top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

სქიზმაში ხელდასხმულების კანონიკურ ეკლესიაში მიღება


 

ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე


გასული წლის 6 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოზე მინიჭებული კანონიკური უფლებით დაარსდა კიდევ ერთი ადგილობრივი ეკლესია: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ამ საკითხმა კი ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში და უშუალოდ კლიროსშიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვან კანონიკურ პრობლემად კი აღინიშნა, ფაქტი თუ რამდენად შესაძლებელია სქიზმაში1 ხელდასხმულების მიღება კანონიკურ ეკლესიაში მათივე ხარისხით, რადგან უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა უმრავლესობა სწორედ “სქიზმაში” იქნა ხელდასხმული. ბევრისთვის ეს მიუღებელი და უჩვეულო აღმოჩნდა. კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში (18.02.2019) ამ ფაქტსაც გაესვა ხაზი. ზოგი ეპისკოპოსი უკრაინელი მღვდელმთავრების თავიდან ხელდასხმას ითხოვდა, ზოგი კი სრულიად გმობდა მსოფლიო საპატრიარქოს ამგვარ ქმედებას, ეღიარებინა “სქიზმაში” აღსრულებული ხელდასხმა.

თუ გადავხედავთ ეკლესიის ისტორიას, ეს ფაქტი არ წარმოადგენს რაიმე სახის სიახლეს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს საეკლესიო ტრადიციასთან წინააღმდეგობაში, ან კიდევ წმინდა კანონების დარღვევას ნიშნავდეს. სანამ უშუალოდ მაგალითებს მოვიყვანდეთ ამგვარი შემთხვევებისა, აუცილებელია დასაწყისშივე განვმარტოთ სქიზმის, კიდეშესაკრებლობის და ერესის მნიშვნელობა. ხშირად სქიზმის (განდგომილება),

კიდეშესაკრებლობის და ერესის (მწვალებლობა 2 ) ერთმანეთში არევით იქმნება არასწორი შეხედულება რიგ საკითხებზე და თითქმის არაფრისგან ეკლესიაში შფოთი შემოდის.


ერესი:


ერესი, ანუ მწვალებლობა წარმოადგენს, ჭეშმარიტი დოგმატური ღვთისმეტყველების უარყოფას და შეცვლილი სახით მის წარმოდგენას, რაც სცდება და წინააღმდეგობაშია ბიბლიურ სწავლებასთან, საეკლესიო ტრადიციასთან და წმინდა კანონებთან. უფრო კონკრეტულად ეს გახლავთ მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ მიღებული დოგმატური ღვთისმეტყველების (ტრიადოლოგია, ქრისტოლოგია, ეკლესიოლოგია) უარყოფა და არასწორი გზით გადმოცემა. ამ შემთხვევაში ერესი ჩნდება ქრისტიანული ეკლესიის ფარგლებში, მაგრამ ის არ სცდება მას, რადგან იმ შემთხვევაში თუ გასცდა, მაშინ იქმნება სრულიად სხვა რელიგია, კანონიკურ სამართალში კი მას არა ერესს, არამედ “განდგომილობას” (αποστασία3) ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში ეკლესიას შეუძლია სასჯელად დიდი შეჩვენება მიუსაჯოს. ერესის აღმოჩენა მოითხოვს ერთგვარ ქადაგებას, წერილობით თუ სიტყვიერად, ან კიდევ საქმით, რომელიც უშუალოდ წინააღმდეგობაში მოდის ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან. აუცილებელია ერეტიკოსს გააჩნდეს განცდა იმ განსხვავებებისა, რაც მის სწავლებასა და ჭეშმარიტ ეკლესიას შორის არის, რათა მოხდეს მის მიერ თავის თავის აპოლოგია (დაცვა-გამართლება) კრების წინაშე და ეცადოს საკუთარი პოზიციების გამყარებას 4 . ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ქრისტიანობის ახალი მიმდინარეობა, კონფესია. როგორც უკვე ავღნიშნეთ ერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმი გახლავთ წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა), მსოფლიო საეკლესიო კრებების განჩინებები და საეკლესიო ტრადიცია.


სქიზმა:


სქიზმა ნიშნავს კანონიკური ეკლესიიდან გამოყოფას და საკუთარი ეკლესიის დაარსებას, ანუ იურიდიულად და ადმინისტრაციულად გამოყოფა, ახალი საეკლესიო ერთეულის ჩამოყალიბება. სხვანაირად შეიძლება ითქვას, ეს არის ორგანიზებული დაუმორჩილებლობა კანონიკურ ეკლესიაზე. რეალურ სქიზმად კი მიიჩნევა ისეთი ჯგუფი, სადაც ეპისკოპოსი და მღვდელიც მონაწილეობენ. არსებობს სქიზმის ორი სახეობა: ა) გამოყოფა განსხვავებული სარწმუნოების გამო, რაც ერესი გახლავთ, და ბ) გამოყოფა განსხვავებული ადმინისტრაციული, თუ სხვა შეხედულებების გამო. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სარწმუნოება ერთია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სქიზმატი არ შეიძლება ჩაითვალოს ერეტიკოსად. სქიზმა ძირითადად გამოწვეულია ადმინისტრაციული, ან კიდევ პოლიტიკური მიზეზებიდან, ორივე შემთხვევაში მრწამსი უცვლელი რჩება. სქიზმის მომწყობი ეკლესიისგან ისჯება განკვეთით, ხოლო ერისკაცი დიდი შეჩვენებით (ანათემით)5.


