top of page
Post: Blog2_Post

საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს ურთიერთობები 1918-1933 წლებში


ავტოკეფალიის აღდგენის დღე


ნიკოლოზ გურგენიძე

თეოლოგიის ბაკალავრი


წინამდებარე ნაშრომი ასახავს საქართველოს უძველესი ავტოკეფალური ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის ურთიერთობებს იმ მცირე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ამ მომენტში ჩვენს ხელთ არსებობს. მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს ეკლესიის ურთიერთობებმა გამოაჩინა, რომ მიუხედავად რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ საქართველოში წამოწყებული ავტოკეფალისტური მოძრაობის დაგმობისა, რომელიც დაიწყო და ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რის შემდეგაც სქიზმატურ და უმადლო ეკლესიად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, ევქარისტიული კავშირიც გაწყვეტილი იყო მანამ, სანამ მოსკოვის ეკლესიამ კვლავ სინოდალურად არ აღიარა ივერიის უძველესი საყდარი. ივერიაში ავტოკეფალისტურმა მოძრაობამ მსოფლიო საპატრიარქო განსაკუთრებულად დააინტერესა და გადაწყვიტა ქართველებთან კანონიკური ურთიერთიერთობები დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა არაკანონიერად, სქიზმატებად გამოაცხადა ივერიის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს არათუ გაუზიარებია ეს გადაწყვეტილება, არამედ განსაკუთრებული ურთიერთობები დაიწყო და ევქარისტიულ ერთობაშიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიკურ ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებდა.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად ივერიისა ლეონიდე


1918 წლის აგვისტოში მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოდან მიიღო წერილი ავტოკეფალიის აღდგენასთან და სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით. განცხადებაში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქომ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ თავდაპირველად თავი შეიკავა პასუხი გაეცა[1]. აქვე მსოფლიო პატრიარქ გერმანე მეხუთეს ატყობინებდნენ უნეტარესი ლეონიდეს პატრიარქად გამორჩევას[2].

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი გერმანე მეხუთე კავაკოპულოსი


მაშინ მსოფლიო საყდარმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის საკითხის სიღრმისეულად შეესწავლა და წმინდა სინოდის განჩინებით თბილისში საპატრიარქო ეგზარქოსის, ტრაპიზონის მოტროპოლიტი ქრიზანთოსის მივლინება, რათა ადგილზევე შეესწავლა ყველა დეტალი. 1920 წელს მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე პრუსის მიტროპოლიტი დოროთე საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას წერილს უგზავნის:

„კონსტანტინოპოლის ეკლესია, სამართლიანად არის მონაწილე საქართველოს სიხარულში ყრილობის მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარების გამო. დედობრივად ულოცავს მის აღმატებულებასა და სახელმწიფოს ამ ბედნიერი მოვლენას და ღირსია ქართველ სათნო ერს გადასცეთ დედობრივი სურვილები. უსურვებს (მსოფლიო საპატრიარქო) ღმერთშემოსილ სახელმწიფოს უფლის კურთხევასა და მხარდაჭერას და განვითარებას ყოველივე კეთილ საქმესა და მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვას, როგორც თვალის ჩინი, როგორც ამას თქვენი სათნო ქვეყანა აკეთებდა“. თბილისში მყოფ ტრაპიზონის მიტროპოლიტ ქრიზანთოსს კი დაევალა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის მსოფლიო საყდრის მილოცვა გადაეცა[3].

მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, პრუსის მიტროპოლიტი დოროთეოს მამელისი

ტრაპიზონის მიტროპოიტი ქრიზანთოს ფილიპიდისი


შემეცნებითი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ ტრაპიზონის მიტროპოლიტი ქრიზანთოსი 1920 წლის 15 ივლისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ვრცელი მოხსენებით წარდგა, სადაც დეტალურად მიმოიხილა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ისტორია და აღნიშნა:

„ჩემი მოხსენებით, საქართველოს ეკლესიის შესახებ მივდივარ დეტალური საკითხების პრეზენტაციისკენ და მისი ამჟამინდელი კანონიკური ადგილის წარმოდგენისკენ, რათა (მსოფლიო საპატრიარქოს) წმინდა სინოდმა დაარეგულიროს მისი კანონიკური ურთიერთობები საქართველოს ეკლესიასთან და აღიაროს უკვე აღიარებული ავტოკეფალიის აღდგენა“. მიტროპოლიტი ქზისანთოსი მის მოხსენებაში განსაკუთრებულად ეხება წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემოსვლას საქართველოში, მის მოღვაწეობასა და განსაკუთრებულ როლს. წმინდა თეოდორიტე კვირელზე დაყრდნობით, ივერიელებსა და ივერიის ეკლესიის შესახებ იშველიებს Bzouius-ის ცნობებს სადაც ის ამბობს, რომ აღმოსვლეთში არსებობს ქრისტიანთა მეომარი ერი, რომელთაც ქართველები ეწოდებათ და ურწმონთა წინააღმდეგ ბრძოლაში წმინდა გიორგის დახმარება აქვთ. აქვე აღნიშნავს, რომ ძველ პერიოდში ივერიის ეკლესია ბერძნული ტრადიციებით აღასრულებდა მსახურებებსა და საიდუმლოებებს, ხშირად ეწვევიან უფლის წმინდა ადგილებს. მიტროპოლიტ ქრიზანთოსის მიხედვით, საქართველოს იგივე ივერიის ეკლესია თვდაპირველად სწორედ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში იყო, რადგან პირველად, როგორც ამას წმინდა თეოდორიტე კვირელი ამტკიცებს, კონსტანტინოპოლიდან გაიგზავნა ეპისკოპოსი, მაგრამ მოგვიანებით უცნობი მიზეზების გამო ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ტრაპიზონის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ ივერიის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადადის, რადგან ტერიოტიულად უფრო ახლოს იყო.

