top of page
Post: Blog2_Post

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ეკუმენური მოძრაობის თანამედროვე ეტაპზე - მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი


 

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ეკუმენური მოძრაობის თანამედროვე ეტაპზე



ნიკოლოზ გურგენიძე

თეოლოგიის ბაკალავრი


შესავალი


ხშირად ეკუმენურ მოძრაობაზე საუბარი იწვევს დიდ აღშფოთებას ხალხში და სხვანაერად ამას შესაძლოა „პანთრისკია“ ან „პანრელიგია“, უწოდონ, სადაც ყველა ქრისტიანული კონფენსია და რელიგია არეულია ერთმანეთში და წარმოქმნის ერთ საერთო რელიგიას. სინამდვილეში ეკუმენური მოძრაობა სულ სხვა რამეა. ამის გასაგებად აუცილებელია დეტალურად შევისწავლოთ თვით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ზოგადად ეკუმენური მოძრაობის ისტორია. თუ გადავხედავთ ისტორიას და ეკლესია-კონფესიებს შორის გამართულ დიალოგებს, მიზნად მართლაც ისახავს გაერთიანებას, მაგრამ არა სხვადასხვა რწმენის ერთმანეთში აღრევის გზით, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაერთიანებით შეიძლება მოხდეს. ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება კი არის ის, რომელიც ემყარება მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განჩინებებსა და წმინდა მამათა სწავლებას, სწორედ იმას, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია უკვე საუკუნეებია უცვლელად იცავს. როგორც ჩვენთვის ცნობილია ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ოფიციალურად 1948 წელს ამსტერდამის პირველი გენერალური ასამბლეით დაარსდა, სადაც მსოფლიო საპატრიარქო აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში. ამის პარალელურად კი იგივე წელს მოსკოვში რუსეთის უშიშროების დაკვეთით მოსკოვის ეკლესიამ დრო იხელთა და გადაწყვიტა მოეწვია კრება, რომელიც "ანტი-ეკუმენურ" მოძრაობას დაიწყებდა და რუსეთის პატრიარქი, როგორც მართლმადიდებლობის "მცველი" მიიღებდა მსოფლიო პატრიარქის ადგილს და ის წარუძღვებოდა ამ მოძრაობას. სინამდვილეში, რუსეთს პირველობის ამბიციები გააჩნდა და სწორედ ამიტომ წამოიწყო ეს ბრძოლაც, რომელიც იმის საპირისპირო იქნებოდა, რასაც მსოფლიო საპატრიარქო აკეთებდა. მოსკოვის 1948 წლის "კრების" განჩინებას ადგილობრივ ეკლესიათა მწყემსმთავრებმა და წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანდნენ. რუსეთის ეკლესიამ კი ამ ფაქტის შემხედვარე გააცნობიერა, რომ შეუძლებელი იქნებოდა მას მიეღო მსოფლიო პატრიარქის ტიტული და დაასრულა "ანტი-ეკუმენური" მოძრაობა და თვითონაც 1961 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანდა. სწორედ ეს სამარცხვინო კრება იყო, რომელმაც საფუძველი დაუდო ცრუ ანტი-ეკუმენურ მოძრაობას, რომელიც დღემდე აქტუალურია და მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალ ზიანს აყენებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭო დაარსდა, მართლმადიდებლებმა გააცნობიერეს, რომ აუცილებელი იყო ემს-ს მიერ მოწვეულიყო ერთი ცალკე ასამბლეა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა თუ რა იყო და რა მიზანს ემსახურებოდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს. ასე 1950 წლის 15 ივლისს ტორონტოში შედგა ემს-სა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სადაც შედგენილ იქნა დეკლარაცია, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა თუ რა იყო და რას ემსახურებოდა ემს. აქ ჩაიწერა, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არ არის და ვერსადროს გახდება "სუპერ-ეკლესია", ეს არის ქრისტიანული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული არიან მხოლოდ ის ქრისტიანული კონფესიები, რომლებიც აღიარებენ წმინდა სამებას, სწორედ ისე, როგორც მსოფლიო კრებებმა დაადგინეს. ხოლო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთადერთი მიზანია სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები მოიყავნოს ცოცხალ კონტაქტში და ხელი შეუწყოს მათ დიალოგს, ხოლო გაერთიანება უკვე უშუალოდ მათი გადასაწყვეტია (იხ. ტორონტოს დელკარაცია - https://www.oikoumene.org/en/resources/documents/central-committee/1950/toronto-statement).