კიდეშესაკრებლობა (παρασυναγωγή):


კიდეშესაკრებლობა, ან სხვანაირად თვითნებური თავშეყრა (παρασυναγωγή) ძალიან ჰგავს სქიზმას, შეიძლება ითქვას ეს გახლავთ სწორედ სქიზმის დასაწყისი, მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ კიდეშესაკრებლობა ხდება როდესაც კონკრეტული სასულიერო პირების ჯგუფი, რომელშიც შეიძლება იყვნენ ისევე როგორც მღვდლები, ასევე ეპისკოპოსებიც ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ და თავიდან შეიკრიბებიან და გამოიტანენ განჩინებას. არ დამორჩილების შემთხვევაში მათ ეკლესია საეკლესიო სასჯელს 6 დაადებს, რის შემდეგაც იწყება სქიზმა საკუთარი ეკლესიის დაარსების შემთხვევაში, სადაც ისინი აგრძელებენ მღვდელმსახურებას და ნელ ნელა წყვეტენ საეკლესიო კავშირს7. უფრო უკეთ გასაგებად სასურველია ვიხილოთ წმინდა ბასილი დიდის პირველი კანონის ამონარიდი: “განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს, ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონა სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში8”.

ეს კონკრეტული ნაშრომი ძირითად აქცენტს გააკეთებს სქიზმებზე და კიდეშესაკრებლობაზე, გვერდს ავუვლით ერესიოლოგიას, რადგან უკრაინის საკითხში მხოლოდ სქიზმების, ან კიდეშესაკრებლობის საკითხი იკვეთება, რაც გარკვეული სახის განმარტებას მოითხოვს.

ეკლესია მისი ისტორიის მანძილზე დაარსებიდან დღემდე, მუდამ განიცდიდა შიდა დაპირისპირებებს, სადაც გარკვეული სახის სქიზმებს, ან კიდევ კიდეშესაკრებლობებს ჰქონდა ადგილი, ძირითად შემთხვევაში მეორე ფაქტს ვხვდებით. ამის გამომწვევი მიზეზები ყოველ ჯერზე იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, ან კიდევ მსგავსი. ზოგჯერ ეს უკავშირდებოდა საეკლესიო, ზოგჯერ კი პოლიტიკურ საკითხებს. ეკლესიაში პირველ სქიზმად შეიძლება დასახელდეს “იპოლიტეს სქიზმა”, რომელიც მესამე საუკუნეში მოხდა დასავლეთში, რომის ეკლესიაში. იპოლიტე გახლდათ რომის საყდრის აღმოსავლელი პრესვიტერი და საეკლესიო მწერალი 9 . ამ პერიოდში პრობლემატურ საკითხად იდგა რამდენად შესაძლებელია ეკლესიაში ცოდვების მიტევება და ეკლესიიდან წასულების უკან მიღება. რომის ეპისკოპოსი გახლდათ ვიქტორ ზეფირინოსი (199 - 217), მის შემდეგ კი პაპი კალისტო, რომლებთანაც იპოლიტე დიდ დაპისირპირებაში მოვიდა, რადგან ზეფირინოსი და კალისტო მომხრე იყვნენ შედარებით გამარტივებული ფორმის შენარჩუნებისა, ხოლო იპოლიტე უმკაცრეს სასჯელს ითხოვდა და ირონიით მათ არა ეკლესიას, არამედ სკოლას უწოდებდა, ასევე ბრალს სდება მონარქიანული იდეების ქონაში. იპოლიტეს მომხრეებმა უკანონოდ მოახდინეს მისი რომის ეპისკოპოსად არჩევა 220 წელს და წარმოიშვა იპოლიტეს სქიზმა. სქიზმა შენარჩუნებულ იქნა 235 წლამდე, როდესაც დევნაში მოყვნენ იპოლიტეც და რომის კანონიკური ეპისკოპოსი პონდიანე10. აღსანიშნავია, რომ სქიზმატი იპოლიტე ეკლესიის მიერ კანონიზებულია წმინდანად.