მეორე ათასწლეულში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსების ტიტულებზე საუბრისას მიტროპოლიტი ქრიზანთოსი ქვემო ივერიის კათოლიკოსს ასე მოიხსენიებს - „უნეტარესი და ღვთივპატივცემული კათოლიკოსი იმერეთისა, ოსეთისა [სვანეთისა], გურიისა, აფხაზეთისა, სოანიისა და სრულიად ქვემო ივერიისა“, ხოლო ზემო ივერიის კათოლიკოსს ასე - „უნეტარესი და ღვთისპატივცემული კათოლიკოსი ქართლისა, კახეთისა, ალბანეთისა და სრულიად ზემო ივერიისა.

1917 წლის 12 მარტიდან საქართველოს წმინდა ეკლესია თავისულდება რუსეთის ეკლესიიდან და იწყებს დამოუკიდებელ საეკლესიო გზას. ამ მოვლენებს მიტროპოლიტი ქრიზანთოსი აღწერს: 1917 წლის 12 მარტს ეპისკოპოსებმა, სასულიერო პირებმა და ერის წარმომადგენლებმა მცხეთაში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს საეკლესიო ავტოკეფალური მმართველობის აღდგენა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის კანონიკურ არჩევნებამდე კი მოსაყდრედ დანიშნეს ეპისკოპოსი ლეონიდე და მისი თავმჯდომარეობით შეიქმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი სამმართველო, რომელიც შედგებოდა სასულიერო და საერო პირებისგან. მაშინ რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული იყო რუსი მღვდელმთავარი, ყოვლადუსამღვდელოესი პლატონი.

ეპისკოპოს ლეონიდეს დროებითი საეკლესიო სამმართველოს მიერ კანონიკურად შეჩერებულად გამოცხადდა საქართველოს ჰყავდეს ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი და ეგზარხოსი რუსეთიდან და მართოს ქართული საეპისკოპოსები[4]“.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად ივერსიისა კირიონი


1917 წლის 8 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოსად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი, დაიწყო ახალი სამიტროპოლიტო და საეპისკოპოსო საყდრების დაარსება და ეპისკოპოსების გამორჩევა. ამა წლის სექტემბრის თვეში მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა მსოფლიო პატრიარქ გერმანე მეხუთეს ივერიის ისტორიულ საყდარზე გამორჩევის შესახებ ეპისტოლე გაუგზავნა[5].

მოსკოვის პატრიარქი ტიხონ ბელავინი


1917 წლის 29 დეკემბერს ეს მდგომარეობა რუსეთის წმინდა სინოდმა გააპროტესტა, სადაც პატრიარქმა ტიხონმა შესაბამისი ეპისტოლეც გამოსცა პროტოკოლის ნომერით 3. რუსეთის პატრიარქი ტიხონი ეპისტოლეში აღნიშნავს: „1) ერთმორწმუნე საქართველო ასი წლის წინ გაერთიანდა რუსეთთან და მის საეკლესიო მთვრობასთან, რომელიც საბოლოოდ დაექვემდებარა რუსეთი უწმინდეს სინოდს, 2) ამ მდგომარეობამ მთელი ასი წლის განმავლობაში არანაირი სახის წინააღმდეგობა არ გამოიწვია, 3) 1905 წელს მოხდა საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდა სინოდზე თხოვნა ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და უნდა დალოდებოდა გადაწყვეტილებას“. პატრიარქ ტიხონის მტკიცებით საქართველოში არსებული ავტოკეფალია და ყველა სახის საეკლესიო მდგომარეობა არის გაუქმებული, ანტიკანონიკური და სქიზმატური. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მდგომარეობას კი ბულგარეთის ეკლესიას ადარებს, რომელიც 1870 წელს სქიზმაში გავიდა და ყველა ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა. 1919 წლის 5 აგვისტოს საქართველოდან რუსეთის პატრიარქის მისამართით გაიგზავნა საპასუხო ეპისტოლე პროტოკოლის ნომრით 3949 ისტორიულად გამყარებული და არგუმენტებით სავსე[6]. ისტორიულ წერილში ნეტარხსენებული და ღვთისმოყვარე პატრიარქმა ლეონიდემ აღნიშნა: „ას წელზე მეტია,როგორც შენმა უწმინდესობამაც უწყის, რაც მოწამეობრივი საქართველო მართლაც შეუერთდა ერთმორწმუნე რუსეთს ერთი საზოგადო სამოქალაქო ხელისუფლების ქვეშ, გარნა ამავე დროს მას სრულებით არაფრით განუცხადებია თავისი სურვილი მასთან ეკლესიურადაც შეერთებულიყო[7]“. მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდნზე ტრაპიზონის მიტროპოლიტმა ქრიზანთოსმა მოხსენების დასასრულს წმინდა მღვდელმთავრების წინაშე განაცხადა: „მოკრძალებით ვფიქრობ, რომ კონსტანტინოპოლის პრეზვიგენულმა ეკლესიამ უნდა განახორციელოს ისტორიის ამ საგანგაშო შემთხვევებში ფრთხილი ჩარევა და რუსეთის უწმინდესი სინოდი დაიყოლიოს, რათა აღიაროს საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალია ისე, როგორც ეს ასი წლის წინ იყო[8]“. მიტროპოლიტის აზრით, ეს ნაბიჯი იქნებოდა მეტად მნიშვნელოვანი მართლმადიდებელ ეკლესიაში რყევებისა და დაპირისპირების შესაჩერებლად. ამ მომენტიდან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ მისი კანონიკური სტატუსი, მიუხედავად რუსეთის ეკლესიის მიერ ქართველი მღვდელმთვრების „უმადლოებად“ გამოცხადებისა.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, პირდაპირ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ოკუპირება წარმოადგენდა ყოველგვარი კანონიკური ნორმების დარღვევას, ისევე, როგორც ეს კიევის სამიტროპოლიტოს შემთხვევაში მოხდა. ამ ორს შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ პირველის შემთხვევაში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკას სრულიად ემსხვერპლა მთელი ადგილობრივი ეკლესია, რაც განსაკუთრებულად ამძიმებს მდგომარეობას და ამის მომქმედთა განკვეთასა ადგენს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მეორეს შემთხვევაში რუსებმა სხვა ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია მიიტაცა. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მიტაცება და მისი თვითმართველი სისტემის გაუქმება-დამხობით კანონები დაარღვია, რადგან 1593 წლის 12 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქოს კრებამ, სადაც ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქები ესწრებოდნენ და რუსეთის ეკლესიის საეკლესიო საზღვრები მკაცრად განსაზღვრეს. დადგენილებაში კი წერია, რომ მოსკოვის პატრიარქის იურისდიქცია გავრცელდებოდა მხოლოდ ჩრდილოეთ ტერიტორიებზე[9], აქედან გამომდინარე მოსკოვის საყდარს აბსოლუტურად არანაირი სახის უფლება არ გააჩნდა ჩარეოდა მის სამხრეთით, აღმოსავლეთითა თუ დასავლეთით მყოფ ეკლესიების საქმეებში, არათუ გაეუქმებინა და იძულებით დაექვემდებარებინა მთელი ადგილობრივი ეკლესია. წმინდა კანონები, რომლებიც დაირღვა რუსეთის ეკლესიის ამ ქმედებით შემდეგია: მოციქულთა: 34[10], 35[11], პირველი კრების: 15[12], მეორე კრების: 2[13], მესამე კრების: 8[14], ანტიოქიის კრების: 13[15], 22[16] და სხვ.

