top of page
Post: Blog2_Post

ძმური შეხვედრა ამანში და ეკლესიის წმინდა ტრადიცია


 

ძმური შეხვედრა ამანში და ეკლესიის წმინდა ტრადიცია


ავტორი: ათონის მთის პანტოკრატორის მონასტრის წევრი, მღვდელმონაზონი ნიკიტა


წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში მოსულნი ვისმენთ მის ულამაზეს ტროპრებს, მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ამ დროს გონებრივად საუკუნეების უკან დავბრუნდეთ და ვნახოთ, რომ რაც მაშინ იგალობებოდა, ზუსტად ის იგალობება ახლაც, იგივე ტიპიკონით და იგივე საეკლესიო წყობით. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციას ცოცხლად ვგრძნობთ. ათონის მთა წარმოადგენს ტრადიციის მფარველსა და დამცველს, რომელიც საუკუნეების მანძილზე უცვლელად იცავს და ინახავს. მონაზონთა თაობები გადასცემდნენ და დღემდე გადასცემენ ათონურ სულს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით არის გაჟღენთილი. ამის გამო

უმნიშვნელოვანესია და საჭიროა ტრადიციის მორწმუნენი დავრჩეთ. როგორც მამები ამბობენ: “ეკლესიის ორი ფრთა, რითიც დაფრინავს, არის წმინდა წერილი და წმინდა ტრადიცია”.

ამანის (იორდანიის) შეხვედრის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტრადიციაში გვაქვს ერთი ჭრილობა. ამ "ძმური სინაქსის" ორგანიზატორების ფიქრები უკვე ცხადია. მიზანი იყო (და არის) მართლმადიდებელ ეკლესიაში დააქვეითონ მსოფლიო პატრიარქის როლი, რის მიხედვითაც მას არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა საკითხების დარეგულირების, ავტოკეფალიის გადაცემის უფლება, აპელაციის მიღების უფლება სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან და ა.შ. დარჩეს მხოლოდ პატივის პრიმატი, ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე, რომლებიც ეკლესიამ მსოფლიო საეკლესიო კრებების მეშვეობით გადასცეს მსოფლიო საპატრიარქოს.

გვესმის მრავალი აზრი, რომელთაც არანაირი სახის კავშირი არ გააჩნიათ ეკლესიის ტრადიციასთან. ისიც კი, რომ “ამანში ყველა თანაბარნი იყო, მჯდომარენი მრგვალ მაგდასთან და მიიჩნიეს, რომ ასე უნდა ტარდებოდეს საერთომართლმადიდებლური სინაქსები, თვლიან, რომ ასე არის სწორი, თავის გარეშე, რადგან ქრისტე არის თავი”. არავის უარყვია, რომ ეკლესიის თავი ქრისტეა, მაგრამ ეს ყველაფერი მართლმადიდებლური ტრადიციისგან შორია, უცხოა და საშიში. ეკლესია არასდროს არ მოქმედებდა ასე. მუდამ არსებობდა ვიღაც, ვინც იქნებოდა პირველი ქრისტეს მსგავსად. მაგალითად, ვხედავთ საღმრთო ლიტურგიაზე ყოველთვის ერთია, ვინც მსახურებას მიუძღვება და აღასრულებს საიდუმლოებას. შესაძლოა ყველა ერთმანეთთან მიმართებაში ხარისხით თანაბარია, მაგრამ ვინმე აუცილებლად ქრისტეს მსგავსაც უნდა იყოს პირველი. პირველ სამოციქულო კრებაზეც იყო ერთი თავმჯდომარე - წმინდა იაკობ უფლის ძმა. მოციქულები თანაბარნი იყვნენ, მაგრამ ერთი იყო, რომელიც თავმჯდომარეობდა და კრების მსჯელობას მართავდა. შეუძლებელია კრება თავის გარეშე ჩატარდეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ვხედავთ თუ რა იყო სქიზმამდე რომის პაპის როლი. აქტიურად ერეოდა სხვა ადგილობრივ ეკლესიათა საკითხებში, მათ შორის კონსტანტინოპოლის ეკლესიის შიდა საეკლესიო საკითხებში. ერთი დამახასიათებელი მაგალითია წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებაც, როდესაც რომის პაპმა ინოკენდიოსმა იმპერატორს სასჯელი დაადო, მაგრამ ასევე ყველა ის მღვდელი, რომელიც მას აზიარებდა, ისიც დაისჯებოდა. ესე იგი, ეს შეეხებოდათ ძირითადად კონსტანტინოპოლის ეკლესიის სასულიერო პირებს, მაგრამ ასევე სხვა სხვა საპატრიარქოებსაც. ასევე მრავალი წმინდანის ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ რომის პაპი, რომელსაც გააჩნდა პატივის პრიმატი, ერეოდა სხვა ეკლესიების საკითხებში, როდესაც ამას მოითხივდნენ. მუდამ მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვანი განჩინებების მიღებაში და განსაზღვრავდა ეკლესიის სხვადასხვა საკითხებს, რადგან მას გააჩნდა პატივის პრიმატი. ეს არის მცირე მაგალითები ძველი ეკლესიიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუდამ არსებობდა ერთი უმაღლესი საწყისი. მუდამ ვიღაც ყველაზე ზემოთ იდგა და საეკლესიო საკითხებს არეგულირებდა, როგორც თანასწორთა შორის პირველი.