რომის ეკლესიაში სქიზმები კვლავ გაგრძელდა როდესაც ლაფსების (ლათ. lapsi, ბერძ. Πεπτωκότες)11 ეკლესიაში მიღების საკითხი დადგა დღის წესრიგში. 251 წელს ჩნდება ნოვატიანელთა სქიზმა, რომელსაც ეკლესიის პრესვიტერი ნოვატიანე12 წინამძღვრობდა. როდესაც ქრისტიანთა დევნა შეწყდა, ბევრი იმათთაგანი, რომელთაც უარყვეს ქრისტიანობა ეკლესიის წიაღში მობრუნდნენ, სწორედ ამ დროს დაიწყო დიდი მსჯელობა კლიროსში თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი ლაფსების მიღება. რომში შეთანხმდნენ, რომ მათი ეკლესიაში დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა სინანულის შემდეგ. რომის ეპისკოპოსი კორნილიოსი გამორჩევისთანავე იწვევს კრებას 251 წელს და იღებს განჩინებას მათ მიღებაზე შესაბამისი სინანულით, რომელთაც კერპებისთვის ძღვენი არ მიურთმევია და მხოლოდ წერილობითი უარყოფით შემოიფარგლნენ. ნოვატიანე გახლდათ ასევე რომის პაპობის კანდიდატი, მაგრამ არჩევნებზე კორნილიოსმა მოუგო. მოგვიანებით ის უარყოფს 251 წლის განჩინებას ლაფსების ეკლესიაში მიღების თაობაზე, რადგან ის უფრო მკაცრი სასჯელის მომხრე იყო, მისი სამი თანამოაზრე ეპისკოპოსისაგან ეკურთხება ისიც ეპისკოპოსად და სქიზმაში გადიან. მათ სახელად “წმინდანები”, ან კიდევ “განწმედილები” იწოდეს, პაპ კორნილიოსის მღვდლების ნათლობას კი თავიდან აღასრულებდნენ. ამავე წელს რომის ეკლესიის სინოდმა ნოვატიანე და მისი თანამოაზრეების ეკლესიიდან განკვეთა. მის იდეებს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა ასევე ანტიოქიაში, სირიაში, მცირე აზიაში, მესოპოტამიაში, სომხეთში, არაბეთში და ეგვიპტეში. ანტიოქიაში შედგა კრება, სადაც ასევე მოწვეულ იქნა ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე, მაგრამ მან წერილობით დაადასტურა მისი მხარდაჭერა პაპი კორნილიოსის სასარგებლოდ. ამავე კრებაზე რომის ეპისკოპოსად აღიარებულ იქნა ნოვატიანე. მოგვიანებით დიდ პრობლემად კი წარმოჩენილ იქნა რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ერეტიკოსთა ნათლობის აღიარება. კართაგენის ეპისკოპოსი კვიპრიანე მომხრე იყო ერეტიკოსების თავიდან ნათლობისა, მაგრამ რომის ეპისკოპოსი სტეფანე ამის გამო კავშირს წყვეტს ჩრდილოეთ აფრიკის ეკლესიებთან. მას კი ნაწილობრივ მიემხრო ალექსანდრიელი დიონისე, ხოლო კვიპრიანეს მხარეს აღმოჩნდნენ კაპადოკიის, კილიკიის, გალატიის ეპისკოპოსები და კესარია-კაპადოკიის ფირმილიანეც 13 . ეს სქიზმა მრავალი წელი გაგრძელდა, სადაც ხდებოდა როგორც ნათლობები, ასევე ხელდასხმებიც, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ყოფილა ერეტიკული ჯგუფი, არამედ ამ პროცესს შესაძლოა ეწოდოს “კიდეშესაკრებლობა”, ამის შესახებ ბასილი დიდიც წერს მის კანონთა კრებულში, ასევე პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაც (325).

ეკლესიაში იდგა პრობლემა, თუ როგორც იქნებოდა განხეთქილებაში მყოფთა ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში მიღება. სწორედ აქედან გამომდინარე წმინდა და ღვთივგანსწავლული ბასილი დიდი ცდილობს განმარტოს განსხვავება განხეთქილებასა და ერესს შორის, სადაც ნოვატიანელებს იგი მოიხსენიებს როგორც განხეთქილების მომქმედებს (ანუ კიდეშესაკრებლობა): “წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისაგან (ბასილი დიდის პირველი კანონი)”. თუ გადავხედავთ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მერვე კანონს, იქ ცხადად წერია, თუ როგორი მეთოდით ხდებოდა ნოვატიანელთა ეკლესიაში მიღება: “მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" (ერთ-ერთ განხეთქილებაში მყოფთა თვითწოდება) უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ. უწინარეს ყოვლისა კი მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო თანაზიარებაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისა და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც ხელდასხმულნი იქნებიან დასში, სოფლებში თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ. თუკი ზოგიერთი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდება, სადაც უკვე არის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მაშინ ცხადია, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ექნება საეპისკოპოსო ღირსება, ხოლო ეგრეთ წოდებულ "წმინდანების" ეპისკოპოსს - სამღვდელო პატივი; მაგრამ თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი სასიკეთოდ ჩათვლის, შეუძლია დაუტოვოს მას ეპისკოპოსის სახელის პატივი; თუკი ადგილობრივი ეპისკოპოსი ამას არ ინებებს, მაშინ გამოუყოს მას ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რათა საეკლესიო კრებულში მისი ჩარიცხვა ნათლად ჩანდეს. ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს”. ამასვე ამოწმებს ასევე წმინდა ბასილი დიდი კვლავ მის პირველ კანონში: “განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან ”.