აქედან გამომდინარე საქართველოს ეკლესიის მიერ ხელახლა ავტოკეფალიის აღდგენა სრულიად ჯდება კანონიკურ ფარგლებში და მოსკოვის ეკლესიის მიერ ქართველ სასულიერო პირებზე დადებული ნებისმიერი სასჯელი ავტომატურად გაუქმებულია და არ გააჩნია არანაირი სახის კანონიკური საფუძველი.

1922 წლის მსოფლიო საპატრიარქოს ჟურნალ „საეკლესიო ჭეშმარიტებაში - Εκκλησιαστική Αλήθεια“ ქვეყნდება მილიტოს მიტროპოლიტ კალინიკეს ვრცელი სტატია ივერიის, იგივე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სადაც საუბარია სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებზე. მიტროპოლიტი სტატიის დასაწყისში აღნიშნავს: „ივერიის ან საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ავტოკეფალურთაგანს მთელ მართლმადიდებელ სამყაროში[17]“. აქვე მისი მეუფება საუბრობს რუსი ეგზარქოსების მიერ 100 მილიონი ოქროს ოდენობის მოპარვის, ხელნაწერების, ხატების საეკლესიო ჭურჭლის გაძარცვის, ქართული ენისა და გალობის შეცვლისა და ტაძრებში სლავური ენის დამკვიდრების შესახებ. მიტროპოლიტი კალინიკე განსაკუთრებით გაზს უსვამს ქართველი სასულიერო პირების დევნის ფაქტს. როგორც ის აღნიშნავს, 1907 წელს ეპისკოპოსებმა კირიონმა და ლეონიდემ, არქიმანდრიტმა ამბროსიმ და სხვ. მსოფლიო პატრიარქს მისწერეს წერილი სადაც მხარდაჭერას ითხოვდნენ, საპასუხოდ კი სასჯელის სახით გადასახლება მიუსაჯეს[18]. იმ პერიოდის რუსული პროპაგანდის ნაწილი გახლდათ საქართველოში მსოფლიო საპატრიარქო წარმოეჩინათ, როგორც ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე და დამგმობელი (როგორც ეს დღეს ხდება), მაგრამ როგორც მიტრ. კალინიკე აღნიშნავს, ეს ეჭვი მსოფლიო საპატრიარქოს მოსაყდრემ იმით გაფანტა, რომ ივერიის ეკლესიაში მისი წარმომადგენელიც კი მიავლინა და რუსების ეს ცილისწამება პირადად დაგმო ქართველების წინაშე და მხარდაჭერაც გამოუცხადა, როგორც ეს უკვე ზემოთ ვიხილეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და იძულებით მასზე დაქვემდებარებაზე საუბრისას აღნიშნავს: „ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არცერთი ავტოკეფალური ეკლესიისთვის არ უცნიათ და კანონიკური დამტკიცებაც კი ვერ მოიპოვა[19]“. 1922 წლის მონაცემებით საქართველოში არსებულ ეპარქიების შესახებ ცნობას შემდეგნაირად გვაწვდის: „ივერიის ავტოკეფალური ეკლესია შედგება ექვსი ეპარქიისგან, 1. მცხეთის სამთავარეპისკოპოსო საყდარი, 2. თბილისის სამიტროპოლიტო, 3. ქუთაისის სამიტროპოლიტო, 4. ზუგდიდის სამიტროპოლიტო, 5. ბიჭვინთისა და აფხაზეთის სამთავარეპისკოპოსო და 6. გორისა და ალავერდის საეპისკოპოსო[20]“.

საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის კანონიკური ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა. 1926 წლის 28 მარტს მსოფლიო პატრიარქს „მშვიდობის ეპისტოლე“ გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, სადაც ის მის არჩევას იტყობინებოდა. წერილში ვკითხულობთ:

ყოვლადუწმინდესო და უნეტარესო მამაო,

ღვთის ნებით, პატრიარქმა და კათოლიკოსმა ლეონიდემ, საქართველოს ეკლესიის პრიმატმა 1921 წლის 11 ივლისს ღვთივ განისვენა.

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქართველთა სასულიერო და ყოველთა საერო დასმა კრებაზე სულიწმინდის მადლით მცხეთის მთავარეპისკოპოსად და სრულიად საქართველოს პატრიარქად და კათოლიკოსად ჩემი უღირსება გამოირჩიეს.

გაოცებული შევყურებ იმ მძიმე უღელს, რომელიც ღვთის განგებამ მომანიჭა, მაგრამ გონებაში გვაქვს ის, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია ითხოვდა რაიმეს ერთმორწმუნე აღმოსავლეთის ეკლესიათა ოჯახში ყოველთვის პოულობდა დახმარებას. მიხარია იმ იმედით, რომ ეს დახმარება და მხარდაჭერა არასდროს დაგვტოვებენ და აღმოსავლეთის ეკლესია (მსოფლიო საპატრიარქო), როგორც დედა, რომელიც სიმპათიით არის განწყობილი ჩვენს მიმართ სურს დაგვეხმაროს და მხარდაჭერის ხელი გამოგვიწოდოს.

ამ იმედით, ივერიის (საქართველოს) პრიმატთა საყდარზე ასული, ყოვლადუწმინდესო მამაო გიგზავნით გულითად მოკითხვასა და თხოვნას, გამოიჩინოთ ჩემი თავმდაბლობის მიმართ მზრუნველობა, რადგან წინასწარმეტყველის მიხედვით „აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად (ფსალ. 132).

მდაბალი ამბროსი,

მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა[21]“.

1927 წლის 6 აგვისტოს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად ივერიის კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ მსოფლიო პატრიარქ ბასილ მესამეს მის გამორჩევასთან დაკავშირებით ეპისტოლე გაუგზავნა:

„ყოვლადუწმინდესო და უნეტარესო მამაო,

ამ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ დიდი დანაკარგი განიცადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უნეტარესმა ამბროსიმ 29 მარტს ღვთივ განისვენა.

საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ, რომელიც ამავე წელს თბილისში იქნა მოწვეული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ჩემი უღირსება გამოირჩია.

ლოცვითა და შიშით ვიღებ იმ ვალდებულებებს, რაც უფლის ნებით მომეცა, მაგრამ მტკიცე რწმენით საღმთო მცნების მიმართ. გთხოვთ თქვენც გახდეთ ჩემი ლოცვების თანაზიარი უფლის და ღმერთის წინაშე, რათა დამეხმაროს აღვასრულო მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურების მოვალეობები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა მეოხებით.

ამ იმედით გადავცემ თქვენს ყოვლადუწმინდესობას ჩემს პატივისცემასა, მოკითხვებსა და ლოცვებს, რათა უფალმა მოგანიჭოთ დღეგრძელობა ერთი მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის კეთილდღეობისათვის, რომლის წევრი მრავალი წლიდან საქართველოს (ივერიის) მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიაც გახლავთ.

ქრისტეფორე,

პატრიარქი და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა, მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა[22]“.

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბასილ მესამე გრიგორიადისი


ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით 1917 წელს ივერიის საყდრის მიერ აღდგენილი ავტოკეფალია არცერთმა ეკლესიამ არ აღიარა და ეს მხოლოდ 1943 წელს მოხდა მოსკოვის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ. სინამდვილეში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ივერიის კათედრის კანონიკური სტატუსი მსოფლიო საყდარმა მაშინვე აღიარა და ევქარისტიული კავშირიც კი ჰქონდა დამყარებული. ეს ფაქტი კი მსოფლიო პატრიარქ ბასილ მესამეს საპასუხო წერილიდან მტკიცდება, სადაც პატრიარქ ქრისტეფორეს „თანამწირველად“ მოიხსენიებს. იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო საპატრიარქოს ექნებოდა აღიარებული მოსკოვის სინოდის გადაწყვეტილება ქართველ ავტოკეფალისტების დამხობის შესახებ, მაშინ არც თანამწირველად მოიხსენიებდა და არც საპასუხო წერილებს გაუგზავნიდა.

1927 წლის 12 სექტემბერს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბასილ მესამე ივერიის კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს საპასუხო წერილს უგზავნის:

„უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთისა და თბილისისა და სრულიად ივერიის კათოლიკოსო, ქრისტე ღმერთის მიერ ღრმად საყვარელო და ნეტარო ძმაო და თანამწირველო ჩვენი უმდაბლესობის უფალო ქრისტეფორე, თქვენს პატივცემულ უნეტარესობას ძმურად უფლის მიერ ვეხვევით და განსაკუთრებულად მოგმართავთ.

დიდი სიხარულით მივიღეთ და წავიკითხეთ ჩვენი წმიდნა სინოდის სხდომაზე გასული თვის 6 აგვისტოს თქვენი უნეტარესობის გამოგზავნილი წერილები, სადაც გვატყობინებდით თქვენი არჩევისა და მარტის თვეში ივერიის ნეტარხსენებული კათოლიკოსის ამბროსის გარდაცვალებისა და ივერიის წმინდა ეკლესიის საყდრის დაქვრივების შესახებ.