ცნობილია, რომ მსოფლიო პატრიარქის პატივის უპირატესობა დამტკიცებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. მეოთხე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებათა განჩინებების თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქს გადაეცა რომის პაპის თანაბარი უფლებები. ასე რომ, სქიზმის შემდეგ მხოლოდ ის დარჩა ამ უფლებებით. ისტორია და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები გვიჩვენებენ მსოფლიო საპატრიარქოს უპირატეს როლს, მაგრამ ასევე, თუ რა არის ამ როლის შინაარსი. მსოფლიო საყდრის ამ უპირატესობის პატივს არ აქვს მხოლოდ უბრალო მნიშვნელობა, არამედ გააჩნია კანონიკური უფლებები, რომელთა შორის არის ავტოკეფალიის გადაცემაც. ყველა ავტოკეფალიები და საპატრიარქო პატივები ადგილობრივ ეკლესიებზე სწორედ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ იქნა გადაცემული. და განჩინებებს მარტო არ იღებს მსოფლიო პატრიარქი, არამედ მასთან ერთად წმინდა სინოდიც, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სინოდურობა, არ არსებობს პაპის უცდომელობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სინოდური (სინოდის წევრი მღვდელმთავრები) დრო და დრო იცვლებიან, რაც მიუკერძოებლობასა და განჩინებათა სისწორეს უსვამს ხაზს.

ეკლესიის ტრადიცია და ისტორია მსოფლიო საპატრიარქოსთვის ადგენს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიიდან მიიღოს საჩივრები, აპელაციის გამოყენებით. ის სხვა ეკლესიების შიდა საეკლესიო საკითხებში არ ერევა, მაგრამ მას აქვს უფლება სხვადასხვა საკითხები განსაჯოს, როდესაც ამას ითხოვენ. ისე, როგორც უმაღლესი სასამართლო. ეს უფლება უძველესი დროიდან არსებობს, როდესაც ჯერ კიდევ რომის პაპი სხვა საპატრიარქოების საკითხებს განსჯიდა. ეს სისტემა იმდენად გამჯდარი იყო ეკლესიის სინდისში, რომ 1663 წელს, როდესაც რუსეთის სასულიერო დასმა სხვადასხვა პატრიარქებს მიმართეს კითხვით, ჰქონდა თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს უფლება სხვა ადგილობრივი ეკლესიების საკითხები განესაჯა, ყველა პატრიარქმა ერთსულოვნად განაცხადეს “დიახ” და ისიც, რომ ეს მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს უფლებაა. ეს ყველაფერი წარმოადგენს საკითხებს, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაშია დამკვიდრებული, რომელიც მრავალი საუკუნეების განმავლობაში მოდის. ჩვენ კი, ის რაც ეკლესიამ გადმოგვცა, მის დაცვას ვცდილობთ. ყველაფერი დანარჩენი მოდერნიზმი და ამის საწინააღმდეგო აზრები წარმოადგენენ დიდ საფრთხეს, რაც მიმართულია მსოფლიო პატრიარქის უფლებების წინააღმდეგ, რაც ეკლესიამ გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებები მან თვითონ არ გადასცა საკუთარ თავს, არამედ მსოფლიო კრებებმა მიანიჭეს. სამწუხაროდ ვიც ამას უარყოფს და ეჭვქვეშ აყენებს, ის უარყოფს მრავალ ღმერთშემლსილ მამებს, რომელთაც ეს ყველაფერი გადაწყვიტეს. ეს კი წარმოადგენს სულიწმინდის ნაყოფს, რომელიც წარმოადგენს სრულ და უნაკლო ღმერთს, ხოლო ის რაც უნაკლო ღმერთმა შექმნა არის უნაკლო და შესწორებას არ ექვემდებარება. შეუძლებელია უფრო უკეთესი გახდეს. თუ ამის შესწორებაში ჩავერევით, ამითი მხოლოდ გავაუარესებთ.