ნიკეის კრების (325) გარდა სქიზმაში ხელდასხმულთა მიღების საკითხი ასევე ალექსანდრიის ადგილობრივ კრებაზე იქნა განხილული 324 წელს, სადაც რომის ეკლესიის წარმომადგენელი ოსიოს კორდუელიც ესწრებოდა. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც ალექსანდრიის ეკლესიაში ჩნდება მელეტიანელთა სქიზმა. მელეტიოსი იყო ლიკოპოლის ეპისკოპოსი რომელმაც ასევე წინა პლანზე ლაფსების ეკლესიაში მიღების საკითხი წამოსწია. ამ საკითხის გამო ის დიდ დაპირისპირებაში მოდის ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს პეტრესთან. პრობლემა კი იმაში იყო, რომ ეს უკანასკნელნი ვერ შეთანხმდნენ ლაფსების ეკლესიაში მიღების წესზე. მელეტიოსი მომხრე იყო ძველი უმკაცრესი მეთოდების შენარჩუნებისა. მაგრამ ასევე წმინდა ათანასეს წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირება მელეტიოსსა და პეტრეს შორის შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ასევე იმის გამო, რომ მელეტიოსი არაკანონიერად ეგვიპტის მთავარეპისკოპოსს უწოდებდა თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ლაფსების საკითხიც14. ამის შემდეგ მელეტიოსი გადის სქიზმაში, რის დროსაც ალექსანდრიელმა პეტრემ ეკლესიაში აკრძალა მასთან რაიმე სახის კავშირის ქონა. 306 წელს პეტრემ მოიწვია ადგილობრივი კრება და მელეტიოსი ეკლესიიდან განკვეთა. განკვეთის შემდეგ ის იწყებს მისი თანამოაზრეების ეპისკოპოსებად ხელდასხმას მთელი ეგვიპტის მაშტაბით, სადაც დაახლოებით 30-მდე ეპისკოპოსი აკურთხა. მელეტიანელებმაც თავიანთ თავს ნოვატიანელების მსგავსად “წმინდანები, ანუ ანუ განწმენდილები” უწოდეს და 306 წლის განჩინება გამოიყენეს სრულიად ეკლესიისგან გამოყოფისთვის, მოგვიანებით კი მათ შეურთდა ასევე კოლუთოსი (კოლუთიანელთა სქიზმა). 324 წელს კონსტანტინე დიდმა ალექსანდრიაში გააგზავნა კორდუბის ეპისკოპოსი ჰოსიოსი, სადაც ადგილობრივ კრებაზე განსახილველ საკითხებში იყო არიანული ერესი და ორი სქიზმა, მელეტიანელთა და კოლუთიანელთა. კრებამ მელეტიოსს დაავალა მის მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსთა სია შეედგინა და კრებაზე წარმოედგინა. 325 წელს ნიკეაში ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს და ჰოსიოს კორდუბელის ინიციატივით კონსტანტინე დიდმა მოიწვია ეკლესიის გაფართოებული კრება, რათა ალექსანდრიაში წარმოქმნილი პრობლემები გადაეჭრა15. რაც შეეხება კოლუთიანელთა სქიზმას, კოლუთი გახლდათ ალექსანდრიის ეკლესიის პრესვიტერი, სადაც მას ბრალი დასდეს არიოზის თანამოაზრეობაში და ეკლესიიდან გაკვეთეს, მაგრამ სინამდვილეში ის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გახლდათ, მიუხედავათ მისი კავშირისა არიოზთან, ის მაინც მართლმადიდებლური სწავლების მიმდევარი იყო, იგივე პოზიცია გააჩნდათ ასევე მელეტიანელებსაც, სადაც მოგვიანებით მათ შეუერთდა. თეოდორიტეს საეკლესიო ისტორიის მიხედვით, კოლუთი ეკლესიას მისი პატივმოყვარეობის გამო გამოეყო, ხოლო მელეტიანელთა სქიზმაში შეერთებისთანავე ის კინოპოლის ეპისკოპოსად ეკურთხა16. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ჰოსიოს კორდუბელი დაინტერესებული იყო ეგვიპტის ეკლესიაში არსებული პრობლემის მოგვარებით და სქიზმაში გასული ეპისკოპოსების და მათ მიერ ხელდასხმულების ეკლესიის წიაღში მიღებით. მართლაც, ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამ, სქიზმაში ხელდასხმულები მათივე ხარისხით მიიღო, იმავე ეპარქიაში ადგილობრივი საყდრის დაქვრივებისთანავე სწორედ ისინი იქნნენ არჩეულნი, მანამდე კი როგორც ქორეპისკოპოსები ისე იქნნენ მიღებულნი. გაურკვეველი მიზეზების გამო კოლუთი ეკლესიაში მიღებულ იქნა კვლავ მღვდლის ხარისხში, მაგრამ წმინდა ათანასეს წყაროებზე დაყრდნობით, თუ ის სრულიად შეუერთდებოდა მელეტიანელთა სქიზმას და არ ექნებოდა ერთგვარი ავტონომია, მაშინ ისიც ეპისკოპოსის ხარისხში იქნებოდა მიღებული, რადგან მისი ხელდამსხმელთა ქიროტონია ეკლესიამ აღიარა17.

ეკლესიიდან განდგომილობა ეს არ წარმოადგენს რაიმე სახის სიახლეს, მისი არსებობიდან დღემდე არსებობს და ეკლესია მუდამ ცდილობდა ეს პრობლემა გადაეჭრა გარკვეული სახის გამონაკლისების დაშვებით. თუ გადავხედავთ მოციქულთა 68-ე კანონს, გარკვევით არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ერეტიკოსთა ხელახლა ხელდასხმა უნდა მოხდეს, ეს რა თქმა უნდა არ ეხება განდგომილებს: “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელდასხმას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს - ისიც და მისი ხელდამსხმელიც; გარდა იმ შემხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური”.