ასევე გამოვხატავთ ჩვენს გულრწფელ სიხარულს. ბედნიერად ვგრძნობთ თავს წარმატებული სიახლეებს, ღვთის კურთსევისა და ჩვენი საყვარელი ივერიის ეკლესიის საკითხების დალაგების გამო, რომლის მიმართაც ჩვენი ეკლესია განსაკუთრებულად არის დაკავშირებული სიყვარულითა და სიმპათიით. თქვენი პატივცემული უნეტარესობის არჩევასთან დაკავშირებით გიგზავნით ჩვენს ამ ძმურ საპასუხო გულმხურვალე ეპისტოლეს და თქვენს უნეტარესობას მთელი სულით ვუსურვებთ უფალმა გაგაძლიეროთ მიღებული უმაღლესი მცნებების შესრულებაში თქვენი წმინდა ეკლესიისა და ივერიის სათნო ერის სიკეთისთვის.

თქვენი პატივცემული უნეტარესობის ქრისტესმიერი ძმა

კონსტანტინოპოლელი ბასილი[23]“.

თუ დავაკვირდებით ისტორიული საპატრიარქო ეპისტოლეს შინაარსს, დავრწმუნდებით თუ როგორ იყო განწყობილი მსოფლიო საყდარი საქართველოს ეკლესიის მიმართ. არათუ „უმადლოებად“ მიიჩნევდა, არამედ ევქარისტიული კავშირიც კი ქონდა დამყარებული და სრულიად კანონიკურ ავტოკეფალურ ეკლესიად აღიარებდა, ისე როგორც ეს რუსულ საეკლესიო ოკუპაციამდე იყო. თუ გადავხედავთ უკრაინის ეკლესიის ისტორიას ავტოკეფალური მოძრაობა ასევე 1917 წელს დაიწყო, ისევე როგორც ეს საქართველოში მოხდა. უკრაინაში მაშინ შეიქმნა ე.წ. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, რომლის მწყემსმთავრად „მიტროპოლიტი“ ბასილ ლიპკოვსკი აირჩიეს, რომლის ხელდასხმა არა ეპისკოპოსებმა, არამედ მღვდლებმა აღასრულეს. ამის შემდეგ ის განუწყვეტლივ უგზავნიდა მსოფლიო პატრიარქს წერილებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საყდარს სურდა დახმარებოდა უკრაინას პასუხს არასდროს უბრუნებდა მათი არაკანონიკური მდგომარეობის გამო. საქართველოს შემთხვევაში კი მდგომარეობა სრულიად სხვანაირი იყო. აქ კი არანაირი სახის კანონიკურ დარღვევას არ ვხვდებით არც ივერიელი ავტოკეფალისტების ხელდასხმებში და არც ავტოკეფალიის აღდგენის პროცესებში. ივერიის ავტოკეფალური ეკლესიის სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან აღიარების პროცესს ასევე ხელს უწყობდა განსაკუთრებული მხარდაჭერა, რასაც მსოფლიო საპატრიარქო იჩენდა და პირდაპირ ერეოდა ამ საკითხში, რათა დაერწმუნებინა სხვა ადგილობრივი ეკლესიები დაემყარებინათ ევქარისტიული კავშირი და მისი უძველესი ავტოეკფალიაც ეღიარებინა.

1927 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პატრიარქმა ქრისტეფორემ მსოფლიო პატრიარქ ბასილ მესამეს გაუგზავნა ეპისტოლე, სადაც საქართველოს ეკლესიაში ახალი კალენდრის შეტანას აუწყებდა და გარკვეული საკითხების გადამოწმებას სთხოვდა.

„ყოვლადუწმინდესო და უნეტარესო მამაო,

თქვენი ყოვლადუწმინდესობა რა თქმა უნდა არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყანათა სახელმწიფოებისაგან პოლიტიკური გამოყენებისთვის მიღებულ იქნა ახალი კალენდარი, ე.წ. გრიგორიანული. ამის შედეგი იყო ავტოკეფალურმა ეკლესიებმა გამოყენებაში დაამკვიდრეს ეს კალენდარი, მაგრამ მხოლოდ უძრავი დღესასწაულები და ასევე ზოგიერთმა ის დღესასწაულებიც შეცვალა, რომელიც აღდგომაზე არიან დამოკიდებულნი, რათა დიდი მარხვის პერიოდი დასავლეთის ეკლესიის ქრისტიანებს დაემთხვეს.

საქართველოს დემოკრატიულმა სახელმწიფომ მიიღო გრიგორიანული კალენდარი. მის გამო საქართველოს ეკლესიის სინოდი, რომელიც თბილისში შეიკრიბა 21 დან 27 ივნისამდე მიიღო გადაწყვეტილება მისი სრული სისავსით გამოიყენოს ახალი კალენდარი, რომელიც უზუსტესად განსაზღვრავს დღესასწაულებსა და მარხვებს. სინოდმა გაითვალისწინა ახალი და ძველი კალენდრის დღესასწაულების დადგენა და გადაწყვიტა სრული სისავსით მოყვეს ახალ კალენდარს. ამ გადაწყვეტილების შესრულება კი დაევალა საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო კრებას.

არ ვართ დარწმუნებულნი, რომ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება შესაძლებელი იქნა ახლო მომავალში იქნეს მოწვეული, გვსურს თქვენი ყოვლადუწმინდესობისგან მივიღოთ უზუსტესი ინფორმაცია კონსტანტინოპოლის დიდ მსოფლიო ეკლესიაში ახალი კალენდრის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და რა იქნებოდა თქვენი შენიშვნა სააღდგომო დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით დასავლელი ქრისტიანების პარალელურად.

უკიდურესად დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ყოვლადუწმინესობა გაგვცემს მოკლე და კონკრეტულ პასუხს ზემოთ წარმოყენებული საკითხის შესახებ. შევთხოვ ღმერთს თქვენი უნეტარესობის დღეგრძელობას.

