართებს მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს, რათა მოიძიოს მისგან ავტორიტეტული აზრი და უპირობო მხარდაჭერა[12]“. აქ გარკვევით წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ეკლესიაში დოგმატური და კანონიკური გადაუჭრელი საკითხი იჩენს თავს, მათ უნდა მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს, რათა ერთგვარი დახმარება მიიღოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს შეუძლებელი იქნება ახალი რომის ეკლესიის მხრიდან, მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოიწვევს საერთო მართლმადიდებლურ კრებას რათა მსოფლიო დონეზე იქნეს საკითხი განხილული და გადაჭრილი. რადგანაც ასეთ კრებას მხოლოდ მსოფლიო პატრიარქი იწვევს, ამიტომაც ყველა ეკლესია მიმართავს კონსტანტინოპოლს დასახმარებლად. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ტომოსში ვკითხულობთ ზუსტად იგივე შინაარსის ტექსტს: „ამასთანავე, ვურჩევთ, რომ ზოგადი ხასიათის საეკლესიო პრობლემებისა თუ დაბრკოლებათა დროს, რომელნიც ავტოკეფალური ეკლესიების საგანმგებლო საზღვრებში იჩენენ თავს, ხოლო საყოველთაო განსჯასა და კენჭისყრას ექვემდებარებიან, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოსმა სრულიად საქართველოისამ მიმართოს ჩვენს უწმინდეს საპატრიარქო ტახტს, რომლის მიერაც დაუკავშირდება ყოველ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოს, ჭეშმარიტი სიტყვის მართლმკვეთელთ და თავისივე თხოვნის შესაბამისად, მიიღებს მისგან სარწმუნო აზრსა და შეხედულებას მისას და ძმური ეკლესიებისას[13]“. იგივე შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ სხვა ეკლესიათა ავტოკეფალიის ტომოსებში[14]. აქედან გამომდინარე მისი მეუფების არგუმენტი მოკლებულია ისტორიულ რეალობასა და აცდენილია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიურ გაგებას.

ბოლოს კი დასკვნის სახით ვიტყოდით, რომ ერთია ავტოკეფალიის ტომოსის ტექსტის წაკითხვა, ხოლო მეორეა და უფრო მნიშვნელოვანი, მისი შინაარსის ადეკვატური გაგება, რადგანაც ყოველ საეკლესიო დოკუმენტს ჭირდება საღვთისმეტყველო-კანონიკური გააზრება და საეკლესიო ისტორიისა და კანონიკური სამართლის სღრმისეული ცოდნა.


პატივისცემით,

თეოლოგიის ბაკალავრი

ნიკოლოზ გურგენიძე

თესალონიკი, 2020 წლის 10 იანვარი


 

გამოყენებული ლიტერატურა


- Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Οι θεσμοί του αυτοκεφάλου και αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, გამომც. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014.


ინტერნეტ რესურსები:

- https://www.palamacentre.com/2020/01/06/უკრაინის-ეკლესიის-ავტოკეფალიის-ტომოსი/.


_________________________________

[1] http://patriarchate.ge/geo/eklesia/istoria-movlenebi/saqartvelos-uwmindesi-martlmadidebeli-avtokefaliis-cnobisa/.


[2] Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Οι θεσμοί του αυτοκεφάλου και αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, გამომც. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 167.


[3] https://orthodoxia.info/news/ιστορικη-επιστολη-όταν-ο-ιεροσολύμων/.


[4] „პირველად მოიხსენე, უფალო, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი და მთავარეპისკოპოსი ჩვენი (სახელი), რომელი მოჰმადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა“.


[5]https://www.ecpatr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2627&tla=gr&fbclid=IwAR0soUiRXdTE1yzcIwqPs3dG2YXm35KtFXGm48bVzNAvnloaCEHx6KzfvC8 – „Ὁ ἐν ἁγίῳ Πνεύματι ἀγαπητός καί περιπόθητος ἀδελφός καί συλλειτουργός τῆς ἡμῶν μετριότητος (=πατριάρχης Μόσχας) ἔχῃ ἐπ’ ἀδείας χειροτονεῖν Κιέβου Μητροπολίτην κατά την ἐκκλησιαστικήν διατύπωσιν,... ἑνός μόνου φυλαττομένου, δηλαδή ἡνίκα ὁ Μητροπολίτης Κιέβου ἱερουργῶν εἴη τήν ἀναίμακτον θείαν μυσταγωγίαν ἐν τῇ παροικίᾳ ταύτῃ, μνημονεύοι ἐν πρώτοις τοῦ σεβασμίου ὀνόματος τοῦ Παναγιωτάτου Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου, ὡς ὄντος πηγή καί ἀρχή, ὑπερκειμένου πάντων τῶν πανταχοῦ παροικιῶν τε καί ἐπαρχιῶν, ἔπειτα τοῦ Πατριάρχου Μοσκοβίας...“.


[6] კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის სინდალურ განჩინებაში, მოსკოვის სამიტროპოლიტოს საპტრიარქო რანგში ამაღლების ტომოსი განსაზღვრავს რუსეთის ეკლესიის საეკლესიო იურისდიქციას, ასევე სხვა ეკლესიების იურისდიქციებიც სინოდალური ტომოსებით განისაზღვრება, საკითხის ძირეულად შესწავლისთვის აუცილებელია მკვლევარმა გადახედოს ამ ტომოსებს - Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Οι θεσμοί του αυτοκεφάλου και αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, გამომც. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 124.


[7] სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების საპატრიარქო და სინდალური ტომოსი - იგივე, გვ. 140.


[8] საბეძნეთის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების საპატრიარქო და სინდალური ტომოსი - იგივე, გვ. 176.


[9] პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების საპატრიარქო და სინდალური ტომოსი - იგივე, გვ. 195.


[10] ალბანეთის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების საპატრიარქო და სინდალური ტომოსი - იგივე, გვ. 201.


[11] ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების საპატრიარქო და სინდალური ტომოსი - იგივე, გვ. 212.


[12] https://www.palamacentre.com/2020/01/06/უკრაინის-ეკლესიის-ავტოკეფალიის-ტომოსი/.


[13]http://patriarchate.ge/geo/eklesia/istoria-movlenebi/saqartvelos-uwmindesi-martlmadidebeli-avtokefaliis-cnobisa/.


[14] მაგალითისთვის იხილეთ შემდეგი ეკლესიების ტომოსები: სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი - Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Οι θεσμοί του αυτοκεφάλου και αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, გამომც. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 140, რუმინეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 147, ბულგარეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, 161, საქართველოს ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 168, საბერძნეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 176, პოლონეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 195, ალბანეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 201, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ტომოსი, იგივე, გვ. 213.

Kommentare


bottom of page