მომდევნო სქიზმა, რომელიც ეკლესიაში გაჩნდა კვლავ ლაფსების ეკლესიაში მიღების წესს ეხებოდა. ეს საკითხი კი დიოკლიტიანეს პოლიტიკის დასასრულს იწყება (305) ჩრდილოეთ აფრიკაში. კართაგენის ეპისკოპოსი მენსურიოსი გარკვეული ვადის სინანულის შემდეგ ლაფსებს ეკლესიაში ღებულობდა. 311 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა მენსურიოსის დიაკონი კეკილიანე, რომელიც აპტუგას ეპისკოპოსმა ფილიკამ და კიდევ ორმა ეპისკოპოსმა აკურთხეს. იწყება საეკლესიო აჯანყება, რომელიც ნუმიდიის ეპისკოპოსებმა წამოიწყეს, რადგან კეკილიანეს არჩევის დროს კრებაზე არ მიიწვიეს. მისმა მოწინააღმდეგეებმა კრება მოიწვიეს, სადაც 70 ეპისკოპოსი დაესწრო და კართაგენის ეპისკოპოსად გამოირჩიეს წიგნისმკითხველი მაგიორინო. მისი გარდაცვალების შემდეგ, კეკილიანეს მოწინააღმდეგეებმა კართაგენის საყდარზე აირჩიეს დონატოსი. ამ საკითხში ჩაერთო კონსტანტინე დიდი, უნდა მომხდარიყო დონატისტელი ეპისკოპოსების განდევნა. რომის ეპისკოპოს მილტიადისის ინიციატივით მოწვეულ იქნა კრება 313 წელს, სადაც დონატისტებს მოსთხოვეს ეღიარებინათ კეკილიანე, როგორც კართაგენის კანონიკური ეპისკოპოსი. მათ უარყვეს კრების განჩინებები და წარმოიშვა ე.წ. დონატისტთა სქიზმა. ეკლესიამ გადაწყვიტა ეს პროცესი შეეჩერებინა და ყოველგვარი მცდელობა გაეწია დონატისტელი სქიზმატების ეკლესიაში შემოერთების, რათა კართაგენში სიტუაცია დალაგებულიყო 18 . მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ეს პრობლემა გადაუჭრელი იყო, სწორედ ამიტომ 419 წელს კართაგენში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, სადაც მიიღეს 133 კანონი, რომელთა მიხედვითაც კრებამ მიიღო დადგენილება სქიზმატი ეპისკოპოსების და მათ მიერ ხელდასხმულების იმავე ხარისხით მიღება ეკლესიაში, როგორც ისინი იყვნენ ხელდასხმულნი სქიზმაში, ხაზი გაესვა იმას, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსები იქნებოდნენ თანაბარნი დონატისტელ ეპისკოპოსებთან გაერთიანების შემთხვევაში. ამავე კრების 68-ე კანონში ვკითხულობთ: “საჭიროდ მიგვაჩნია ბოლოს ისიც, რომ გავუგზავნოთ წერილი ჩვენს ძმებს და თანამწირველებს, პირველ რიგში, სამოციქულო საყდარს, რომლის მპყრობელი არის ჩვენი თაყვანისაცემელი ძმა და თანამწირველი ანასტასი. ცნობილია, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვის აფრიკის ეკლესიის მშვიდობასა და დაწყნარებაში და აგრეთვე თვით დონატისტელთა შემორიგებაში. თუ რომელიმე დონატისტელი გამოასწორებს თავის გულისზრახვას და კათოლიკე ეკლესიის ერთობას დაუბრუნდება, თითოეული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ნებისა და მხარდაჭერისამებრ, საჭიროა, ადგილობრივი ეპისკოპოსი დარწმუნდეს, რომ იგი უზაკველი სარწმუნოებით არის მოსული მართლმადიდებელი ქრისტიანობის მშვიდობასთან, და ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ისინი იმ ხარისხში, რომელიც მოქცეულ დონატისტელს უკვე აქვს. ცნობილია, რომ ძველადაც ასე ექცეოდნენ ამ მწვალებლობას. ამის მოწამეა აფრიკის თითქმის ყველა ეკლესია, სადაც აღმოცენდა ეს საცთური. ეს კეთდება არა იმისთვის, რომ ზღვის გაღმა მსგავს საქმეთა შესახებ ჩატარებულ კრების დადგენილება დაირღვეს, არამედ იმისთვის, რომ ეს დადგენილება იყოს მათთვის, ვისაც სურვილი ექნება, კათოლიკე ეკლესიას დაუბრუნდეს, და რომ არავითარი დაბრკოლება არ აღუდგეს წინ ასეთ გაერთიანებას. საჭიროა, მივისწრაფვოდეთ საზოგადო ერთობისაკენ იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, და ეს აშკარად სასარგებლოა ძმათა სულებისთვისაც. ნუ დააბრკოლებს მათ აგრეთვე ზღვის გაღმა შეკრებილი კრების დადგენილება, მიიღოს ისინი კათოლიკე ეკლესიამ იმ სასულიერო ხარისხით, რომელიც აქვთ, და ნუ შეუშლიან ხელს მათ ცხოვნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დონატისტელთა მიერ ხელდასხმული მოუბრუნდება კათოლიკე ეკლესიას, ზღვის გაღმა ჩატარებული კრებისამებრ ჩამოართმევენ იმ პატივს, რომელიც უკვე აქვთ, არამედ შეიწყნარონ ისინი თავიანთი პატივით, როგორც ეს საერთო თანხმობით დადგინდა19”.