ქრისტეფორე, პატრიარქი და კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა, მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა[24]“.

1927 წლის 4 ოქტომბერს უკვე ივერიის უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე ახალი რომის საყდარს ახალი კალენდრის საეკლესიო პრაქტიკაში შემოღებას აუწყებს, მაგრამ პასქალიის ძველი სტილით გამოთვლის მეთოდის შენარჩუნებით, როგორც ეს პირველმა წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრებამ ნიკეაში 325 წელს დაადგინა[25].

1927 წლის 19 ნოემბერს მსოფლიო პატრიარქი ბასილ მესამე ახალი კალენდრის შესახებ საქართველოში აგზავნის საპასუხო საპატრიარქო წერილს პროტოკოლის ნომრით 3074:

„უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთისა და თბილისისა და სრულიად ივერიის კათოლიკოსო, ქრისტე ღმერთის მიერ ღრმად საყვარელო და ნეტარო ძმაო და თანამწირველო ჩვენი უმდაბლესობის უფალო ქრისტეფორე, თქვენს პატივცემულ უნეტარესობას ძმურად უფლის მიერ ვეხვევით და განსაკუთრებულად მოგმართავთ.

სიყვარულით მივიღეთ თქვენი უნეტარესობის მიერ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოგზავნილი ეპისტოლე, სადაც განგვიცხადეთ თბილისში ჩატარებული საქართველოს ეკლესიის სინოდის განჩინება კალენდრის შესახებ, რომელმაც დაამტკიცა ივერიის ეკლესიაში ახალი ან სხვანაირად შესწორებული კალენდრის დამკვიდრება. ამ კალენდრის საეკლესიო ცხოვრებაში შეტანა, ასევე მოიცავს პასქალიის დღესაც. ძირითად კითხვას, რომელიც წამოაყენეთ კალენდრის შესახებ, ჩვენი კონსტანტინოპოლის ეკლესიის დღის წესრიგშიც დგას, რამდენაც შესაძლებელია აღდგომა ვიდღესასწაულოთ დასავლეთის ეკლესიათა ქრისტიანებთან ერთად.

ზემო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თქვენს უნეტარესობას ვუცხადებთ ჩვენს პასუხს, რომელიც წარმოადგენს სინოდურ გადაწყვეტილებას:

შესწორებული კალენდრის საეკლესიო გამოყენებაში დაკვიდრების აუცილებლობა მაშინ გახდა, როდესაც მართლმადიდებლურმა სახელმწიფოებმა მიიღეს და დაამკვიდრეს ეს კალენდარი მათი საერო საქმეების საწარმოებლად. ამის გამო 1923 წელს ჩვენს საპატრიარქოში ჩატარებულ საერთომართლმადიდებლურ შეხვედრაზე, სადაც მოწვეული იყვნენ ყველა და ავტოკეფალური ეკლესიები, რომელთაგან უმრავლესობა წარმოდგენილი იყო, ეკლესიის მიერ დამტკიცებულ იქნა საეკლესიო პრაქტიკაში შესწორებული კალენდრის შემოტანა და გამოყენება, მართლმადიდებელი ერის სასიკეთოდ. რაც შეეხება ორ კალენდარს, საეკლესიო ცხოვრებაში ამან დამატებითად მნიშვნელოვანი აღრევა გამოიწვია. ეს განჩინება მაშინვე ჩვენმა ქრისტეს დიდმა ეკლესიამ (მსოფლიო საპატრიარქომ) წმინდა სინოდის განჩინების სახით დაუგზავნა ყველა და ეკლესიას, რომელიც სრულიად მიღებული აღმოჩნდა უმრავლესობისათვის.

ჩვენს კონსტანტინოპოლის ეკლესიასა და უმრავლეს და ეკლესიებში მივიღეთ 1924 წლიდან და ვიყენებთ შესწორებულ კალენდარს მხოლოდ უძრავ დღესასწაულების შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება პასქალიის საკითხს, დროებით მივყვებით ძველი კალენდრის სტილს, სანამ რაიმე სახის ერთობლივ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ[26]“. მსოფლიო პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ პასქალიის საკითხის შესწავლა დროებით შეჩერებულია დიდი ან მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე, სადაც ადგილობრივი ეკლესიები ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კალენდრის ცვლილებამ საეკლესიო წრეებში გაურკვევლობები გამოიწვია, რადგან მრავალი მათგანი ვერ ჩაწვდა ახალი კალენდრის მნიშვნელობას და მას არასწორი თვალსაზრისით უყურებდნენ. 1928 წლის 28 ნეომბერს ივერიის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მსოფლიო საპატრიარქოს წერილი გაუგზავნა, სადაც ახალი რომის პატრიარქს აუწყებდა, რომ სასურველი იქნებოდა მსოფლიო კრების მოწვევა და კალენდრის საკითხის იქ გადაწყვეტა. ქართველი უწმინდესი მღვდელმთავრების აზრით მხოლოდ უძრავი დღესასწაულების გადასვლა ახალ სტილზე იწვევს გარკვეული სახის აღრევასა და ანომალებს, რადგან 1929 წელს, მაგალითად, მოციქულთა მარხვა არ მოუწევდა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისტოლეში აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია მსოფლიო კრების მოწვევა მაშინ: „ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა, რომელიც და ეკლესებისგან იღებს წერილებს და სთავაზობს გამოსავალს, აიღოს საკუთარ თავზე ამ საკითხის გადაჭრა მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე. 1927 წლის 21-27 ივნისს ივერიის ეკლესიის მოწვეულ ადგილობრივ კრებაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება შესწორებული კალენდრის სრული დამკვიდრება, ისე, როგორც მოძრავი ასევე უძრავი დღესასწაულები. შესწორებული კალენდრის გამოყენებისას, 1927 წლის 17 თებერვლის წმინდა სინოდზე გათვალისწინებულ იქნა მსოფლიო პატრიარქ ბასილ მესამეს ეპისტოლე, რის მიხედვითაც ყოვლადუწმინდესი ითხოვდა მხოლოდ უძრავი დღესასწაულები აღნიშნულიყო შესწორებული კალენდრის თანბახმად, ხოლო პასქალიის საკითხი კი მოგვიანებით გადაწყდებოდა. არსებული ვითარების გამო ჩვენი კითხვებით მოციქულთა მარხვის შესახებ შევაწუხეთ ყოვლადუწმინდესი პატრიარქი ბასილ მესამე, რომელიც მართლმადიდებელ ქვეყანათა ცენტრში იმყოფება. მაგრამ ყოვლაუწმინდესის წერილი, რომელიც 20 აგვისტოს მივიღეთ 2111 პროტოკოლის ნომრით, ჩანს, რომ 1929 წლის მარხვის საკითხი ჯერ შესწავლის სტადიაში იმყოფება[27]“. მაშინ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება შესწორებული კალენდრის საკითხის საბოლოო შესწავლამდე 1928 წლის 1 ოქტომბრიდან დროებით იულიანურ კალენდარს დაუბრუნდეს.