მართლმადიდებელი ეკლესია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ახორციელებს მის მოვალეობას მიიღოს მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში, „მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო, ღრმა საეკლესიო თვითშეგნებით ურყევად სწამს, რომ მას უპყრია წამყვანი ადგილი ქრისტიანთა ერთიანობისკენ მიმართულ საქმიანობაში თანამედროვე მსოფლიოში“ (წმინდა და დიდი კრების დოკუმენტი, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, პარაგრაფი 1). აქვე ავღნიშნავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ეკუმენურ მრავალმხრივ თუ ორმხრივ დიალოგებში აბსოლიტურად ცალსახა არის, ერთობა მართლმადიდებლური გაგებით შესაძლოა მიიღწეს, თუ ყველა ქრისტიანული კონფესია აღიარებს შვიდი წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, არამარტო დოგმატურ სწავლებას, არამედ ადმინისტრაციულ დადგენილებებსაც, რომელთაც ეკლესიის სტრუქტურა პრიმატზე და სინოდალურობაზე დააფუძნეს. თუ გადავხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობებსა და დიალოგებს სხვადასხვა კონფენსიებთან, განსახილველი საკითხები ყოველთვის სწორედ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაყრდნობით იწერება. აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაერი მიზეზი იმისა, რომ შესაძლოა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი რწმენა უარყოს, რადგან მას სწამს, რომ ის არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელსაც ჭეშმარიტება უპყრია ხელთ, ამ ჭეშმარიტების გასაზიარებლად კი იგი მონაწილეობს სწორედ ეკუმენურ მოძრაობაში, რათა გადასცეს ის განძი, რაც მას გააჩნია.


ნიკოლოზ მახარაძე,

ცხუმ - აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი,

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა

განყოფილების თავმჯდომარე


„რაითა ყოველნი ერთ იყუნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყუნენ“, - ასე მიმართავს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გეთსამანიის ბაღში მამა ღმერთს და შესთხოვს მას, რომ მოწაფენი მისნი „რაითა იყუნენ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ“ (იოანე 17, 21 – 22).

ერთობისა და ძმობისაკენ, სოლიდარობისა და მშვიდობისაკენ მოუწოდებდა დედამიწაზე მოვლენილი ღმერთკაცი იესო ქრისტე კაცობრიობას, რადგან ერთობაშია ძალა, ერთობაშია სიყვარული, ერთობა საფუძველია მშვიდობიანი ცხოვრებისა და ერთად აღვლენილ ლოცვაშია ჩაქსოვილი დაუშრეტელი სიყვარული ღმერთის, სათნოება და მოკრძალება მისდამი.

ჩვენ სამოციქულო ეკლესია, მისი მამამთავარი - უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე დიდად აფასებს თანამედროვე ეკუმენურ მოძრაობის მნიშვნელობას, თავად ბრძანდება ეკუმენიზმის ფუძემდებელი ქართულ ეკლესიაში და მისი ერთ - ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში. იგი წლების მანძილზე მონაწილეობს საერთაშორისო საეკლესიო თათბირებისა და კონგრესების მუშაობაში, მაღალი ტრიბუნიდან მოუწოდებს ქრისტიანებს ერთობისაკენ, მშვიდობისაკენ, ძმობისაკენ.

ეკუმენური მოძრაობაის დევიზია: „ერთი ღმერთი, ერთი სარწმუნოება, ერთი ეკლესია![1]“, რადგან ყველა ქრისტიანული ეკლესია შეადგენს ერთ მთლიან სხეულს, რომლის სათავეში დგას ერთი ღმერთი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რამედუ ერთი არს ღმერთი და ერთი შუამდგომელი ღმერთისა და კაცთაი, კაცი იესო ქრისტე“.

ქართული ეკლესიაც ქრისტეს ერთიანი სხეულის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სამოციქულო ეკლესია საზოგადოების განვითრების თანამედროვე ეტაპზე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეკლესათა გაერთიანებას, აღავლენს ლოცვას ამ დევიზის ჭეშმარიტად განხორციელებისათვის, იღწვის მშვიდობისა და ხალხთა ერთიანობისათვის. ამიტომაც იგი აქტიურად უჭერს მხარს ეკუმენურ მოძრაობას და ცდილობს თავისი გარკვეული წვლილი შეიტანოს მის გაღრმავებაში და გაძლიერებაში, რათა ახლო კონტაქტები ჰქონდეს მოძმე ეკლესიებთან, დაამყაროს მათთან მეგობრული ურთიერთობა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, - რომელსაც ქრისტიანული სარწმუნოების ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არასოდეს უღალატია ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, რომელიც თავის სამშვიდობო მოღვაწეობაში ეყრდნობა მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებსა და წმინდა მამათა ცხოვრებას, - დღესაც მოითხოვს, რომ ქრისტიანული ერთობის საფუძველი სწორედ ამ კრებათა დადგენილებები და წმინდა მამათა სწავლებანი იყოს.