ეკლესიის ისტორიის მანძილზე კიდევ მრავალი შემთხვევა იყო სქიზმაში ხელდასხმულების ან უშუალოდ სქიზმის მომწყობთა შეწყნარება და ეკლესიაში მათი აღდგენისა. ერთი ასეთი შემთხვევა გახლდათ აკაკიანელთა სქიზმა, რომელიც უკავშირდება კონსტანტინოპოლის პატრიარქ აკაკის (472-489). ის გახლდათ ქალკედონის კრების დოგმების მტკიცე დამცველი, სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში რომის ეპისკოპოსთან თანამშრომლობით, ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე ტახტიდან გადააყენეს და განკვეთეს. იმპერატორი ზენონის პერიოდში აკაკი აანალიზებდა, რომ აღმოსავლურ ეპარქიებში ერთობა შენარჩუნება მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის მეტად მნიშვნელოვანი იყო და ალექსანდრიელი პეტრე ტახტზე დააბრუნა. 484 წელს კი რომის პაპმა აკაკი ეკლესიიდან განკვეთა, მონოფიზიტთა მხარდაჭერის ბრალდებით. აქედან იწყება აკაკიანელთა სქიზმა20. 519 წელს კი სქიზმა შეჩერებულ იქნა იმპერატორ იუსტინე პირველის მიერ და ყველა განკვეთილი ეპისკოპოსი და მათ მიერ ხელდასხმულნი ეკლესიაში მიიღეს21.

ეკლესია საუკუნეების მანძილზე უწევდა რთულ პერიოდში ცხოვრება და დიდი პრობლემების მოგვარება, ყველაფერი ეს კი მიმართული იყო განბნეული ცხვრების შეკრებისაკენ და სულიერი საზრდოს მიცემისაკენ. შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნებოდა ეკლესიის ბუნებაზე საუბრისას ხაზი გაგვესვა ეკლესიის კათოლიკეობაზე (საყოველთაოობაზე) და მისი კარები დაკეტილი ყოფილიყო განბნეული ცხვრებისათვის. ადამიანთა სულის საცხონებლად ხშირად ეკლესია იყენებდა საეკლესიო იკონომიას, რათა მის წიაღში მიეღო განდგომილები და მათთვის პატიება მიენიჭებინა. წმინდა კანონებიც სწორედ პასტორალურ და მზრუნველურ ხასიათს ატარებენ, ისინი არ წარმოადგენენ რაიმე სახის დამსჯელობით მეთოდს, არამედ სასწავლოს. დღედღეისობით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ გამოიწვია საზოგადოებაში დიდი დაპირისპირება, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს ბრალს სდებდნენ წმინდა კანონების და საეკლესიო ტრადიციის დარღვევაში, რადგან განდგომილი უკრაინელი ეპისკოპოსები ეკლესიის წიაღში მიიღო. მოსკოვის ეკლესიის თანახმად თვით მსოფლიო საპატრიარქო გახდა სქიზმატი, მაგრამ ისმის კითხვა: ამდენი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც წმინდა კათოლიკე ეკლესია მის წიაღში იღებდა განდგომილებს, ან ერეტიკოსებს, ეკლესია ხდებოდა მათი ნაწილი, თუ ისინი ხდებოდნენ ეკლესიის ნაწილი? ასევე, როდესაც მოსკოვის მიტროპოლია გამოეყო დედა ეკლესიას 22 და თითქმის ასწლიან სქიზმაში ცხოვრობდა, ხოლო 1589 წელს მათი ეკლესიის წიაღში მიღებით, მსოფლიო საპატრიარქო გახდა სქიზმის მონაწილე, თუ მოსკოვის ეკლესია შეუერთდა კანონიკურ წყაროს? როდესაც რუსეთის ეკლესიამ 2008 წელს ამერიკაში არსებული სქიზმა შეიერთა, მოსკოვი გახდა სქიზმის მონაწილე თუ რუსი სქიზმატები გახდნენ კანონიკური ეკლესიის მონაწილენი? ამ ყველაფერს კი მიზნად ჰქონდა ადამიანთა სულის ცხონება, შესაბამისად ეკლესია იყენებს საეკლესიო იკონომიას.