ფაქტია, რომ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ აღიარებდა, როგორც კანონიკურ ავტოკეფალურ ეკლესიად, არამედ საერთომართლმადიდებლურ საკითხებსაც კი უზიარებდა და, მიუხედავად რუსების წინააღმდეგობისა, აქტიური მონაწილეობის საშუალებასაც აძლევდა.

საქართველოს ეკლესია კვლავ აგრძელებდა მსოფლიო საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირის დამყარებას და ყოველ დიდ და საუფლო დღესასწაულებზე თბილისის საყდრიდან იგზავნებოდა მისალოცი წერილები და პირიქით. უწმინდეს პატრიარქ ქრისტეფორეს მსგავსი მიმოწერა ჰქონდა მსოფლიო პატრიარქ ფოტიოს მეორესთანაც.

მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ფოტიოს მეორე მანიატისი


1932 წლის 12 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივმა წარმომადგენელმა და საპატრიარქო ეგზარქოსმა მოსკოვში, არქიმანდრიტმა ბასილ დიმოპულოსმა მსოფლიო საყდარს აცნობა ივერსიის ეკლესიის მწყემსმთავრის, კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს გარდაცვალება. ეპისტოლე პატრიარქის გარდაცვალების შესახებ წაიკითხეს ახალი რომის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, რის შემდეგაც მსოფლიო პატრიარქმა ფოტიოს მეორემ და წმინდა სინოდის მღვდელმთვრებმა გადაიხადეს პანაშვიდი ნეტარხსენებული პატრიარქის სულის განსასვენებლად, სადაცა მართალნი განისვენებენ. მოსკოვში მყოფ საპატრიარქო ეგზარქოსს არქიმანდრიტს ბასილს წმინდა სინოდმა დაავალა საქართველოს ეკლესიას პირადად გადასცეს ქრისტეს დიდი ეკლესიის (მსოფლიო საპატრიარქოს) სამძიმარი[28].

ამა წლის 30 იანვარს ივერიის დაქვრივებული ტახტის მოსაყდრემ ყოვლადუსამღვდელოესმა მანგლისის მიტროპოლიტმა კალისტრარემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს წერილით აცნობა კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს გარდაცვალება[29]. 25 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღდგომის დღესთან დაკავშირებით ეპისტოლე გააგზავნა კონსტანტინოპოლში:

„მის ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, უფალთა უფალ ფოტიოს მეორეს, მთავარეპისკოპოსს კონსტანტინოპოლისას, ახლისა რომისას და მსოფლიო პატრიარქს.

ყოვლადუწმინდესო მეუფე,

სრულიად საქართველოს წმინდა სინოდი და ჩემი მდაბალი პიროვნება გილოცავთ ჩვენი უფლის აღდგომას. შევთხოვ ჩვენს მხსნელს იესო ქრისტეს, სიკვდილზე გამმაჯრველებსა და ცხოვრების მომცემელს დაგვიფაროს ჩვენ ყველა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისაგან და მისცეს მორწმუნეთ სიყვარული, მადლი, მშვიდობა და სიმდაბლე.

ქრისტე აღდგა!

თქვენი ყოვლადუწმინდესობის მდაბალი თანამწირველი და ქრისტესმიერი ძმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე და საქართველოს საკათოლიკოსოს წმინდა სინოდის თავმჯდომარე“.

მიტროპოლიტმა კალისტრატემ მსოფლიო პატრიარქ ფოტიოს მეორესაგან პასუხი 14 მაისს მიიღო:

„ყოვლადუსამღვდელოესო მიტროპოლიტო მანგლისისა ბატონო კალისტრატე, ივერიის უწმინდესი ეკლესიის ტახტის მოსაყდრევ და წმინდა სინოდის თავმჯდომარევ, სულიწმინდისმიერ საყვარელო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო, მადლი და მშვიდობაი უფლისა ჰქონდეს თქვენს ყოვლადუსამღვდელოებას.

სიხარულით მივიღეთ ჩვენი მხსნელის ქრისტეს აღდგომის წმინდა და ნათელშემოსილ დღესთან დაკავშირებით თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობის მისალოცი წერილი და გულმხურვალედ გმადლობთ თქვენი და წმინდა სინოდის კეთილი სურვილებისათვის.