ცხადია, რომ ზოგიერთებს არ შეუძლიათ, ან არ სურთ ეკლესიის ისტორიისა და დამკვიდრებული ტრადიციის ჭეშმარიტ გზას გაუყვნენ და ცდილობენ იპოვონ ახალი “პლატფორმები”, რათა ჩაატარონ კრებები.

ამანის შეხვედრის მნიშვნელოვანი მხარე გახლავთ, რომ გამოჩნდა შეხვედრის რეალური მიზნები (მსოფლიო საპატრიარქოს როლის დაკნინება-დამხობა) პრობლემებზე საუბრით, რომლებიც მართლმადიდებლობას ტანჯავს. თუ მათ რეალურად გააჩნდათ პრობლემებზე მღელვარება, მაშინ ისინი აუცილებლად ისაუბრებდნენ ყატარის პრობლემატურ საკითხზე. უკვე ექვსი წელია ორ უძველეს საპატრიარქოს (ანტიოქიას და იერუსალიმს) ერთმანეთთან კავშირი აქვთ გაწყვეტილი. რაც არ უნდა ვქნათ, ეკლესიაში სქიზმა არსებობს. მსგავსი პრობლემა შექმნა ასევე რუსეთის ეკლესიამ, როდესაც ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოსთან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობის წევრი გახლდათ რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი კიევში ონუფრი, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ეკლესია არაფრით განსხვავდება ავტოკეფალური ეკლესიის სისტემისგან. კი მაგრამ, როგორ არის შესაძლებელი ამტკიცონ, ეს მაშინ, როცა მოსკოვის პატრიარქის დელეგაციის და რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრია?

უკრაინის საკითხი უკვე მეორე ფაზაშია. ამ შეხვედრაზე არაფერი კონკრეტული არ გადაუწყვეტიათ უკრაინის “პრობლემის” შესახებ. თვით ონუფრიმაც გამოხატა უკმაყოფილება. მას სურდა უფრო კონკრეტულ საკითხებზე ესაუბრათ და მიეღოთ გადაწყვეტილებები. გადაწყვიტეს გაიმართოს საერთომართლმადიდებლური დიალოგები ამ საკითხზე, რაც პირდაპირ მეტყველებს, რომ ამ სინაქსის მიზანი მსოფლიო საპატრიარქოს უპირატესი როლის დაქვეითება არის. კი მაგრამ, რომელი ავტოკეფალია იქნა გადაცემული საერთომართლმადიდებლური კრების მიერ? არცერთი, რადგან ეს გახლავთ მსოფლიო საპატრიარქოს უფლება.

ეკლესია მუდამ იდგა ასეთი სახის გამოწვევების წინაშე, რადგან იქ სადაც ადამიანები არიან, იქვე პრობლემებიცაა. მაგრამ ეკლესია ტრადიციაზე და ღმერთშემოსილ მამათა სწავლებებზე დაყრდნობილი მიიწევს წინ.


ბერძნულიდან თარგმნა ნიკოლოზ გურგენიძემ

bottom of page