______________________________


1 როგორც ცნობილია, უკრაინაში ავტოკეფალური მოძრაობა ჯერ კიდევ რუსეთის 1917 წლის რევოლუციის დროს იწყება, როდესაც უკრაინამ მცირე ხნით პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს მოძრაობა კი უფრო მეტად გაძლიერდა 1991 წლის 24 აგვისტოდან, როდესაც უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ამავე წელს უკრაინაში არსებული რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიამ ეპისკოპოსთა კრება მოიწვია და მოსკოვს ავტოკეფალიის (საეკლესიო დამოუკიდებლობა) თხოვნით მიმართა. ამის გამო რუსეთის პატრიარქმა კრების მომწვევი, კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი ტახტიდან გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. საეკლესიო ისტორიის თანახმად კიევის სამიტროპოლიტო კანონიკურად მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ეპარქია მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო ოკუპაციის მსხვერპლი გახდა, ამას ასევე პოლიტიკური ოკუპაციაც უწყობდა ხელს, ხოლო სანამ პოლიტიკურად ვერ მოახერხა უკრაინამ განთავისუფლება, საეკლესიო ავტოკეფალიაც მხოლოდ ოცნებად რჩებოდა უკრაინელი ერის გონებაში. ფილარეტი კიევის მიტროპოლიტობიდან გადაყენების შემდეგ, შეუერთდა უკრაინაში უკვე არსებულ არაღიარებულ ეკლესიას, სადაც 1995 წელს პატრიარქად იქნა არჩეული. ამის შემდეგ მან მოახდინა ეკლესიის აღორძინება და განმტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიას არცერთი ადგილობრივი ეკლესია არ ცნობდა, დაუღლელად იბრძოდა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ პერიოდში მოხდა მრავალი ეპისკოპოსის ხელდასხმა.

2 ერეტიკოსი ავტომატურად სქიზმატიც, ანუ განდგომილიც შეიძლება იყოს, მაგრამ სქიზმატი ყველა შემთხვევაში არ არის ერეტიკოსი, ანუ მწვალებელი.


3 ამ შემთხვევაში საუბარი არ არის დოგმატური საკითხების შეცვლაზე, არამედ უშუალოდ რელიგიის შეცვლაზე, მაგალითად ქრისტიანი გახდეს მუსულმანი, ინდუისტი, თუ სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარი, მაგრამ ტერმინი “განშორება” ასევე შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირი საკუთარ თავს ათეისტად, ან აგნოსტიკოსად მიიჩნევს - Παπαγεωργίου Κ., Εκκλησιαστικό Δίκαιο - Θεωρία και Νομολογία, Εκ.Μπαρμπουνάκη, Θεσσαλονίκη 2013, გვ. 538.


4 Μπούμης Π., Κανονικόν Δίκαιον, Εκ. Γρηγόρη, Αθήνα, გვ. 243 - 244.

5 Παπαγεωργίου Κ., Εκκλησιαστικό Δίκαιο - Θεωρία και Νομολογία, Εκ. Μπαρμπουνάκη, Θεσσαλονίκη 2013, გვ. 539. იხ. კონსტანტინოპოლის წმინდა კრების (861) მე-13-ე, მე-14-ე და მე-15-ე კანონები.


6 საეკლესიო სასჯელები გახლავთ: 1) შეჩვენება: ამას გააჩნია ორგვარი სახეობა, მცირე და დიდი. პირველი ეს გახლავთ წმინდა ზიარების მიღების დროებითი აკრძალვა, ხოლო მეორე ასევე წმინდა ზიარების მიღების უვადო აკრძალვა; 2) განკვეთა: სასულიერო პირისათვის მსახურების აკრძალვა, განკვეთის შემდეგ კი მის მიერ აღსრულებული საიდუმლოებები (ევქარისტია, ნათლობა და ა.შ) კანონიკური ეკლესიისთვის წარმოადგენს უმადლოს. 3) განყენება: სასულიერო პირზე მსახურების დროებითი შეჩერება. 4) სამღვდლო უპირატესობის დაკარგვა: მღვდლის ჩამოქვეითება არქიმანდრიტის ან იღუმენის ხარისხიდან მისივე ხარისხში. 5) კათედრიდან გადაყენება, 6) სამონაზვნო ხარისხიდან განკვეთა და სხვ. - Παπαγεωργίου Κ., Εκκλησιαστικό Δίκαιο - Θεωρία και Νομολογία, Εκ. Μπαρμπουνάκη, Θεσσαλονίκη 2013, გვ. 542 - 548.

7 ამ შემთხვევაში ეკლესიას შეუძლია სასჯელის დასადებად გამოიყენოს კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი კანონები: მე-13-ე, მე-14-ე და მე-15-ე.


8 იხ. ორიგინალი ტექსტი: “σχίσματα δέ, τοὺς δι᾿ αἰτίας τινὰς ἐκκλησιαστικὰς καὶ ζητήματα ἰάσιμα πρὸς ἀλλήλους διενεχθέντας, παρασυναγωγὰς δέ, τὰς συνάξεις τὰς παρὰ τῶν ἀνυποτάκτων πρεσβυτέρων ἢ ἐπισκόπων καὶ παρὰ τῶν ἀπαιδεύτων λαῶν γινομένας. Οἷον, εἴ τις ἐν πταίσματι ἐξετασθείς ἐπεσχέθη τῆς λειτουργίας καὶ μὴ ὑπέκυψε τοῖς κανόσιν, ἀλλ᾿ ἑαυτῷ ἐξεδίκησε τὴν προεδρίαν καὶ τὴν λειτουργίαν καὶ συναπῆλθον τούτῳ τινές, καταλιπόντες τὴν καθολικὴν ἐκκλησίαν, παρασυναγωγὴ τὸ τοιοῦτον· σχίσμα δέ, τὸ περὶ τῆς μετανοίας διαφόρως ἔχειν πρὸς τοὺς ἀπὸ τῆς Ἐκκλησίας· αἱρέσεις δέ, οἷον ἡ τῶν Μανιχαίων καὶ Οὐიαλεντίνων καὶ Μαρκιωνιστῶν καὶ αὐτῶν τούτων τῶν Πεπουζηνῶν, εὐθὺς γὰρ περὶ τῆς αὐτῆς τῆς εἰς Θεὸν πίστεως ἐστιν ἡ διαφορά”. წმინდა ბასილი დიდის კანონები 691 წელს ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ იქნა დამოწმებული და ეკლესიის კანონთა კრებულში შევიდა (იხ. ამავე კრების მეორე კანონი).