ჭეშმარიტად აღდგა! ასევე სიყვარულით გისურვებთ მკვდრეთით აღმდგარმა და სიკვდილის დამსთრგუნველმა ჩვენმა უფალმა და მსხნელმა მიანიჭოს თქვენ და თქვენს სრულიად უწმინდეს ეკლესიას მისი მადლი.

მადლი უფლისა და დაულევლენი წყალობაი მისი იყოს თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობისთანა.

კონსტანტინოპოლელი ფოტიოსი, ქრისტესმიერი საყვარელი ძმა[30]“.

მოსკოვში წარგზავნილ საპატრიარქო ეგზარქოსს, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს ეკლსიასთან ურთიერთობების ქონა, ივნისის თვეში მსოფლიო საპატრიარქოს აცნობა ივერიის საყდარზე ახალი პატრიარქის გამორჩევა. უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს მსოფლიო საყდრის პრესაში დაიწერა: „ივერიის ეკლესიის ნეტარხსენებული ქრისტეფორეს მემკვიდრეს, 21 ივნისს კათოლიკოსად გამორჩეულ და 24 ში აღსაყდრებულ იქნა მოსაყდრე, მანგლისის მიტროპოლიტი კალისტრატე, ეროვნებით ქართველი, სამოც წელს გადაცილებული და უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლებით[31]“. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსს მოსკოვში დაევალა კონსტანტინოპოლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქისადმი მილოცვა.

1933 წელს შედგა მიმოწერა მსოფლიო პატრიარქ ფოტიოსსა და კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შორის, სადაც ივერიის ეკლესიის უნეტარესი მწყემსმთავარი აღდგომის ბრწყინვალე დღეს ულოცავდა კონსტანტინოპოლელ ქრისტესმიერ ძმასა და თანამწირველს[32]. პატრიარქ კალისტრატეს მოღვაწეობის პერიოდში მრავალი მისალოცი წერილი იგზავნებოდა მსოფლიო პატრიარქთან და იცავდა ურღვევ კავშირებს ქრისტეს დიდ ეკლესიასა და ივერიის უძველეს ეკლესიას შორის.


__________________________________

[1] Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος ΛΗ’, αριθμ. 15-16, გვ. 124. [2] იგივე. [3] Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος Μ’, αριθμ. 3, გვ. 23. [4] Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος Μ’, αριθμ. 3, გვ. 260-266. [5] Ορθοδοξία, (1926), Έτος 1, τεύχος 4, გვ. 135. [6] იგივე, გვ. 267. [7] ჯვარი ვაზისა, 1990, N3, გვ. 65. [8] Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος Μ’, αριθμ. 3, გვ. 269. [9] Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Θεσμοί Αυτοκεφάλου και Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, εκδ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, გვ. 124. [10] მათ (ეპისკოპოსებმა) მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. [11] ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელდასხმა მოახდინოს ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვის დაქვემდებარებაშიაც ეს ქალაქები და სოფლები შედიან, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ დადგენილნიც. [12] ბევრი შფოთისა და არეულობის გამო, წმიდა კრება სასიკეთოდ მიიჩნევს საერთოდ აკრძალოს ზოგიერთ ადგილებში დაწესებული სამოციქულო განწესებათა საწინააღმდეგო ჩვეულება და ადგენს, არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკონი ერთი ქალაქიდან მეორეში არ უნდა გადავიდეს. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად ჩაითვლება. [13] სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არის განლაგებული, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში შერევა. [14] ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა. [15] ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელთდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების წერილობით, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელთდასხმისათვის და იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს, ხოლო მას მისი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ. [16] ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელთ ნუ დაასხამს ვისმე, ნურც მღვდელს და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმემ გაბედოს ამისი მსგავსი რამ, ხელთდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მხიედვით. [17] Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, (1922), έτος ΜΒ’, αριθμ. 51, გვ. 480. [18] იგივე, გვ. 481. [19] იგივე. [20] იგივე. [21] Ορθοδοξία, (1926), Έτος 1, τεύχος 4, გვ. 122. [22] Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 18, გვ. 122 [23] Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 18, გვ. 261. [24] Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 18, გვ. 318. [25] Ορθοδοξία, (1928), Έτος 3, τεύχος 32, გვ. 249. [26] Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 20, გვ. 368. [27] Ορθοδοξία, (1929), Έτος 4, τεύχος 40, გვ. 146. [28] Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 74, გვ. 99. [29] Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 76, გვ. 182. [30] Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 77, გვ. 201. [31]Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 81, გვ. 352. [32] Ορθοδοξία, (1933), Έτος 8, τεύχος 88, გვ. 72.

 

გამოყენებული ლიტერატურა


- Βαβούσκου Α., Λιάντα Γ., Θεσμοί Αυτοκεφάλου και Αυτονόμου καθεστώτος στην Ορθόδοξη Εκκλησία, εκδ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014.

- Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος ΛΗ’, αριθμ. 15-16.

- Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, τόμ. ΛΖ΄ (1918), έτος Μ’, αριθμ. 3.

- Ἐν Ἐκκλησιαστική Ἀλήθεια, (1922), έτος ΜΒ’, αριθμ. 51.

- Ορθοδοξία, (1926), Έτος 1, τεύχος 4.

- Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 18.

- Ορθοδοξία, (1927), Έτος 2, τεύχος 20.

- Ορθοδοξία, (1928), Έτος 3, τεύχος 32.

- Ορθοδοξία, (1929), Έτος 4, τεύχος 40.

- Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 74.

- Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 76.

- Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 77.

- Ορθοδοξία, (1932), Έτος 7, τεύχος 81.

- Ορθοδοξία, (1933), Έτος 8, τεύχος 88.

- ჯვარი ვაზისა, 1990, N3.

642 views0 comments
bottom of page