ქართული ეკლესია ეკუმენურ თანამშრომლობას ეწევა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებთან. ჩვენ ახლო მეგობრული კონტაქტი გვაქვს, ეთიოპიის, სირიის კოპტურ, სირიის იაკობიტურ, ანგლიკანურ, კათოლიკურ, ლუთერანულ და რეფორმისტულ ეკლესიებთან. ჩვენი ეკლესიის დევიზია - „ქრისტიანული, ძმური სიყვარული“. ამ გზით ცდილობს იგი მიაღწიოს აზრთა ერთიანობას სხვა ეკლესიებთან და მუდამ გულისყურით ეკიდება ყველა იმ ახალ წამოწყებას და აზრს, რომელიც ახალ სოციალურ პირობებში ქრისტიანული სარწმუნოების გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.

მართლმადიდებელი ეკლესიები დღეს გარდაუვალ ეკუმენურ ეტაპზე დგანან. ეს, როგორც სამეცნიერო ღვთისმეტყველების, ისე სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან პრაქტიკული ურთიერთდამოკიდებულების მთელი რიგი საკითხებით გამოიხატება. წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, არსებობს... მისი დაძლევისათვის ჩვენს ეკლესიას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, აგრეთვე, მჭიდრო, ახლო კონტაქტების არსებობა ვატიკანთან, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ უკვე აღდგა ეს კონტაქტები. ამის დამადასტურებელია 1977 წელს მონსინიორ ვირვოლის ჩამოსვლა ვატიკანიდან კათოლიკოს - პატრიარქ დავით მეხუთის დაკრძალვაზე; ასევე - ორი ვიზიტი ვატიკანში გასული წლის ოქტომბრის თვეში პაპის იოანე - პავლე პირველის დაკრძალვასა და ახლადარჩეული პაპის იოანე - პავლე მეორის კორონაციაზე, რასაც გართოდ გამოეხმაურა დასავლეთის პრესა. დიდ - მნიშვნელოვანია აგრეთვე, კარდინალ იოანე ვილენბრანდსის ვიზიტი საქართველოში (ვატიკანიდან). საერთოდ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ და რომის კათოლიკ ეკლესიათა მესვეურთ გულთბილი ურთიერთობა აკავშირებს ჩვენთან. თავის მხრივ, ჩვენს წმინდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მეგობრული დამოკიდებულება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რომის კათოლიკური ეკლესიის სამწყსოსთან; მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენი მეზობელი სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან.

ეკუმენურ მოძრაობაში ჩვენი ეკლესია ჯერ კიდევ უფრო აქტიურად ბოლო წლებში ჩაება. არ ტარდება თითქმის არცერთი საერთაშორისო თათბირი, კონგრესი, ფორუმი - ქართული ეკლესიის წარმომადგენლები რომ არ მონაწილეობდნენ. გასული წლის ივნისში კი პრაღის მე - 5 მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას თვის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა. კათოლიკოს - პატრიარქს ახლდნენ ცხუმ - აფხაზეთის ეპისკოპოსი ნიკოლოსი და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი გურამ შალამბერიძე.

ივნისის ბოლოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი მონაწილეობდა ჟენევის მართლმადიდებელი კომისიის მუშაობაში (რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან), ხოლო დეკანოზი გურამ შალამბერიძე - მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს სემინარის მუშაობაში, ასევე - ჟენევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანებში ანგლიკანური ეკლესია ცდილობს ახლო კავშირი დაამყაროს მაღთლმადიდებელ, და განსაკუთრებით, ქართულ ეკლესიასთან. მისასალმებელია ინგლისის პრიმასის აქრიეპისკოპოს დონალდ კოგანის მდივნის და საერთაშორისო დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონიკ მაიმელი მურის ვიზიტი საქართველოში, რომელის 1977 წლის ოქტომბერში მოეწყო.

თანამედროვე ეტაპზე ეკუმენური მოძრაობის წინაშე მთელი რიგი დოგმატური და კანონიკური ხასიათის საკითხები დგას, რომლებიც დეტალურ შესწავლას მოითხოვენ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ისწრაფვის, უფრო ახლო კავშირი ჰქონდეს ამ საბჭოს წევრ ეკლესიებთან. ამ მიზნით საქართველოს ეკლესიას 1977 წლის ნოემბერში ეწვია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს „საეკლესიო წყობის და რწმენის“ (Commission of Faith and Order) დეპარტამენტის თავმჯდომარე დოქტორი ლუკას ფიშერი.

ქართული სამოციქულო ეკლესია თავის მოღვაწეობაში ეყრდნობა მსოფლიო სეკლესიო კრებების დადგენილებებსა და კანონებს და მომავალშიც, რჩება რა უცვლელად მათი ერთგული, მათი დაცვითა და შენარჩუნებით ეხდება კიდევ მეტად გააღრმაოს ძმური კავშირი და თანამშრომლობა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან, ემსახუროს ხალხთა მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერების საქმეს“.[2]

[2] ჯვარი ვაზისა 1979, N1, გვ. 14 – 16.

53 views0 comments
bottom of page