9 დაწვრილებით იხილეთ: Χρήστου Π., Εκκλησιαστική Γραμματολογία Α’, Εκ. Κυρομάνος, Θεσσαλονίκη 2005, გვ. 103 - 106.


10 Φειδάς Β., Εκκλησιαστική Ιστορία Α’, Αθήνα, გვ. 294 - 296.


11 ლაფსები იყვნენ ქრისტიანები, რომელებმაც ქრისტიანთა დევნის დროს, შიშის ან კიდევ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, წერილობით, ან საქმით უარყვეს ქრისტე და შეუერთდნენ კერპთაყვანისმცემლებს.


12 ნოვატიანე გახლდათ პირველი რომაელი თეოლოგი, რომელმაც ლათინურ ენაზე დაწერა წიგნი წმინდა სამების შესახებ “De Trinitate”, სადაც დომინირებს წმ. თეოფილე ანტიოქიელის, წმ. ირინეოსის, წმ. იპოლიტეს და ტერტულიანეს სწავლებები.

13 Φειδάς Β., Εκκλησιαστική Ιστορία Α’, Αθήνα, გვ. 296 - 298.

14 იგივე, გვ. 302 - 303.


15 იგივე, გვ. 305.

16 Φειδάς Β., Το Κολλουθιανόν Σχίσμα και αι Αρχαί του Αρειανισμού, Αθήνα 1973, გვ. 84.


17 იგივე, გვ. 86.

18 Φειδάς Β., Εκκλησιαστική Ιστορία Α’, Αθήνα, გვ. 306 - 309.

19 ასევე იხილეთ კართაგენის კრების შემდეგი კანონები, რომლებიც უშუალოდ განხეთქილებაში მყოფი დონატისტების მიღების შესახებ არის საუბარი: 69, 91, 92, 93, 94, 99,

117, 119.



21 Βασιλείου, Αρχιεπισκόπου Αγχιάλου, (νυν δε Σμύρνης), Πραγματεία περί του κύρους της Χειροτονίας υπό καθηρημένου και Σχισματικού χειροτονηθέντων, Σμύρνη 1887, გვ. 15- 18.

22 რა თქმა უნდა, ამ დროს მოსკოვის მიტროპოლია გახლდათ ერთი ჩვეულებრივი ეპარქია მსოფლიო საპატრიარქოსი, ხოლო ფერერა-ფლორენციის კრების დროს მიტროპოლიტი ისიდორე ტახტიდან სახელმწიფომ გადააყენა და არაკანონიერად არჩეულ იქნა იონა. მიზეზად კი დაასახელეს უნიაში მონაწილეობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და სრულიად სცდება ისტორიულ ფაქტებს. ამ ყველაფრის გარდა, წმინდა კანონები უშუალოდ უსვამენ ხაზს იმას, რომ სინოდალური განჩინების გარეშე არცერთმა სასულიერო პირმა შეწყვიტოს მისი ეპისკოპოსის მოხსენიება, თუნდაც ის ერესს ქადაგებდესო, შესაბამისად კანონიკური სამართლის მიხედვით მოსკოვის მსოფლიო საყდრიდან გამოყოფა პირდაპირ სქიზმას ნიშნავს. იხ. კონსტანტინოპოლის ორგზის წმინდა და დიდი კრების მე-13-ე, მე-14-ე, მე-15-ე კანონები.


გამოყენებული ლიტერატურა


- Βασιλείου, Αρχιεπισκόπου Αγχιάλου, (νυν δε Σμύρνης), Πραγματεία περί του κύρους της Χειροτονίας υπό καθηρημένου και Σχισματικού χειροτονηθέντων, Σμύρνη 1887.

- Μπούμης Π., Κανονικόν Δίκαιον, Εκ. Γρηγόρη, Αθήνα.

- Παπαγεωργίου Κ., Εκκλησιαστικό Δίκαιο - Θεωρία και Νομολογία, Εκ.Μπαρμπουνάκη, Θεσσαλονίκη 2013.

- Φειδάς Β., Εκκλησιαστική Ιστορία Α’, Αθήνα.

- Φειδάς Β., Το Κολλουθιανόν Σχίσμα και αι Αρχαί του Αρειανισμού, Αθήνα 1973.

- Χρήστου Π., Εκκλησιαστική Γραμματολογία Α’, Εκ. Κυρομάνος, Θεσσαλονίκη 2005.

ინტერნეტ მასალა:

Comments


bottom of page